ინტერვიუები

21:34 | 22.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: შტარკზე, “ალანიაზე”, ომზე, ცსკასა და “ბაიერნში” არგადასვლაზე, ანანიძეზე...

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა და ბერლინის “ჰერტას” კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა, ვრცელი ინტერვიუ მისცა “სოვეტსკი სპორტს”, რომელთანაც, პირველყოვლისა, შარშან მაისში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
ლევან კობიაშვილი: “არავინ არავის შეხებია. მხოლოდ აღვშფოთდით. გერმანიის საფეხბურთო კავშირის წარმოამდგენლებს გადათამაშება არ სურდათ. ევროპის ჩემპიონატი იწყებოდა, ზოგი ფეხბურთელი შვებულებაში იყო, ზოგნი – ნაკრებებში. დიუსელდორფში, გუნდის ბუნდესლიგაში დაბრუნება უკვე იზეიმეს. ფედერაციისთვის უკეთესი იყო, ყველაფერი “ჰერტასთვის” დაებრალებინათ. მათ, უბრალოდ, აიღეს პირველი ოთხი გვარი და ჩვენგან განტევების ვაცები შექმნეს. ვიღაცას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ვიღაცას 7-მატჩიანი...მე მთელი პირველი წრე გამომატოვებინეს”.  
- ე.ი.შტარკთან უბრალოდ იკამათეთ?
- ბიჭები აღშფოთებულები იყვნენ, ეკითხებოდნენ, თუ რატომ დაასრულა მატჩი დროზე ადრე. მე მათ შორის არ ვყოფილვარ. ყველაფერი ისე რომ ყოფილიყო, რაც შტარკმა მოჰყვა, დამეთანხმებით, რომ ნეხევარწლიან დისკვალიფიკაციას არავინ მომცემდა? ეს ხომ მინიმალური ჯარიმაა მსაჯისთვის ხელის დარტყმისთვის. შტარკის თქმით, მას მივდევდი და ისე დავარტყი, რომ კინაღამ ფეხი მოიტეხა. ასე რომ მომხდარიყო, მინიმუმ, ერთწლიან, ან ორწლიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ. თუმცა, ფედერაციაში იცოდნენ საქმე რაში იყო და ამიტომ, ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მომცეს.
- თან, 60000 ევროთი დაგაჯარიმეს...
- თანხის რაოდენობა ჯერ უცნობია, ადვოკატები არკვევენ. შესაძლოა, ცოტა ნაკლები იყოს, ან ცოტა მეტი. კარგია, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს. არადა, ამის რისკიც არსებობდა.
- ჯანმრთელი და გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელისთვის, გვერდიდან თამაში როგორი საყურებელია?
- ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა. სეზონის განახლებამდე უფრო ადვილი იყო, რადგან სხვებთან ერთად ვვარჯიშობდი, მაგრამ მატჩები რომ დაიწყო, გაცილებით გამიჭირდა. გასული წელი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ კლუბმა მხარი დამიჭირა. როდესაც გაირკვა, რომ დისკვალიფიკაციას მაძლევდნენ, “ჰერტა” დიდსულოვნად მოიქცა და კონტრაქტი ერთი წლით გამიხანგრძლივა.  
- იმ ავადსახსენებელი მატჩის შემდეგ, შტარკს შეხვდით?
- არ შევხედრივართ. თუმცა, მას მტრად არ ვთვლი. ის მართალი არ არის, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. თუმცა, მისი სიტუაცია მესმის. ვფიქრობ, მას ამის გაკეთება ფედერაციამ აიძულა.
- რუსეთში, ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშით ახსოვხართ. 1997 წელს, ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად, საუკეთესო უცხოელად და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ გაღიარეს.
- ალბათ, ის სეზონი ჩემს კარიერიაში ყველაზე გამორჩეული იყო. ძალიან ახალგაზრდა ჩავედი საქართველოდან ძლიერ ჩემპიონატში და ყველაფერი გამომივიდა. მაღალი კლასის გუნდი იყო და საუცხოო მწვრთნელი გვყავდა. მოსკოვის “სპარტაკთან” საშინაო მატჩი დღევანდელ დღესავით მახსოვს. მაშინ, “სპარტაკში” ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორიც ციმბალარი, ტიხონოვი და სხვები იყვნენ. თუმცა, 2:0 მოვიგეთ და რუსეთში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. იმ დროს სიამოვნებით ვიხსენებ. ვლადიკავკაზი ქართველებისთვის კარგი ქალაქია. ჩვენ ხალხს ბევრი საერთო აქვს. ბევრი ოსი ქართულად ლაპარაკობს. ნახევარი საათის სავალზე ყაზბეგი იყო, სადაც მშობლები მყავდა.
- რატომ არ დარჩით?
- ტრავმის გამო. ბოლო ორთვენახევარი არ ვთამაშობდი. გაზაევს სურდა, რომ დავრჩენილიყავი. თუმცა, თბილისში დავბრუნდი, რომ ევროპიდან წინადადებებს დავლოდებოდი.  
