ლევან მჭედლიძემ პარასკევს "ემპოლი"-ბრეშას" შეხვედრის 94-ე წუთზე მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა, ტავანომ გაიტანა და ემპოლელებმა ასე მიაღწიეს ფრეს (2:2), რითაც სერია B-ის ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს.
მჭედლიძე ჯერ 23 წლისაა, არადა, უკვე 6 წელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. "მსოფლიო სპორტი" მას იტალიაში დაუკავშირდა და სანაკრებო თემასაც შევეხეთ – ის ღიად ამბობს სათქმელს. მის კარიერაში ხშირი იყო ტრავმები და ამან წინსვლის საშუალება არ მისცა. ლევანს "ემპოლიში" მეტწილად ბოლო 10-15-20 წუთს ათამაშებენ და ამითაც უკმაყოფილოა.
- უპირველესად, ყველამ იცის, რომ ნაკრებში გამოძახებული არ ვიყავი. იტალიურ პრესაში სულ სხვა რამ ვთქვი და საქართველოში ცუდად თარგმნეს. მე არსად მითქვამს, თითქოს საქართველოს ნაკრებში თამაში არ მინდა, ან მეორეხარისხოვნად ვუყურებ, საქართველოში სხვაგვარად დაიწერა. იტალიურ პრესაში ვთქვი: ნორმალურია, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს, რადგან კლუბში თამაში არ მიწევს და ისე, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია-მეთქი.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემო, ბოლო პერიოდში ხმაურია ატეხილი. მიდის ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის დაჭმა. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
- პრესას სულ ვეცნობოდი და ყველაზე მეტად მომეწონა ლევან კობიაშვილის განცხადება, რომელიც "მსოფლიო სპორტის" საიტზე დაიწერა. "კობი", მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში აღარ ათამაშებენ, მშვიდად და საფუძვლიანად წერს – მოეშვით ერთმანეთის კბენას და ფეხბურთზე ილაპარაკეთო. კობიაშვილი დიდი პროფესიონალია, ამას ნაკრებში ყოფნისასაც სულ ვგრძნობდი. კობიაშვილი, ასათიანი, კალაძე, იაშვილი, ხიზანიშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალო: ყველანი ისეთები არიან, ბევრი რომ გაუკეთებიათ ნაკრებისთვის და თავიანთი სიტყვა რომ ეთქმით. ხიზანიშვილ-ქეცბაიას შორის კონფლიქტს რაც შეეხება, ალბათ, ორივენი უნდა დამშვიდებულიყვნენ და შიგნითვე მოეგვარებინათ უთანხმოება. ხიზანიშვილს კარგად ვიცნობ, ის ვერ ეგუება უსამართლობას და ცდილობს, ნაკრებში კარგი სიტუაცია იყოს.
- ფეხბურთზე საუბარი არ მიმდინარეობს და საქმეც ესაა...
- როგორ იქნება ფეხბურთზე საუბარი, როცა ნაკრების მწვრთნელი ერთი კარგი მატჩის შემდეგ ამბობს, ბიჭებს მადლობას ვუხდიო, ხოლო 4 დღეში წაგებული თამაშის მერე ფეხბურთელებზე ტეხს ჯოხს. მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელები უნდა დაიცვას, მაგრამ პირიქით აკეთებს – ხალხს აგრესიულად განაწყობს ჩვენს მიმართ.
- თავად გქონიათ ქეცბაისთან კონფლიქტი?
- რაც პროფესიულ დონეზე ვთამაშობ, 19 მწვრთნელთან მიმუშავია. მხოლოდ დელიო როსისთან მქონდა კონფლიქტი "პალერმოში". ზოგიერთებთან იყო მცირე გაუგებრობები, მაგრამ ამას კონფლიქტი არ ჰქვია. არც ქეცბაიასთან მქონია კონფლიქტი.
- თქვენი აზრით, ნაკრებმა სათამაშო კუთხით რა უნდა შეცვალოს? რა უნდა მოხდეს, რომ უკეთ თამაში დაიწყოს და შედეგიც მიიღოს?
- ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ძნელია ფეხბურთელი ჩამოვიდეს და ნაკრებში ჯანსაღი სიტუაცია დახვდეს. უპირველესად, სწორედ ამ ცუდი ატმოსფეროს გამოა, რომ შედეგი არ გვაქვს. ჯერ ელემენტარული უნდა გაკეთდეს და მერე უნდა გადახვიდე საფეხბურთო ნიუანსებზე. ფეხბურთელს ნაკრებში ჩამოსვლა უნდა სიამოვნებდეს. უნდა იყოს ურთიერთგაგება. ეს ნაკრებია და არა კლუბი, სადაც ყოველდღიური მუშაობაა და მანქანასავითაა გამართული. აქ ორი დღით ჩამოდიხარ და ის ორი დღეც თუ კონფლიქტებს უყურე, რაღა გამოვა?
