ფეხბურთი

16:01 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ვერ წარმომიდგენია, რომ ყველაფერი დასრულდა”

ლევან კობიაშვილის თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მოედანზე აღარ გავა.

“ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი, როდესაც შემცვალეს. ლამაზი გაცილება იყო, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ყველაფერი დასრულდა. ამას დრო ჭირდება. საბედნიეროდ, კიდევ ორი კვირა ვივარჯიშებთ. უარს არ ვიტყოდი, ეს პერიოდი კიდევ უფრო რომ გაგრძელებულიყო” – იუწყება ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს გერმანული ინტერნეტპორტალი bz-berlin.de.

“ჰერტა” – “დორტმუნდის” მატჩის (0:4) საფინალო სასტვენის შემდეგ, კობიაშვილმა თავის შვილებთან 15 წლის ნიკასთან და 7 წლის სალომესთან ერთად, ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” საპატიო წრე დაარტყა.

“კარგია, რომ ისინი ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემი ბიჭი ჩემს ბოლო მაისურს მიიღებს” – თქვა “კობიმ”.

bz-berlin.de-ს ინფორმაციით, კობიაშვილს მეუღლე თამარმა სურპრიზი მოუწყო და ერთ-ერთ კლუბში “ჰერტას” ფეხბურთელებთან ერთად, ბერლინელთა ხელმძღვანელობა დაპატიჟა.

“ჩემს მეუღლეს სიურპრიზი ნამდვილად გამოუვიდა. ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა”- აღნიშნა კობიაშვილმა.

გვიან ღამე “ჰერტას” ფეხბურთელებმა სხვა კლუბში გადაინაცვლეს, სადაც რონის დაბადების დღე აღნიშნეს, მაგრამ ლევანი არ წასულა, რადგან სახლში თბილისელ სტუმრებს მასპინძლობდა.

0.130098