- გაზაევთან მუშაობა რით დაგამახსოვრდათ?
- მის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. გაზაევი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე ხშირად დადიოდა. მე შემამჩნია, როდესაც ინგლისის ნაკრებს ვეთამაშეთ. მაშინ, 18 წლის ვიყავი. გაზაევს 2 წლის წინ მოსკოვში შევხვდი, როდესაც “დინამოსთან” მოსალაპარაკებლად ვიყავი ჩამოსული. ერთმანეთს ყოველთვის თბილად ვხვდებით.
- გაზაევი ფეხბურთელების დაჯარიმებით არის ცნობილი...
- მე ეს არ შემხებია, რადგან ცუდი არაფერი გამიკეთებია. გუნდის ბაზაზე ვცხოვრობდი და მხოლოდ ერთი რამ მინდოდა – კარიერაში ნაბიჯი წინ გადამედგა. არც ბინა მქონდა და არც ავტომანქანა. ახლა სხვა დროა – კონტრაქტს როდესაც ხელს აწერენ, მაშინვე იწყებენ განხილვას, სად იცხოვრებენ, რომელი ავტომანქანით ივლიან. “ალანიაში” მსგავსი პრობლემა არ მქონია. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდი და გაზაევი დიქტატორად არ მეჩვენებოდა.
საერთოდ, მწვრთნელებში გამიმართლა. საქართველოში ყიფიანის ხელში ავთამაშდი. შემდეგ იყვენენ: ჩივაძე, გაზაევი, რეჰაგელი, ჰაინკესი, მაგათი, ფინკე – ეს უკანასკნელი, ბუნდესლიგაში ჩემი პირველი მწვრთნელი იყო. პრობლემა არავისთან შემქმნია.
-გერმანიასთან შეგუება გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. თუმცა, ყველაფერი ხდება. ერთხელ, ავტომანქანით მოძრაობის წესი დავარღვიე. პოლიციელმა გამაჩერა, რომელიც “ჰერტას” გულშემატკივარი აღმოჩნდა და უპრობლემოდ გამიშვა. ასეთი რამ გერმანიაშიც ხდება.
 ყველაზე მეტად, ნაგვის დასახარისხებლად რამდენიმე ტომრის გამოყენებამ გამაკვირვა. შუშის ნამტვრევები ერთ ტომარაში, ქაღალდი – მეორეში და ა.შ.  
ერთხელ, მეუღლეს ველოდებოდი და ავტომანქანა არ ჩავაქრე. მოვიდა გერმანელი და მეუბნება: “ძრავა გამორთე, ბუნების დანაგვიანება არ შეიძლება”. შოკში ვიყავი. გავიფიქრე: “მიდი შენ საქმეს მიხედე”. თუმცა, დროთა განმავლობაში ხვდები, რომ დისციპლინა, არცთუ ცუდი რამ არის. გერმანიამ ამ მხრივ ბევრი მასწავლა.
- “მხოლოდ გერმანიაში მივხვდი, რომ რუსეთში მეგობრები მყავდა, ხოლო აქ მხოლოდ კოლეგები არიან”, – განაცხადა პოგრებნიაკმა “შტუტგარტში” თამაშის შემდეგ.
- ეს გასაგებია, რადგან ის სრულიად უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა და ნორმალური ურთიერთობა აკლდა. მე სხვა სიტუაციაში ვიყავი. “ფრაიბურგში” რომ გადავედი, 3-4 ქართველი ვიყავით, ძალიან ახლო მეგობრები. ამიტომ, გერმანელთან, ან ვინმე სხვასთან დამეგობრების საჭიროება არ იყო. სხვათა შორის, ამის გამო, გერმანული ენის შესწავლასთან დაკავსირებით პრობლემები შემექნა. ვარჯიშებზე მხოლოდ ქართველებს ვეკონტაქტებოდი. მათთან გერმანულად საუბარს ხომ არ დავიწყებდი? როდესაც “შალკეში” გადავედი, ენის სწავლა მომიწია.  
- 2000-იანებში ორჯერ შეგეძლოთ რუსეთში მოხვედრა. ჯერ ცსკა-ში, შემდეგ – “დინამოში”...
