თემურ ქეცბაიამ ლევან ყენია ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ეს, ფინეთთან და ბელარუსთან შესარჩევი მატჩებისთვის. გეხსომებათ, ყენია ქეცბაიაზე ნაწყენი გახლდათ, თუმცა ჟურნალისტებისთვის, ქომაგებისთვისაც და მთლიანად, ნაკრებისთვისაც კარგი იქნებოდა, რომ შერიგება მომხდარიყო.
ყენიამ “კარპატიში” ჯერ 3 მატჩი ჩაატარა და სამივე შეცვლაზე, კარგად ჩაერთო და ეს განსაკუთრებით კიევის “დინამოსთან” თამაშს ეთქმის.
მოკლედ, ლევანი ნაკრებში ბრუნდება და ეს სასიხარულო ამბავია. “მსოფლიო სპორტი” ყენიას ლვოვში დაუკავშირდა:
- დღეს ვნახე ინტერნეტის საშუალებით, რომ კვლავაც ნაკრებში ვარ. სასიხარულოა. რა თქმა უნდა, ჩამოვალ და ვეცდები, ნაკრებს დავეხმარო.
- იმედია, გაუგებრობა დასრულდა.
- იმედია. ალბათ, სატელეფონო საუბარიც გვექნება, სანამ ნაკრებს შევუერთდები.
- “კარპატის” ბოლო მატჩში (“არსენალთან” 1:1) რატომ არ ითამაშეთ?
- მანამდე სიცხე მქონდა, ხოლო “არსენალთან” თამაშის წინ, ვარჯიშზე ფეხის თითი დავიზიანე, ბუცს ვერ ვიცმევდი. დღეს დავიწყე ჩვეულებრივ ვარჯიში.
- სრული მატჩის ჩატარება შეგიძლიათ?
- ვატყობ, რომ შემიძლია. თუ ისეთი თამაში იქნება, სადაც ბურთი გვექნება და თამაში თამაშს დაემსგავსება, რატომაც არა.
- “კარპატის” სასტარტოში ჯერ არ გითამაშიათ.
- როგორც შევატყვე, “არსენალთან” სასტარტოში მოვიაზრებოდი, მაგრამ თითის ტრავმის გამო ვერ მოხერხდა. ვნახოთ, მწვრთნელი როგორ გადაწყვეტს.
- თუმცა, რაც ვნახეთ, “კარპატის” უჭირს ასეთი გახსნილი ფეხბურთის თამაში.
- უჭირს, მაგრამ ამის გამოსწორებაზე მიდის მუშაობა. გვყავს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელ ნიკოლაი კოსტოვს, სწორედ ის ფეხბურთი მოსწონს, როგორიც მე. გახსნილი, შემტევი. კოსტოვს სურს, რომ გუნდმა ასე ითამაშოს, მაგრამ ხშირად ვერ ხერხდება.
- კიევის “დინამოსთან” აქტიურად ითამაშეთ და გოლის გატანაც შეგეძლოთ.
- კარგი მომენტი მქონდა და უნდა გამეტანა, მაგრამ ფეხბურთია, რას იზამ, ხდება ასეთი. მეკარემ ამიღო. ისე კი, კიეველებთან თამაშით უკმაყოფილო არ ვარ.
- ტრავმის შიშზე და მორიდებაზე აღარ გეკითხებით. ალბათ, გადალახეთ.
- დიახ, ამაზე აღარაა საუბარი.
- ლვოვი რამდენად მოგწონთ და საერთოდ, კმაყოფილი ხართ ახალი გუნდით?
- პატარა, კოხტა ქალაქია. ყველაფერი კარგადაა. ოჯახიც აქ მყავს და კმაყოფილი ვარ. ყველაფერია საიმისოდ, რათა თამაშს მოვუმატო. მოკლედ, ჩემზეა დამოკიდებული. ბუბა დაუშვილიც დამეხმარა. კარგია, რომ ბუბა აქაა.
ილია ნანობაშვილი