ინტერვიუები

16:07 | 8.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ყოველი დღე, როცა ვარჯიში ან თამაში გვაქვს, ძალიან მომწონს”

გერმანიის ბუნდესლიგაში “შალკესთან” გასამართი მატჩის წინ, ლევან კობიაშვილმა, რომელსაც გელზენკირხენელთა შემადგენლობაში ექვსნახევარი სეზონი უთამაშია, ბერლინის “ჰერტას” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- კმაყოფილი ხართ მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით და შედეგით?
- ბოლომდე კმაყოფილი ვერავინ იქნება. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევა გვსურს. სეზონის დასაწყისთან შედარებით, სატურნირო ცხრილში ქულები მოგვემატა და ვითარებაც დასტაბილურდა, მაგრამ ყოველთვის მეტი გვსურს. ეს ყოველ უქმეებზე, ყოველ შეხვედრაში გვინდა. აქამდე განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია.
- საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ? სეზონის წინ ბევრი საუბრობდა, რომ თქვენ უკვე ასაკოვანი და არცთუ სწრაფი ხართ პირველი ბუნდესლიგისთვის. თუმცა, ყოველ თამაშში აჩვენებთ, რომ არავითარი პრობლემა არ გაქვთ...
- სეზონის დაწყებამდე მსგავსი რამ არაერთხელ მოვისმინე. პირველ ბუნდესლიგაში დიდი ხანია ვთამაშობ და კარგად ვიცი, ფორმა როგორ უნდა შევინარჩუნო. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მოსამზადებელი პროცესი ადვილი არ ყოფილა, რადგან დიდი დატვირთვები გვქონდა, მაგრამ მაქსიმუმი გავიღე. ეს არაჩვეულებრივ ხასიათზე მაყენებს. თითოეული დღე, როდესაც ვარჯიში ან თამაში გვაქვს, ძალიან მომწონს.
- კაიზერსლაუტერნში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანეთ. ამ დროს რას გრძნობდით?
- “ჰერტაში” ყოფნის პერიოდში გუნდს პირველად ვუკაპიტნე. თუმცა, ჩემ ადრინდელ კლუბებში და ეროვნულ ნაკრებში კაპიტანი ხშირად ვყოფილვარ. ამის მიუხედავად, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მითუმეტეს, რომ კაიზერსლაუტერნში ქულა ავიღეთ. ყოველთვის ვამბობ – თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი თამაშით უნდა დაამტკიცოს, რომ კაპიტნის სამკლავურის ტარების ღირსია.    
- “ლევერკუზენის” წინააღმდეგ შეხვედრაში პენალტი გააფუჭეთ. იმ მომენტში თქვენ გულში რა ხდებოდა?
- არასასიამოვნო გრძნობა დამეუფლა. სამწუხაროდ, მართლაც არცთუ კარგად დავარტყი და მეკარემ ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ფეხბურთში მსგავი რამ ხდება. თუმცა, წამის შემდეგ ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი და მატჩის ბოლომდე კონცენტრირებული ვიყავი.  
- პარასკევს, “შალკეს” კარში პენალტი რომ დაინიშნოს, კვლავ მიხვალთ მის შესასრულებლად?
- კარგი კითხვაა. ვერ გეტყვით. ეს ჩემ მიერ გაცუდებული პირველი პენალტი არ ყოფილა. ყოველი ასეთი შემთხვევის მერე რომ მეთქვა – პენალტს აღარ დავარტყამ-მეთქი, მაშინ დიდი ხნის განმავლობაში თერთმეტმეტრიანი ნიშნულთან არ უნდა მივსულიყავი. თუ თამაშის დროს ვინმე ამბობს, რომ პენალტის შესრულება სურს, მას ვენდობი და შეუძლია დაარტყას. ყოველთვის მე ხომ არ დავარტყამ.
- ყოფილ კლუბთან შეხვედრას როგორი განწყობით ხვდებით?
- ბუნებრივია, ეს მატჩი გაცილებით სხვა დატვირთვას ატარებს, ვიდრე ბუნდესლიგაში ჩასატარებელი ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა. ამ კლუბში საუცხოო პერიოდი გავატარე და იქ ჯერ კიდევ დამრჩა მეგობარ-ნაცნობები. მატჩს მოუთმენლად ველი. თუმცა, მოედანზე მხოლოდ საკუთარ თამაშზე კი არ ვიქნები კონცენტრირებული, არამედ, “ჰერტასთვის” და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. ყოფილი კლუბების წინააღმდეგ ყოველთვის ასე ვთამაშობდი.  
- “შალკესთან” თამაშისგან რას ელით?
- “შალკეს” დამარცხების კარგი შანსი გვაქვს. მეტოქეს ძალიან კარგი დაცვის ხაზი აქვს, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდებისთვის გოლების გატანა შეგვიძლია. “შალკეს” წინააღმდეგ აგრესიულად და გამართული ტაქტიკით უნდა ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში მეტოქის დამარცხების კარგი შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ ყოველთვის გვინდა მაქსიმუმს მივაღწიოთ. ასე იქნება პარასკევს და ნებისმიერ სხვა შეხვედრაში. თამაშის მოგება და ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა. ჩვენი კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. მის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.117366