ფეხბურთი

18:57 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მელქაძე: “ქართულ ფეხბურთში კრიზისია, რაც კლუბების ფინანსირებას უკავშირდება”

ლევან მელქაძეს, რომელიც 2007 წელს ყარაგანდის “შახტიორში” თამაშობდა, არ მიაჩნია, რომ ყაზახეთის ჩემპიონატში თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ sports.kz-თან ინტერვიუში განაცხადა.

- ყაზახმა გულშემატკივრებმა ნაკლებად იციან “შახტიორიდან” წასვლის შემდეგ სად თამაშობდით. მოგვიყევით

- საქართველოში რომ დავბრუნდი ბოლნისის “სიონში და “ზესტაფონში” ვთამაშობდი, ხოლო ბოლო გუნდი ცხინვალის “სპარტაკი” იყო.

- როგორ ფიქრობთ, ყახახეთში თქვენი შესაძლებლობები სრულად რატომ ვერ წარმოაჩინეთ?

- ყარაგანდის “შახტიორში” რომ გადავედი, იუხა მალინენი წვრთნიდა. ის არ მენოდბოდა და სასტარტო შემადგენლობაში არ მაყენებდა. პირველ წრეში იმ რაოდენობის თამაშები არ ჩამიტარებია, რომ სათამაშო ფორმაში შევსულიყავით. მეორე წრეში გუნდს მწვრთნელი შეეცვალა და სათავეში რევაზ ძოძუაშვილი ჩაუდგა. ის მენდო და მეც ავთამაშდი. მეორე წრეში 8 გოლი გავიტანე. პირველ წრეში რომ მეთამაშა არანაკლებს გავიტანდი. არ მიმაჩნია, რომ თავი ბოლომდე ვერ გამოვავლინე. მეორე წრეში კარგად ვთამაშობდი. თუმცა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კონტრაქტთან დაკავშირებით გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა. ახლა, ამის შესახებ საუბარი არ მსურს.

- თამაში როდესაც მიგდიოდათ მოედანზე შეუჩერებელი იყავით. იხსენებთ ხოლმე “შახტიორის” რიგებში გატანილ ლამაზ გოლებს?

- არ შეიძლება არ მახსოვდეს “ქაირათისთვის” “მაკრატელათი” გატანილი გოლი, “თარაზისთვის” – თავით, ხოლო “ეკიბასტუზეცის” მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადავუგდე.

- ყარაგანდელ გულშემატკივრებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- “შახტიორის” გულშემატკივრებთან ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა. მათგან პატივისცემასა და სითბოს ვგრძონბდი და იგივეთი ვპასუხობდი. მათ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი.

- იმ პერიოდში “შახტიორში” არცთუ ცოტა ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. ამჟამად, მათთან ურთიერთობა გაქვთ? რას საქმიანობენ?

- გიორგი გაბიდაური ისრაელში თამაშობს, ხოლო ლაშა ნოზაძე მწვრთნელი გახდა. ორივე მათგანი ჩემი შვილების ნათლიები არიან. 

- მაშინ, ყარაგანდულმა გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატის “ბრინჯაო” მოიგო. უფრო მეტის გაკეთება შეეძლო?

- დიახ. პირველ წრეში ბევრი ქულები რომ არ დაგვეკარგა, ჩემპიონობაც კი შეგვეძლო.

- მიმდინარე სეზონში “შახტიორი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. თქვენს ყოფილ გუნდს გულშემატკივრობდით?

- რა თქმა უნდა. “შახტიორს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაც შეეძლო. როგორც შემეძლო ვგულშემატკივრობდი და მეამაყება, რომ ამ გუნდში ვთამაშობდი.

- წელს ანდრეი ფინონჩენკო ყაზახეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორ ფიქრობთ – დამსახურებულად? ადრე ის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად თქვენი კონკურენტი იყო?

- ანდრეის ვულოცავ. საუკეთესო ფეხბურთელად ტყუილუბრალოდ არავის ასახელებენ. შრომა არ იკარგება – მან იშრომა და დაუფასდა. რაც შეეხება კონკურენციას, მის გარეშე კარგი გუნდი არ იქმნება. 

- ბოლო პერიოდში ყაზახეთში გაცილებით ცოტა ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. საქართველოს კლუბებში ადრინდელთან შედარებით გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ?

- ვერ გეტყვით ქართველები ყაზახეთში რატომ არ თამაშობენ. ჩვენს კლუბებში გაცილებით ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე ყაზახურში.   

-წელს ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩს უყურეთ? ამ თამაშიდან რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

- ჩვენებმა ძალიან სუსტად ითამაშეს, ხოლო ყაზახებმა საგრძნობად მოუმატეს. 

- თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთი ახლა აღმავლობას განიცდის თუ კრიზისშია?

- ამჟამად, ქართულ ფეხბურთში კრიზისია, რაც კლუბების ფინანსირებას უკავშირდება. თუმცა, ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს ფეხბურთში კვლავ აღმავლობა დაიწყებს.

0.111922