საქართველოს ეროვნული გუნდისა და ბერლინის “ჰერტას” 34 წლის ფეხბურთელის, ლევან კობიაშვილისთვის განვლილი კალენდარული წელი წარმატებული იყო. მან კლუბის შემადგენლობაში ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა და ამჟამად, კარიერაში მე-12 ბუნდესლიგურ სეზონს მართავს. შემოდგომაზე “კობიმ” “ჯვაროსანთა” რიგებში გამართული მატჩების ოდენობა 100-მდე დაამრგვალა (საბერძნეთთან), მანამდე, გაზაფხულზე კი, სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი სამახსოვრო გოლი გაიტანა (ხორვატიასთან). ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ, იგი “ჯვაროსანთა” კაპიტნობის უმთავრესი კანდიდატია.
კობიაშვილთან სატელეფონო საუბრისას, “მსოფლიო სპორტი” ფეხბურთელს სეზონის შეჯამებაზე, ახალ მწვრთნელზე, კაპიტანზე და კაპიტნობაზე დაეკითხა. “რეკორდმაისტერმა” ყველაფერზე “წვრილად”, ისე ისაუბრა, რომ გამგებმა უნდა გაიგოს...
- ლევან, ჯერ კლუბზე ვთქვათ...
- შეიძლება ითქვას, “ჰერტასთვის” 2011 წელი დამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დავბრუნდით, სადაც წლის ბოლოს იმ ადგილზე ვართ, რომელსაც ვიმსახურებთ. ჩემს თამაშს რაც შეეხება, როცა კაცი ჩემს ასაკში ბუნდესლიგაში ყველა მატჩს ითამაშებ, რაღაც კმაყოფილების გრძნობა უნდა გქონდეს. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.
- გუნდში ელოდით, რომ მწვრთნელი შუა სეზონში შეგეცვლებოდათ?
- ეს თემა “ჰერტაში” საკმაოდ დიდხანს განიხილებოდა. აქ, როგორც ფეხბურთელის მიმართ ხდება ხოლმე, სწორედ ისე იყო. კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დაწყებამდე აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ მარკუს ბაბელს 2012 წლის ზაფხულში გასდიოდა კონტრაქტის ვადა. როგორც ჩანს, მას იმ დროისთვის ახალი გუნდის ვარიანტი ჰქონდა მოძებნილი და “ჰერტაში” დარჩენაც იმიტომ სურდა სეზონის ბოლომდე. კლუბში ამას ყველა ხვდებოდა და მასთან წელსვე სურდათ ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელება. მოკლედ, უსიამოვნო საუბრების გარეშე მაინც ვერ დასრულდა მწვრთნელის და კლუბის ურთიერთობა. საბოლოოდ, ბაბელი გაუშვეს და ვიდმაიერი, რომელმაც გუნდი “კაიზერსლაუტერნთან” სათასო მატჩზე გაიყვანა, მას გაჰყვა.
- სკიბე თქვენს შვებულებამდე მოვიდა?
- არა, სკიბე გუნდის დათხოვის შემდეგ წარადგინა კლუბმა და როცა დავბრუნდებით, მაშინ გავიცნობთ უფრო ახლოს.
- როდის იკრიბება “ჰერტა” და შუასასეზონო მზადების ეტაპზე რაა გეგმაში?
- გერმანიაში 3 იანვარს უნდა ჩავიდე. 7-დან 14 იანვრამდე თურქეთში მივემგზავრებით შეკრებაზე. უკან დაბრუნებიდან ერთ კვირაში კი, ჩემპიონატი განახლდება.
- ლევან, ნაკრებისთვისაც ახალი სეზონი იწყება. ამ მხრივ როგორ ხართ?
- კარგი კითხვაა. რაც მთავარია, დღევანდელობისთვის შესაფერისი. მე ძალიან კარგად ვარ, ისინი როგორ არიან, ვინც ჩვენს ჩამოწერას ჩქარობენ? ყოველ შემთხვევაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, დანარჩენს მომავალი აჩვენებს.
ალბათ არ მიწყენენ თქვენი კოლეგები, თუ 24 საათი ტელევიზიაში არ დავჯდები და ყველა კითხვას პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ ძალიან მინდა ამ თემაზე ჩემი აზრი დავაფიქსირო. გული მწყდება, რომ ფეხბურთელის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ, ვისაც ფეხბურთი 2-ჯერ თუ აქვს სტადიონზე ნანახი და ისიც იმიტომ, რომ ვიღაცამ დაავალა.
