უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში ლვოვის “კარპატიმ” საკუთარ მოედანზე კრივოის როგის “კრივბასის” რბევა ლევან ყენიას გოლით დაიწყო. ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა და ლვოველთა მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა ორამდე გაზარდა. თუმცა, ყენიამ “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სასურველ კონდიციამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია.
- წინა საუბარში ისურვე, რომ “კარპატის” ისეთივე სტილში ეთამაშა, როგორც “ბარსელონას”...
- დიახ, მახსოვს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამისკენ მივისწრაფვით და სწრაფი გადაცემებით ვთამაშობთ. რაც მთავარია, ასეთ თამაშს შედეგი მოაქვს. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, ვიდრე ამხელა ანგარიშით გამარჯვება?
- არ მოგეჩვენა, რომ შენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ, კრივოი როგის “კრივბასი” “ჩაიძირა”?
- მართლაც, ასეთი შთაბეჭდილება მეც შემექმნა. რატომ მოქმედებდა მეტოქე ასე მოდუნებული? ამის მიზეზი არ ვიცი. მსგავსი რამ ხდებოდა შესვენების შემდეგაც. ჩემი მხრიდან “კრივბასზე” საუბარი არაკორექტულია. ამ გუნდს პატივს ვცემ და მის საქმეში ვერ ჩავრევი.
- ალბათ, შენს თანამემამულე უჩა ლობჟანიძეს ესაუბრე, რომელიც კრივოი როგში თამაშობს?
- რა თქმა უნდა. თუმცა, თამაშზე არ გვისაუბრია. მისი ჯანმრთელობით დავინტერესდი და ვკითხე, თავს როგორ გრძნობდა.
- პირველ ტაიმში 4 გოლის გატანა ძალიან ბევრია. თუმცა, გუნდს კიდევ გატანა სურდა. 4 ბურთი არ გეყოთ?
- ეს მენტალიტეტია ასეთი და ვფიქრობ, ასეც უნდა ხდებოდეს. ძალიან კარგია, რომ გატანილი გოლები გვეცოტავებოდა.
- იცი, რომ უკრაინის ჩემპიონატების ისტორიაში “კარპატის” აქამდე მსგავსი ანგარიშით არასოდეს მოუგია?
- არ ვიცოდი. ძალიან კარგი.
- თავს სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ გრძნობ?
- ფორმაში შევდივარ და ვგრძნობ, რომ ფიზიკურად უფრო მეტი შემიძლია. თუმცა, ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული. როდესაც ის იგებს, თამაში მეც უფრო მიადვილდება.
- შენი ნაცნობების აზრით, საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 30 პროცენტს აჩვენებ...
- შემიძლია ვთქვა, რომ იმ სათამაშო ფორმამდე, როგორშიც გერმანიაში ვიყავი, კიდევ ბევრი მიკლია. თუმცა, ვცდილობ. ვგრძნობ, რომ უკეთესად თამაში შემიძლია.
- ადრე მოედნის ცენტრში თამაშობდი, ხოლო ახლა შეტევის ფლანგზე მოქმედებდი...
- გასაკვირი არაფერია. “შალკეშიც” და საქართველოს ნაკრებშიც ფლანგზე მითამაშია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელზე. ჩემთვის სულერთია, სად ვითამაშებ.
ლაშა თაბაგარი