- გასაგებია. ახლა კლუბზე: ზაფხულში იტალიურ პრესაში დაიწერა, მჭედლიძესა დაE"პარმას" შორის კონტრაქტი გაფორმდა და ფეხბურთელი გაისად გადავა ახალ კლუბშიო. რა ხდება?
- "პარმა" დაინტერესებულია და სიტყვიერი შეთანხმება ახლაც არსებობს. უბრალოდ, ჩემი მენეჯერი არ მაჩქარებს, სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი და იანვარში გადავხედოთო. შეგიძლიათ გადახედოთ იტალიურ პრესას, სულ კარგი შეფასებები მაქვს და წერენ, ბოლო წუთებში მჭედლიძემ თამაში გაამწვავა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევები, როცა მატჩის ბედიც გადავწყვიტე მცირე დროში, მაგრამ მაინც მცირე დრო მეძლევა. მაკარონე და ტავანო შედეგიანად თამაშობენ თავდასხმაში. პირადად მე კი თავს არ ვზოგავ ვარჯიშებზე, ვარჯიშებზე არ ვდუნდები და თამაშებს სულ მომზადებული ვხვდები, რათა ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო.
- შესაძლოა თუ არა, რომ იანვარში შეიცვალოთ კლუბი?
- '"ემპოლის" არ სურს ჩემი იანვარში გაშვება. ხშირად ვკითხულობ, საქართველოში ხაზი გადაუსვიათ ჩემთვის, მაგრამ "ემპოლი" ისე არ დამტოვებდა, ჩემი იმედი რომ არ ჰქონდეს. მაშინ ხელფასს რაღას მიხდიან, გამიშვებდნენ და ეგ იქნებოდა. ვნახოთ, რა მოხდება. მენეჯერთან ერთად გადავწყვეტ.
- ისე, ამ ხნის განმავლობაში, რაც "ემპოლიში" ხარ, უცხოეთიდან გქონიათ რეალური მოწვევები?
- იყო გერმანიიდან და თურქეთიდან. ამის შესახებ დაიწერა კიდეც. მაგრამ სულ ისე ხდებოდა, რომ ჭიანურდებოდა მოლაპარაკება. მერე დამღალა ამან და ვთქვი, ჯერ კლუბებმა მოილაპარაკონ, მერე კი დავჯდები და მოვიფიქრებ, დავთანხმდე თუ არა. "ემპოლისთან" კონტრაქტი 2015 წლის იანვრამდე მაქვს. ოთხი თვის წინ გავაგრძელე. იმიტომ დავთანხმდი, რომ მინდა, "ემპოლიში" დავტოვო კარგი სახელი.
- ირაკლი შეყილაძეს საერთოდ არ ათამაშებენ. რატომ?
- ძალიან რთულია, საქართველოდან გაიგო აქაურების მენტალიტეტი. საქართველოში 17-18 წლის ფეხბურთელს თუ უნდობიან, აქ ასე არაა. როგორც საქართველოში უყურებენ 18 წლის ბიჭს, ისე აქ უყურებენ 23 წლისას. შეყილაძეს ეუბნებიან, ჯერ ახალგაზრდა ხარ და შენი დრო მოვაო. კარგია, რომ შეყილაძე ამას მოთმინებით ეკიდება და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. არ გაგიკვირდეთ, რომ შეყილაძემ უცებ დაიწყოს სასტარტოში თამაში. ირაკლი არავისზე ნაკლები არაა ვარჯიშებზე და მესმის, როგორ უჭირს, როცა მოდის შაბათ-კვირა და თამაში არ უწევს. ასე ხდება მუდმივად, მაგრამ როცა ეს მოთმინების უნარი აქვს, აუცილებლად ითამაშებს. კიდევ ერთი ქართველია "ემპოლიში" და ძალიან მომწონს. რომან ჭანტურია ჯერ 17 წლისაა და დიდი მომავალი აქვს.
- ვიცით, რომ რომანმა "ემპოლის" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა. ხშირად ავარჯიშებენ?
- აქ ასე ხდება: პერსპექტიული ჭაბუკები მოჰყავთ ძირითად გუნდში და კვირაში ერთხელ, ან ორჯერ ავარჯიშებენ. ხან ჭანტურია მოჰყავთ, ხან სხვები და სიტუაციას აჩვევენ. მოჰყავთ ისეთები, რომელთა იმედიც აქვთ სამომავლოდ. 1996 წელსაა დაბადებული და როგორც ვიცი, ერთ თვეში უკვე დუბლებში შეეძლება თამაშის დაწყება. სამუშაო ვიზას აძლევენ და არაევროკავშირელის სტატუსსაც უკეთებენ, ანუ მაინცდამაინც 18 წლამდე მოცდა არ დასჭირდება.