როდესაც ეს ადამიანები გაიძახიან, ვეტერანები უნდა წავიდნენო, მათთვის მინდა ერთი პატარა განმარტება გავაკეთო. ვეტერანია ის, ვინც საერთოდ დაანება ფეხბურთის თამაშს თავი და არა ის, ვინც ბუნდესლიგაში, სერია A-ში და სხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობს. მერწმუნეთ, ყველა თუ არა, ბევრი ქართველისთვის საოცნებოა გერმანიაში თამაში. ვეტერან ფეხბურთელად გერმანიაში არავის მოვუხსენიებივარ და საქართველოში რატომ უნდა გვიწოდებდნენ, ძალიან გასაკვირია.
არ მესმის, როცა გიორგი ასანიძე ლაპარაკობდა, კალაძესთან ერთად, სხვა ვეტერანებიც უნდა წავიდნენ ნაკრებიდანო, რა უფლებით აკეთებს ასეთ განცხადებას. ჯერ ერთი, ნამდვილად არაა მისი გადასაწყვეტი, რომელი ფეხბურთელი როდის უნდა წავიდეს ნაკრებიდან; მეორეც, ძალიან მიკვირს მისი და მისი კატეგორიის ხალხის ფეხბურთზე საუბარი. ნაკრებს ჰყავს მთავარი მწვრთნელი და ის გადაწყვეტს, ვის დაუძახებს იქ სათამაშოდ და ვის არა.
მოდით, განვასხვავოთ კლუბი და ნაკრები. კლუბთან გაქვს ხელშეკრულება და მისი მოქმედების ვადის ფარგლებში თამაშობ. ნაკრები კი არის ადგილი, სადაც ფეხბურთელს კლუბიდან იძახებენ და ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია. ჩემს თავზე ვიტყვი, სანამ მე დამიძახებს მთავარი მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებში, ყოველთვის ისე გამიხარდება, როგორც უკვე 100-ჯერ გამხარებია.
მოვა ამის დრო და ნაკრებს როგორც ფეხბურთელი თუ დავაკლდები, მერწმუნეთ, მას ერთგული გულშემატკივრის როლში დავემატები. ეროვნული ნაკრები არც კობიაშვილით დაწყებულა და არც კობიაშვილით დამთავრდება. ჩემზე გაცილებით დიდი დონის ფეხბურთელებს უთამაშიათ ნაკრებში, მაგრამ საბოლოოდ, ისინიც წასულან - მერე, ამით ქვეყანა დაიქცა?
მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ საკითხს. გზა დავუთმოთ ახალგაზრდებსო რომ ამბობენ - ძალიან კარგია, თუ მოდიან და ვიცი, რომ გვყავს ნიჭიერი თაობა, ვინმემ მწვრთნელს დაუმტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს და მან გზა ჩაუკეტა?
ალბათ, კარგად გამიგებთ ნათქვამს, მაგრამ როცა მე, კალაძე, იაშვილი და სხვა ფეხბურთელები მოვედით ნაკრებში, ვინმე წავიდა ისე, რომ მას ასაკის გამო დაატოვებინეს გუნდი? ჩვენ ხომ თამაშით დავიმსახურეთ აქ გამოსვლის უფლება? ე.ი. ჩვენს პოზიციაზე ვაჯობეთ ვიღაცას და მწვრთნელმაც იმიტომ დაგვაყენა შემადგენლობაში. ჩვენთვის ნაკრების ფეხბურთელობა არავის უჩუქებია.
ტალანტია, ტალანტიაო - ამის გამუდმებით გამეორება, შესაძლოა, იმ ტალანტისთვისაც არ იყოს კარგი. დაიმსახუროს იქ თამაშის უფლება, ამას მწვრთნელი შენიშნავს და არა მგონია, დღეს საქართველოს ნაკრებს ისეთი მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც ფეხბურთელს დაუმსახურებლად იძახებდეს შეკრებაზე ან სათამაშოდ.
- ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლაზეც გკითხავთ. უფრო სწორად, საინტერესოა იმ გამოხმაურებების შესახებ თქვენი კომენტარი, რაც კაპიტნის ნაკრებიდან წასვლას მოჰყვა.
