ჭიდაობა

17:31 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან თედიაშვილის იუბილე სეოკ-ში

ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს, ლევან თედიაშვილს 65 წელი შეუსრულდა. ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ბოლო წლებში ქართულ სპორტს გარიდებული იყო და არც ქართული სპორტის ზემდგომებს შეუწუხებიათ დიდად თავი მისი გულის მოსაგებად. დღეს კი თედიაშვილს იუბილის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უმასპინძლა. იუბილის აღსანიშნავად საგანგებო ჯილდო გადასცა და ღონისძიების ოფიციალური მხარის დასრულების შემდეგ იქვე, ოლიმპიური კომიტეტის დარბაზში მისცა დამსწრეთ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავის დალოცვის საშუალება.

ლევან თედიაშვილის დასაფასებლას სეოკ-ის ოფისში ვეტერანი სპორტსმენები, ქართული სპორტის ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და ლეგენდარული მოჭიდავის უახლოესი ადამიანები შეიკრიბნენ. ოფიციალური პროგრამა ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმში, თედიაშვილზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით გაიხსნა. ცნობისთვის, ეს ფილმი ჟურნალისტ თამარ ბალავაძის სატელევიზიო-საგანმანათლებო პროექტ "ერთი ჩემპიონის ისტორია"-შიშემავალი 33 დამოუკიდებელი ფილმიდან ერთ-ერთია.

ოლიმპიური მუზეუმიდან სტუმარ-მასპინძლებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ლევან თედიაშვილს ქართული სპორტის ისტორიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, ჟურნალისტებმა გია გორგოძემ და პაატა ნაცვლიშვილმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა, რობერტ შავლაყაძემ, მზია ჯუღელმა და ნინო სალუქვაძემ გადაუხადეს.

“ლევან თედიაშვილის დიდებული ეპოქის დასრულების შემდეგ ქართულ თავისუფალ ჭიდაობაში რამდენიმეწლიანი უშედეგო პერიოდი დადგა, ვიდრე წარმატებას დავით გობეჯიშვილმა და მე არ მივაღწიეთ. არასოდეს დამავიწყდება დაახლოებით ერთწლიანი დროის მონაკვეთი, როდესაც ჯერ კიდევ პატარა სპორტსმენს ბუმბერაზი ლევან თედიაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში, დილის 7 საათზე მავარჯიშებდა. ეს ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო და რაც მთავარია, წარმოუდგენელი სტიმული. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმეწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ეს დიდი ადამიანი სპორტისკენ ისევ შემობრუნდა. თედიაშვილი ქართული ჭიდაობის ლეგენდაა და მის მაგალითზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა და იუბილარს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი და ფულადი ჯილდო გადასცა. მისივე სიტყვებით, ტიტულოვანი ქართველი ოლიმპიელების ამ სახით დაფასების ტრადიცია 1 აპრილს, რობერტ შავლაყაძის დაბადების დღით და დაჯილდოვებით გაგრძელდება.

თამაზ თევზაძემ ტიტულოვან მოჭიდავეს ბრწყინვალე კარიერისთვის მადლობა გადაუხადა და იქვე დასძინა, რომ სპორტის სამინისტრო მის სათანადოდ დაჯილდოვებას თბილისური ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე გეგმავს.

ლუკა კურტანიძემ გაამხილა, რომ ჭიდაობის ფედერაცია თედიაშვილის იუბილის საკადრისად აღნიშვნას ევროპირველობის ჩამთავრების შემდეგ აპირებს.

“ბედნიერი ვარ, რომ თედიაშვილის გაკვალულ გზაზე გავიარე და ამ ბრწყინვალე სპორტსმენთან ახლოს დგომის საშუალება მომეცა. ჭიდაობის ფედერაციის თითოეული წევრი ბოლომდე დაიხარჯება, რომ ასეთი ადამიანები მაქსიმალურად დავაფასოთ” – აღნიშნა კურტანიძემ.

თედიაშვილს დაბადების დღე კომპანია “სოკარის” წარმომადგენელმაც მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა, რაზეც იუბილარმა მოხდენილი ხუმრობით, ყველას გასაგონად ჰკითხა, რამდენიაო.

დაბოლოს, იუბილარის კომენტარიც, რომელიც “მსოფლიო სპორტმა” ჩაწერა.

ლევან თედიაშვილი:

“სიმართლე გითხრათ, ვერ ვგრძნობ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ალბათ იმიტომ, რომ სერიოზულად მეტკინა გული. წლების წინ გადავწყვიტე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეყარა კენჭი და უცებ აღმოჩნდა, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი – თუ მიზანს მივაღწევდი, მაშინ დამიჭერდნენ. მაინც მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და სამ კანდიდატს შორის მესამე ადგილზე გავედი. ასეთი რამ ჭიდაობაში არასოდეს მომსვლია. საქმის სათავეში ისეთი ხალხი მოიყვანეს, რომლებსაც ამ სახეობაში მართლა არაფერი იცოდნენ. ამიტომაც იყო, ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო არენაზე საშინლად რომ იჩაგრებოდნენ. უსამართლო გადაწყვეტილებებს ძირითადად ის ხალხი იღებდა, ვისთანაც ჯერ კიდევ ჭიდაობაში აქტიურად ყოფნის პერიოდში ურთიერთობა მქონდა. არაპროფესიონალების ადგილას რომ მე ვყოფილიყავი, ამას ვერაფრით ვერ გამიბედავდნენ. კონკრეტულად ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც ვერ დაჩაგრავდნენ ჩვენი ნაკრების წევრებს. სიმართლე გითხრათ, უკან დაბრუნება აღარც კი მინდოდა”.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა. აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში სამ წონით კატეგორიაში: 82, 90 და 100 კილოგრამებში იჭიდავა. არის მე-20 და 21-ე ოლიმპიური თამაშების (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი) ჩემპიონი. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი: 4-ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ – სამბოში (1973). მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი (1978) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 76, 78). ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, ფილას, სოკ-ის და ღირსების ორდენების კავალერი.

 
 

0.12318