საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერლინის “ჰერტას” ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა, გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ ფელიქს მაგათი, რომელიც მოსკოვის “დინამოს” მომავალ თავკაცად მოიაზრება, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც უმუშავია.
ლევან კობიაშვილი: “მწვრთნელებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ჩემთვის მაგათი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისიტია, ვისთანაც მიმუშავია”.
- მიუხედავად იმისა, რომ “შალკე” მისი მთავარი მწვრთნელობის დროს დატოვეთ?
- მაშინ, არა მხოლოდ მე წავედი, არამედ, თითქმის მთელი გუნდი შეიცვალა. ეს მაგათის სურვილით არ მომხდარა. უბრალოდ, კლუბის პოლიტიკა იყო ასეთი, რომ მიზნად დეკორაციის შეცვლა დაისახეს. პირადად ჩემთვის, მწვრთნელს არაფერი უთქვამს – თავად წავედი, რადგან ვიცოდი, რომ “შალკეში” დიდხანს უკვე აღარ დავრჩებოდი. არა მგონია, რომ ის “დინამოში” წავიდეს, მაგრამ თუ ეს მოხდა, გუნდს პროგრესი ნამდვილად ექნება.
- მაგათს “დინამოში” ნაცნობები ჰყავს –კურანი, რომელთან ერთადაც “შალკეში” მუშაობდა და მისიმოვიჩი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით “ვოლფსბურგში” გერმანიის ჩემპიონი გახდა. ვორონინიც მისთვის კარგად ნაცნობია.
- ამ ხალხმა ნამდვილად იცის, რომ ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია. როგორც ადამიანი... ეს რთული თემაა.
- მართალია, რომ მაგათს ფეხბურთელების ფიზიკურად მომზადება საუცხოოდ შეუძლია?
- გუნდები, სადაც ის მუშაობდა, ყოველთვის საუცხოო ფიზიკურ ფორმაში იყვნენ. მართლია, მასთან ერთად მუშაობა რთულია, რადგან ფეხბურთელებს ძალიან დიდ დატვირთავს აძლევს. თუმცა, გამარჯვება თუ გინდა, თავდაუზოგავად უნდა იმუშაო. ექვსი თვის განმავლობაში, რაც მასთან გავატარე, ბევრი რამ ვისწავლე.
- გერმანიაში ფეხბურთელებს იმით აშინებენ, რომ მაგათი ვარჯიშებზე სპეციალურ მძიმე ბურთებს იყენებს...
- მართალია, მას ეს ძალიან უყვარს. ფეხბურთელები მძიმე ბურთებით სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებენ, როგორც ხელებით, ასევე, ფეხებით. შეკრებაზე ყოველთვის სამჯერადი ვარჯიშები აქვს - ადგომა დილის შვიდ საათზე, ერთსაათიანი სირბილი, შემდეგ სხვადასხვა დავალებების შესრულება. მსგავსი დატვირთვები არც ერთ მწვრთნელთან არ მქონია. თუმცა, ამის გარეშე არც შედეგი იქნება.
- მის შეგირდებს ეს ესმით?
- უნდა გაიგონ. ვისაც არ ესმის, გუნდში არ რჩება.
- მაგათს სელექციისთვის აქებენ –მაგალითად, “შალკე”, რომელმაც ევროპაში “გაიბრწყინა”...
- ბუნებრივია, მისი დამსახურებაა, რომ რაული მიიწვია. თუმცა, სელექციის მხრივ ყველაფერი ასე ცალსახად არ არის – რამდენიმე სეზონის განმავლობაში მან “ვოლფსბურგსა” და “შალკეში” 50-60 ფეხბურთელი აიყვანა, რომელთა შორის, 3-4 კარგი მოთამაშე ყოველთვის მოიძებნება. ამჟამად, მაგათის მიერ გელზენკირხენში მიწვეული ზოგიერთი ფეხბურთელი გუნდის მეორე შემადგენლობაში ვერ ხვდება. საერთოდ, სელექცია ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული. იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც მაგათის დროს “შალკეში” ვიყავი, ყოველთვე გუნდში 2-3 ახალი ფეხბურთელი მოდიოდა.
- ყველა აღნიშნავს, რომ “შალკედან” მაგათის წასვლის შემდეგ, ბევრმა შვებით ამოისუნთქა – ბაუმიოხანმა, მატიპმა, სარპეიმ...
- მწვრთნელის შეცვლის დროს ასე ხშირად ხდება. მაგათის დროს ბაუმიოხანი მეორე გუნდში გაუშვეს, მაგრამ ყველამ ნახა, რანგნიკის ხელში “ინტერის” წინააღმდეგ როგორ ითამაშა. კარგი ფეხბურთელია. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ “ბაიერნიდან” მაგათმა წამოიყვანა.
- საერთო აზრით, ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ მძიმე ხასიათი აქვს...
- უდავოა, რომ ის გერმანიაში ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია, მაგრამ საკმაოდ რთული ადამიანია. მაგალითად, პირადად მასთან კონტაქტი საერთოდ არ მქონდა. ჩემი აზრით, გუნდის მოთამაშეთა 90 პროცენტიც იგივე მდგომარეობაში იყო. მაშინ “შალკეში” თავისებული სიტუაცია იყო – მაგათი არა მხოლოდ მწვრთნელად მუშაობდა, არამედ, მენეჯერადაც. იგი მხოლოდ მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა.
- რა რეაქცია ექნება მაგათს, თუ რუსეთის რომელიმე პროვინციაში მოძველებულ სტადიონს დაინახავს, რომელიც შესაკეთებელია? თუ კარგი ხელფასის სანაცვლოდ ამას მოითმენს?
- ვფიქრობ, მას ფული საკმარისად აქვს, რადგან “შალკეში” არცთუ ცოტა ანაზღაურება ჰქონდა. არა მგონია, რომ მაგათი მხოლოდ ფულის სანაცვლოდ სადმე წავიდეს. როგორც ვიცი, მისთვის მთავარია, რომ გუნდს პერსპექტივა ჰქონდეს – მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში მოხვდეს. რაც შეეხება მოძველებელ სტადიონებს, ეს პრობლემას არც ჰიდინკს უქმნიდა. ვიმეორებ, რომ არა მგონია, მაგათი “დინამოში” წავიდეს, მაგრამ მსგავსი რამ თუ მოხდა, მოსკოვური კლუბისთვის ძალიან კარგი იქნება. რამდენად კარგი იქნება ფეხბურთელებისთვისაც, ვერ გეტყვით...
ლაშა თაბაგარი