- ჩემთვის მიუღებელია ის კრიტიკა, რაც თითქმის ყველგან და ყველასგან გაისმის კახა კალაძის მისამართით. პირველ რიგში, მინდა ვისაუბრო ფეხბურთელ კახა კალაძეზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ესაა ადამიანი, რომელმაც საკუთარი შრომით მიაღწია იმხელა წარმატებას, რაც მსოფლიოს ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელებისთვისაც კი მიუღწეველი ოცნებაა.
ვინმემ აჩუქა კახას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშის უფლება? არ მესმის, რით ხელმძღვანელობს ის ხალხი, ვინც მას, როგორც ფეხბურთელს აკრიტიკებს. არადა, ისინი იცით, ვინ არიან? ვინც მისით მაშინ ამაყობდა, როცა კახას ერთ ხელში ჩემპიონთა თასი ეჭირა, მეორეში კი, საქართველოს დროშა და მეტიც, მასთან ნაცნობობით რომ ტრაბახობდნენ.
მე არ ვიცი, რას გააკეთებს კახა პოლიტიკაში, მაგრამ ამაზე მერე იმსჯელონ და შეაფასონ, როცა რამეს გააკეთებს. ახლა კი, იმის გარკვევას თუ ვცდილობთ, როგორი ფეხბურთელია იგი, გადახედონ ევროპული ფეხბურთის უახლოეს ისტორიას.
თუ ადამიანს, რომელმაც ამხელა სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს, როცა “მილანის” შემადგენლობაში ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი, აღარაფერს ვამბობ მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ჩემპიონატის, სერია A-ს ტიტულებზე, ფეხბურთელობა უნდა დავუწუნოთ, მაშინ სხვებზე რა უნდა თქვან? ქართველი ბავშვების ნახევარზე მეტი “მილანში” თამაშზე ოცნებობს, მათ ჰყავთ ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ უნდა მიაღწიო მიზანს დაუღალავი შრომით. ადამიანისადმი ასეთი დამოკიდებულებით მათ ოცნების ასრულების იმედს ვუკლავთ?
ჩემთვის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაც გულდასაწყვეტია. ჩემი აზრით, კახა ფედერაციისგან მაინც იმსახურებდა მადლობას. იქ ხომ, როცა სჭირდებოდათ ხშირად ამაყობდნენ მისით.
- არსებობს აზრი, კალაძისთვის გაცილების მატჩის მოწყობის თაობაზე. თქვენ, როგორც ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი და სავარაუდოდ, მისი მომავალი კაპიტანი, თუ აპირებთ ამ საკითხის ფედერაციაში დასმას?
- კახა დღეს ფეხბურთს კიდევ თამაშობს და ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ მაღალ დონეზე. რადგან მან ნაკრებიდან წასვლაზე გააკეთა განცხადება, შეიძლება რომელიმე საერთაშორისო მატჩში დაუთმონ რამდენიმე წუთი და ამ ფორმით გააცილონ.
რამდენად შესაძლებელი იქნება ეს ჩვენი ფედერაციის მიერ განხორციელდეს, ვერ გეტყვით. თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია ფეხბურთელებსა და ფედერაციას შორის შეთანხმების შემდეგ. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ე.ი. დანარჩენებიც იმის მოლოდინში უნდა იყვნენ, რომ ასე უმადურად მოექცევიან?
როცა ფედერაცია იმას ამბობს, რომ კახას იგი საქმის კურსში არ ჩაუყენებია, არასწორია. განცხადების გაკეთების შემდეგ, მან პირველი ზარი თემურ ქეცბაიასთან გააკეთა და ყველაფერი უთხრა.
არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც უცხოეთში ასეთ პატივს სცემენ, სამშობლოში არ აფასებდნენ. კახა კალაძე უნდა შევაფასოთ როგორც ფეხბურთელი. მისი პოლიტიკოსად მოხსენიება კი, ჯერ ნაადრევად მიმაჩნია.
- ლევან, ალბათ კაპიტნობის ესტაფეტას კახასგან თქვენ ჩაიბარებთ?
- ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, დავჭირდები თუ არა მას საერთოდ. ფაქტია, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებას ჯერ არ ვაპირებ და თუ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, ისევე გამიხარდება, როგორც აქამდე.
ფრიდონ კერვალიშვილი