საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ, რომელიც ლვოვის “კარპატისთან” ერთად სეზონის განახლებისთვის ემზადება, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუს მისცა.
- ბოლოს შეკრებაზე როდის იყავი?
- სამი წლის წინ, როდესაც “შალკეში” ვთამაშობდი. სხვათა შორის, მაშინ შეკრება ასევე თურქეთში იყო. თუმცა, ის ჩემთვის უიღბლო აღმოჩნდა, რადგან ტრავმა მივიღე და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი.
- ტრავმებზე საუბარი არ გიყვარს, ამიტომ უკეთესია, გვითხრა, რით განსხვავდება ერთმანეთისგან უკრაინული და გერმანული გუნდების შეკრებები?
- აქ ყველაფერი დამოკიდებულია არა ქვეყანაზე, რომელსაც კლუბი წარმოადგენს, არამედ, მწვრთნელზე. როცა “შალკეში” ვთამაშობდი, მწვრთნელი ფელიქს მაგათი იყო. ის ძალიან “მძიმე” მწვრთნელია და თავისი მანერით ნიკოლაი კოსტოვისგან განსხვავდება.
- დატვირთვებზე, რომელსაც მაგათი ფეხბურთელებს აძლევს, ლეგენდები დადის. თუმცა, ნიკოლაი კოსტოვიც გვარიანად გარბენინებდათ პირველ შეკრებაზე...
- ფიზიკური მომზადების გარეშე რა უნდა ქნა? არავინ ამბობს, რომ ფიზიკური დატვირთვები საჭირო არაა. უბრალოდ, მაგათს მომზადების სხვა სისტემა ჰქონდა.
- შეგიძლია მაგალითი მოიყვანო?
- შემიძლია. მაგათი დღეში სამჯერ გვავარჯიშებდა.
- რატომ აკეთებდა ასეთ აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე?
- მას ასეთი სტარტეგია ჰქონდა. ნებისმიერ გუნდს, სადაც კი მუშაობდა, ამ სისტემით ავარჯიშებდა.
- ამ სტარტეგიას შედეგი მოჰქონდა?
- სეზონის საწყის სამ თვეში. შემდეგ ფეხბურთელებს დაღლილობა და ტრავმები ეწყებოდათ.
- ღელავდი, “კარპატისთან” ერთად შეკრებაზე რომ მიემგზავრებოდი?
- რა თქმა უნდა, ცოტა ვღელავდი, მაგრამ სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ თავს კარგად ვგრძნობ და შესაბამისად, ვარჯიში მსურდა. სინამდვილეში, ეს სასიამოვნო პროცესია.
- გასული წლის მიწურული შენთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. საუცხოო საგოლე გადაცემებს აკეთებდი და გოლები გაგქონდა. დიდ ფეხბურთში შენი დაბრუნება საქართველოში სათანადოდ შეაფასეს?
- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. სათამაშო ფორმაში შევედი, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობას ვგრძნობდი. მამხნევებდნენ, ჩემი წარმატება უხაროდათ, მირეკავდნენ. არაერთი ინტერვიუ მივეცი, რომლებშიც გულწრფელად ვყვებოდი, თუ როგორ კარგად ვგრძნობდი თავს “კარპატიში”. მთავარია, რომ ფეხბურთს ვთამაშობდი. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებში დავბრუნდი. მიწვევა ახლაც მივიღე და დაუშვილთან ერთად ეროვნული გუნდის შეკრებაზე გავფრინდები.
- არა მხოლოდ მასთან ერთად...
- მართლაც, უკრაინის ჩემპიონატში ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ. ამჟამად, სასტუმროში “ილიჩივეცთან” ერთად ვცხოვრობთ, სადაც ოქრიაშვილი და თარგამაძე თამაშობენ. ვფიქრობ, ყველა ერთად გავფრინდებით.
- დილის ვარჯიშზე, კარგი ამინდის წყალობით, შეგეძლო მთებით დამტკბარიყავი. კავკასია არ გაგახსენდა?
- საქართველოში ბევრი მთაა. თითქოს თურქულებს გვანან, მაგრამ მაინც განსხვავებულები არიან. ჩემთვის მშობლიური მთები უკეთესია. ისინი ყოველთვის მენატრება.
- როგორ გაატარე შვებულება?
- სხვადასხვა ქვეყნებში ვიყავი. ცოტა ხანი ზღვაზე დავისვენე, ცოტა – გერმანიაში, ცოტა – საქართველოში. ჯამში, საუცხოო დრო გავატარე.
- გერმანიასთან რა გაკავშირებს?
- ცოლი მყავს გერმანიიდან. ის სერბია, მაგრამ გერმანიაშია დაბადებული. გარდა ამისა, ჩემი ქალიშვილიც გერმანიის მოქალაქეა. როდესაც დრო მაქვს, იქ ხშირად ჩავდივარ. თუმცა, როდესაც ლვოვში ვარ, ისინი ჩემს გვერდით იმყოფებიან. როდესაც შეკრებაზე მივდივარ, მეუღლე ბავშვთან ერთად გერმანიაში მიფრინავს.
- საინტერესოა - თურქეთში ლვოვიდან ჩაფრინდი, ხოლო დაუშვილი - საქართველოდან...
- ლვოვში ჩემი მშობლები და მეუღლე იმყოფებოდნენ. ამიტომ, სამი დღე უკრაინაში ერთად გავატარეთ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა