საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 წრის მე-4 ტურში, “შსს-აკადემია”–“არმიას” შეხვედრაში, “შსს-აკადემიას” ერთ-ერთი ლიდერის, ამერიკელი უკანახაზელის - ლარი ბლერის არყოფნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
“შსს აკადემიას” სპორტული დირექტორის - ლევან მიქაბერიძის განცხადებით, გუნდის წესდებიდან გამომდინარე, კალათბურთელი, რომელიც რაიმე მიზეზით ვარჯიშზე გამოცხადებას ვერ ახერხებს, ამის შესახებ საქმის კურსში გუნდის მთავარი მწვრთნელი უნდა ჩააყენოს და რადგან შეუძლოდ მყოფმა ბლერმა მისი ავადმყოფობის შესახებ მთავარ მწვრთნელს - გიორგოს კეცელიდისს არ აცნობა და ვარჯიშზე არ გამოცხადდა, იგი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ვარჯიშის გაცდენისთვის დაწესებული გარკვეული თანხით დაჯარიმდა.
ყოველივე ამის მიუხედავად, worldsport.ge-ს ზოგიერთმა მკითხველმა მაინც გამოთქვა ვარაუდი, რომ ბლერმა “შსს აკადემიას” ახალგაზრდა ფორვარდი - აკაკი ლომოური სცემა და “არმიასთან” ამის გამო არ ათამაშეს. აღნიშნული ვარაუდის დაზუსტების მიზნით, “მსოფლიო სპორტი” “შსს-აკადემიას” სპორტულ დირექტორ ლევან მიქაბერიძეს დაუკავშირდა.
- რა სჭირს ლომოურს, მართლა ტრავმირებულია?
- ლომოურს თავის ტრავმა აქვს და ჯერჯერობით, ვერ ვარჯიშობს.
- worldsport.ge-ს რამდენიმე მკითხველი ამბობს, რომ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ბლერმა ლომოური სცემა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- ასეთი რამ არ ყოფილა. მსგავსი შემთხვევა რომ მომხდარიყო, ეს ამბავი ასე მშვიდად არ დამთავრდებოდა. შეიძლება შელაპარაკება ჰქონდათ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩხუბი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენს გუნდში სამაგალითო დისციპლინაა. მართალია, ყველა ვარჯიშს ვერ ვესწრები, მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, არა მგონია, მთავარმა მწვრთნელმა (გიორგოს კეცელიდისი) და მისმა თანაშემწემ (არჩილ ჟღენტი) დამიმალონ, რადგან მათ იციან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ აგებენ პასუხს.
- მაშინ, რა სიტუაციაში მიიღო ლომოურმა ტრავმა?
- ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ლომოურს მძიმე ფორვარდის - ტრეისი სმიტის იდაყვი მოხვდა და ყბის ძვალი აქვს დაზიანებული.
- რამდენად სერიოზული ტრავმაა?
- ამჟამად მკურნალობს და ვარჯიშს დაახლოებით ორ კვირაში დაიწყებს.
- კეცელიდისის მიერ ჩატარებული 4 შეხვედრიდან, “შსს-აკადემიამ” 2 (“ბათუმი-რსუ”, სტუ) მოიგო და ამდენივე წააგო (“ოლიმპი”, “არმია”). ამ თამაშებიდან გამომდინარე, კეცელიდისმა თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- სულაც არ მინდა, “ბათუმი-რსუ”-სა და სტუ-ს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენი გამორჩეული ინტერესი “ოლიმპთან” და “არმიასთან” მატჩებისკენ იყო მიმართული. მართალია, ორივე თამაში წავაგეთ, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ჩემი აზრით, ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაგვიჭირდეს. უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება, ბრინჯაოს მედალიც მოვიპოვოთ. ერთი თვეც არაა გასული, რაც კეცელიდისმა “შსს-აკადემია” ჩაიბარა. დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, გუნდში წინსვლა იგრძნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კეცელიდისის მუშაობით კმაყოფილი ვარ.
- და ბოლოს, მე-2 წრის მე-5 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, თქვენი გუნდი აღმავლობის გზაზე მყოფ “დინამოს” დაუპირისპირდება. როგორ აფასებთ ამ შეხვედრაში მეტოქეთა შანსებს?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ “დინამომ” მე-2 წრე კარგად დაიწყო, 4 შეხვედრიდან 3 მოიგო (“ქუთაისი-2010”, “სოხუმი”, თსსუ) და მხოლოდ ერთი (“არმია”) წააგო, მძიმე ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ის გუნდი მოიგებს, რომელიც დაცვაში კარგად ითამაშებს... შანსებს მაინც 50/50-ზე ვაფასებ.
როლანდ ლაბუჩიძე