- 2003 წელს, “ფრაიბურგთან” კონტრაქტი მიმთავრდებოდა. გაზაევთან კონტაქტი მქონდა. გერმანიაში კლუბის პრეზიდენტი გინერი ჩამოვიდა და ცალი ფეხით უკვე ცსკა-ში ვიყავი, მაგრამ ბოლო მომენტში, “შალკეს” ვარიანტი გამოჩნდა და ბუნდესლიგაში დარჩენა გადავწყვიტე. “შალკეს” წინადადებასა და ცსკა-ს მიერ შეთავაზებულ ხელფასს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ არასოდეს ვისწრაფვოდი რაც შეიძლება მეტი ფული მეშოვნა. ჩემს არჩევანში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ოჯახი, რომელიც გერმანიაში თავს კომფორტულად გრძნობდა, ხოლო “შალკე” კარგი კლუბი იყო. მე ასე ვმსჯელობდი და არაფერს ვნანობ.  ფეხბურთელის ბედი ასეთია. მაგალითად, 2006 წელს “ბაიერნში” გადასვლის შანსი მქონდა. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არაფერი შევცვალე და “შალკესთან” ახალი კონტრაქტი გავაფორმე. გელზენკირზენში გულშემატკივრებს ვუყვარდი, მწვრთნელი მენდობოდა, კლუბის ხელმძღვანელობა პატივს მცემდა. რატომ უნდა შევცვალო რაიმე, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ? 2010 წელს, “დინამოზე” არჩევანი სწორედ ამიტომ არ გავაკეთე. მოსკოვში ჩავედი, მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, საწვრთნელი ბაზა დავათვალიერე. თუმცა, “ჰერტაში” დარჩენა გადავწყვიტე. ოჯახმა მხარი დამიჭირა.  
- პირველ ბუნდესლიგაში 336 მატჩი ჩაატარეთ. გსურთ, უცხოელებში ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერი გახდეთ?
- ასე ვიტყვი: ამ მაჩვენებლით ვამაყობ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებ. ამჟამად, “ჰერტა” მეორე ბუნდესლიგაში არცთუ ცუდად გამოდის და ამიტომ, მჯერა რომ ჩემს სტატისტიკას გავაუმჯობესებ.
- ინტერვიუსთვის როდესაც ვემზადებოდი, ოთხი წლის წინანდელ სათაურს წავაწყდი: “კობიაშვილმა “ატლეტიკოსთან” მატჩზე “გაზპრომის” მაისურით გასვლაზე უარი თქვა”.
- დიახ, ასეთი რამ მოხდა.
- “შალკეს” ხელმძღვანელობას, ამ დემარშზე რა რეაქცია ჰქონდა?
- ტკივილით ვიხსენებ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას. ოჯახი სამშობლოში ისვენებდა. თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო, დღემდე გონებაში მაქვს. ბუნებრივია, იმ მომენტში “ატლეტიკოსთან” მატჩზე არ ვფიქრობდი. ეს პროტესტის აქცია არ ყოფილა. უბრალოდ, მაშინ მოედანზე გასასვლეად მზად არ ვიყავი. მითუმეტეს, მაისურით, რომელსაც “გაზპრომი” ეწერა. ძალიან რთული სიტუაციაა, რომელიც გინდა მალე დაივიწყო. თუმცა, ეს ადვილი არაა. პოლიტიკა ნაკლებად სასიამოვნო თემაა. ამიტომ, ვცდილობ მას არ შევეხო. პოლიტიკაში ბევრი რამ არ მესმის.
- ნაწყენი ხართ?
- რუსეთთან მიმართებაში? არა-არა, რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა ნახვა ყოველთვის მიხარია. თქვენთან ქართველები ცხოვრობენ, რუსები ჩამოდიან ჩვენთან დასასვენებლად. დაე, პოლიტიკა ცალკე იყოს.
- “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. საქართველოში მას გაუგებდნენ?
- გაუგებდნენ, მაგრამ ნაწყენი დარჩენოდნენ. ჯანო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობდეს. მას ხომ საქართველოში ოჯახი ჰყავს, იქ დაიბადა. მერე მათ ხალხი რა თვალით შეხედავდა? კარგია, რომ ის ჭაბუკობიდან ისეთ გუნდში ვარჯიშობს, როგორიც “სპარტაკია”, მაგრამ ეს, მოქალაქეობიოს შეცვლის საბაბს არ იძლევა.  
- ჯანოსთან ერთად ნაკრებში თამაში მოასწარით. როგორ ფიქრობთ, რა არ ჰყოფნის, რომ “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდეს?
- მის შესახებ უკვე 4 წელიწადია საუბრობენ, რომ ნიჭიერია. არის მაგალითები, როდესაც ხალხს 26-27 წელი შეუსრულდათ და მაინც მათ პერსპექტივასა და ნიჭზე საუბრობენ. ჯანო 20 წლის არის და უკვე დროა, ნაბიჯი წინ გადადგას, რომ “სპარტაკის” ლიდერი გახდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელები ხშირად საუბრობენ, რომ მწვრთნელი არ ენდობა. ამის მაგივრად, საჭიროა საკუთარ თავს კითხვა დაუსვან, ყველაფერს სწორედ აკეთებენ, თუ არა. შესაძლოა, ანანიძისთვის უკეთესია, უფრო მოკრძალებულ გუნდში გადავიდეს იჯარის წესით. სათადარიგოთა სკამზე გატარებული 3-4 წელიწადი და თვეში ერთი თამაში, კარგს არაფერს იძლევა.  


მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.165225