ლევან ყენია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა ქართულ ფეხბურთში. თემურ ქეცბაიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, ჩვენთვის მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო - როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მთელი შესარჩევის განმავლობაში აკლდება ასეთი ფეხბურთელი, დიდი დარტყმააო.
2009 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია ყენიას. მალე უკვე ორი წელი გახდება! იყო ვარაუდი, რომ 20 წლის ნახევარმცველი ოქტომბერში დაიწყებდა გუნდთან ერთად ვარჯიშს, ხოლო ნოემბერში თამაშს შეძლებდა, თუმცა ეს ვერ ხერხდება.
“გაწერილი გეგმით, დაახლოებით ორ-სამ თვეში დავიწყებ გუნდთან ერთად სრულ დატვირთვებს. მთავარია, ტკივილს აღარ ვგრძნობ. მაქსიმუმ იანვრიდან უკვე დანამდვილებით დავბრუნდები”, – თქვა ყენიამ “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში.
საინტერესოა, რომ ლევანთან ინტერვიუ “შალკეს” ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, უშუალოდ გავსაუბრებოდით ფეხბურთელს:
- ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა კურსს გადიხართ?
- რეაბილიტაციას გავდივარ, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. კერძოდ, ყოველდღე დავდივარ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც გელზენკირხენთან ახლოს, დიუსელდორფშია.
- ბურთით ვარჯიშები გაქვთ?
- ნელ-ნელა ბურთითაც დავიწყე. მაგალითად, გასულ კვირაში ასე იყო. არც ძალიან დიდი დატვირთვები მაქვს და არც ძალიან ცოტა. დაახლოებით კურსის შუა პერიოდში ვარ. დატვირთვები თანდათან გაიზრდება.
- იმედია, ამჯერად არავინ გაჩქარებთ – როგორც ადრე, ფელიქს მაგათის მწვრთნელობის დროს...
- არა, ვერც ვერავინ დამაჩქარებს. ჩემს ფიზიოთერაპევტსა და მწვრთნელს გაწერილი გეგმა აქვთ. იცით, რა არის მთავარი? ახლა რა კურსსაც გავდივარ, ეს პირველი ოპერაციის შემდეგ უნდა გამევლო, მაგრამ ასე არ მოხდა და დიდი დრო გამიცდა. ასეთი კურსი ჩემთვის სიახლეა.
- და რას გეუბნებიან, როდის შეგეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში?
- დაახლოებით ორ-სამ თვეში. მაქსიმუმ, იანვრიდან დავუბრუნდები დიდ ფეხბურთს.
- ბოლო, მესამე ოპერაცია 2 მარტს გაიკეთეთ და მაშინ ითქვა, ყენია 6 თვეში შეძლებს სრული დატვირთვების მიღებასო. რატომ გაიწელა დრო?
- საერთოდ, ასე ითქმება, მაგრამ როდესაც ამდენი ხანი არ გითამაშია, ძნელია, ზუსტად განსაზღვრო. მთავარია, ახლა ტკივილს აღარ ვგრძნობ და არც ვჩქარობ დაწყებას. ყველაფერი ნორმალურად იქნება.
- ამდენი ხნის უთამაშებლობის გამო, ყენიას ვარჯიშის დაწყების შიში აქვსო – ასეთი ხმები გავრცელდა და რას გვეტყვით?
- ვიცი, მეც წავიკითხე და ტყუილია. ისიც თქვეს, ფეხბურთის თამაში აღარ უნდაო. არავითარი შიში და სამუდამო ტრავმა. არც მონდომება დამიკარგავს. პირიქით, ახლა რომ მოტივაცია მაქვს... უბრალოდ, არ ვჩქარობ. ორი წელი უთამაშებლობა ხუმრობა ხომ არაა, ყველანაირად მწყობრში თუ არ ჩავდექი, რა აზრი აქვს დაწყებას?
- თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “შალკეს” ბერძენ ფეხბურთელ პაპადოპულოსს უთქვამს თქვენზე, არ მინახავსო.
- გუნდთან ერთად არ ვვარჯიშობ და... ისე კი, კლუბში მივდივარ და ბიჭებს ვენახვები. ხშირად არა, მაგრამ მაინც. მე ცალკე გავდივარ რეაბილიტაციის კურსს და რა თქმა უნდა, პაპადოპულოსი “შალკეს” ვარჯიშებზე ვერ მნახავდა.
- მშობლები თქვენთან ერთად არიან გელზენკირხენში?
- ამჟამად დედაა აქ. დედა და შეყვარებული.
- “შალკეს” ვერაფერში ეხმარებით. გასაგებია, რომ კონტრაქტი გაკავშირებთ, მაგრამ მაინც ხომ არ გაქვთ პრობლემები კლუბის ხელმძღვანელობასთან?
- არა, ამ მხრივ - არანაირად. ისე, გაისად ზაფხულში მიმთავრდება კონტრაქტი.
- ხომ არაა მოსალოდნელი, რომ ზამთარში “შალკედან” წასვლა მოგიწიოთ? მით უმეტეს, უკვე ჯანმრთელად იქნებით...
- ამაზე არ ვფიქრობ. მთავარია, ჯერ ფეხბურთის თამაში დავიწყო.
- კი, მაგრამ ზამთარში “შალკესაც” ენდომება თქვენი გაყიდვა და რაღაც თანხის აღება, ვიდრე ის, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაგიშვათ და ვერაფერი მიიღოს...
- მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, რა თანხა უნდა აიღოს “შალკემ” ორი წლის უთამაშებელ ფეხბურთელში? ვინ გადაუხდის? თანაც, კონკრეტული შემოთავაზებები არ მაქვს.
- გასაგებია. საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს, ალბათ, არ აცდენთ...
- რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად ნაკრებში თამაში მომენატრა...
- გისურვებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.
- გმადლობთ. ბოლოს კიდევ ვიტყვი, რომ რეაბილიტაციის კურსი კარგად მიდის, არც შიში მაქვს და არც მონდომება მაკლია. მალე დავბრუნდები.
ილია ნანობაშვილი