ლევან ყენია თურქეთის შეკრებიდან ალბანეთში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ნაკრებს 6 თებერვლის ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებლად შეუერთდება. "კარპატის" ქართველმა ლიდერმა ბულგარულ "ლიტექსთან" ამხანაგურ მატჩში (1:1) მეორე ტაიმი გაატარა მინდორზე.
ყენია ლვოვური კლუბის საიტს ესაუბრა:
- კარგი განწყობა გვაქვს, თუმცა "ლიტექსთან" თამაშამდე უკეთესი გვქონდა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს მაინც გავუშვით გოლი. უნდა მოგვეგო და ფრეს დავჯერდით.
- ბოლოს მოეშვით?
- რთული სათქმელია, მიზეზი არ ვიცი. ჩვენ ახლა ვიწყებთ თამაშს, 100 პროცენტით მომზადებულნი არ ვართ.
- "ლიტექსტთან" მატჩი თქვენთვის პირველი იყო წლეულს. როგორ გრძნობდით თავს?
- ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს სამუშაო.
- "ლიტექსის" მწვრთნელი თქვენთვის ცნობილია?
- ოო, ხრისტო სტოიჩკოვი დიდი ფეხბურთელი იყო, "ბარსელონაში" ბრწყინვალედ თამაშობდა. აი, როგორც მწვვრთნელზე, მის შესახებ არაფერი ვიცი.
- ნაკრებში როგორი განწყობით მიდიხართ?
- ნაკრებში ყოველთვის ამაღლებული განწყობით მივდივარ. ვეცდებით, ალბანეთს მისსავე მოედანზე მოვუგოთ. მუნდიალზე ჩვენი გასვლის შანსებზე ვერაფერს ვიტყვი. მომავალ თვეში საფრანგეთთან გვაქვს გასვლითი მატჩი და იქ ვნახავთ.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა