გასულ კვირას, ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 350-ე მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში, კარიერის მანძილზე მას საკლუბო და სანაკრებო დონეზე 732 შეხვედრა გაუმართავს და 79 გოლი გაუტანია. კობიაშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში 1998 წლის 12 სექტემბერს მიუნხენის “ბაიერნთან” შედგა, როდესაც ქართველი “ფრაიბურგში” გამოდიოდა. მას მერე, მან “შალკესა” და “ჰერტაში” ითამაშა, ხოლო გერმანიის საუკეთესო ლიგაში თამაშეების რაოდენობით მხოლოდ კლაუდიო პისაროს ჩამორჩება. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც კობიაშვილმა “ჰერტას” ვებგვერდს მისცა.
- ბუნდესლიგაში ჩატარებული პირველი თამაში როგორ გახსენდებათ?
- რა თქმა უნდა, ამ თამაშიდან კარგი მოგონებები დამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნთან” 0:2 წავაგეთ. შანსი მქონდა, რომ ბუნდესლიგაში დებიუტისას ლიდერ “ბაიერნთან” რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. ბედნიერი ვიყავი.
- კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი თამაში დაგამახსოვრდათ?
- ყველა უფრო ორი მატჩი მახსენდება და ბუნდესლიგაში არც ერთი მათგანი ჩამიტარებია. ჩემპიონთა ლიგაში “შალკემ” პსვ-ს 3:0 მოუგო და სამივე გოლი მე გავიტანე. საქართველოს ნაკრებმა ბოლო წამზე ხორვატია დაამარცხა და მაშინაც, მე გავიტანე.
- ყველაზე უფრო რომელი შეხვედრის გახსენება არ გინდათ?
- დიუსელდორფში ჩატარებული თამაშის, როდესაც ბუნდესლიგიდან გავვარდით. ამის ერთხელ გახსენებაც კი უკვე საკმარისია.
- თქვენს მიერ გატანილი გოლებიდან საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო გოლი 2006 წელს “შალკეში” თამაშისას “ბაიერნს” გავუტანე, როდესაც ბურთი “ცხრიანში” გავგზავნე და ანგარიში 2:0 გავხადე. მაშინ, გუნდს რთული პერიოდი ჰქონდა და ძალიან ბევრს გვაკრიტიკებდნენ. ის თამაში მანუელ ნოიერისთვის “შალკეს” რიგებში ბუნდესლიგაში სადებიუტო იყო.
- ბუნდესლიგაში საყვარელი მეტოქე თუ გყავთ?
- დორტმუნდის “ბორუსია”. “ფრაიბურგთან” და “შალკესთან” ერთად დორტმუნდში ხშირად მომიგია. ეს ტრადიცია “ჰერტაშიც” გაგრძელდა. იმედია, 34-ე ტურში ჩემს ბოლო მატჩშიც ასე იქნება (10 მაისს კობიაშვილს “ჰერტადან” “ბორუსიასთან” მატჩში გააცილებენ, რედ.).
- თქვენთვის საუკეთესო სტადიონი რომელია?
- თბილისის “დინამოს” სტადიონის შემდეგ, ბერლინის “ოლიმპიაშტადიონი”.
- საყვარელი მაისური გაქვთ?
- ის, რომელშიც ყოველთვის ვთამაშობ. ალბათ, ჩემთვის საუკეთესო ყოველთვის 3-ნომრიანი მაისური იყო, რომლითაც “ჰერტაშიც” ვასპარეზობ.
- ყველაზე ემოციური მომენტი რა იყო?
- ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ, “აუგსბურგთან” ჩატარებული თამაში. სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ამდენი გაღიმებული სახე არასოდეს მინახავს. ეს არასოდეს დამავიწყდება.
- ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლით?
- ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და გერმანიაში ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე, რითაც ვამაყობ. მე ვიცი, რომ კარიერაში ბევრისთვის რომ მიმეღწია, ბევრ რამეზე უარი ვთქვი. თუმცა, ეს ამად ღირდა და ფეხბურთის თამაშით დღემდე ვტკბები.