ფეხბურთი

17:05 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ჩემს ქვეყანას ბევრი საფეხბურთო პრობლემა აქვს”

 

ლევან კობიაშვილი ამჟამად თურქულ შეკრებაზეა “ჰერტასთან” ერთად. დარჩა რამდენიმე თვე და ლევანი აქტიურ კარიერას დაასრულებს. მან Morgenpost- თან საუბარში აღნიშნა, რომ თამაშის ჟინი ძველებურად აქვს და სანამ ითამაშებს, ყველა მატჩში ბოლომდე დაიხარჯება. “კობიმ” თქვა, რომ არასოდეს უთამაშია ასეთი ძლიერი ხასიათის მქონე გუნდში, როგორიც “ჰერტაა”.  

ლევანს “დორტმუნდთან” გასვლაზე 2:1 მოგებული მატჩი გაახსენეს, რომელშიც მან შეუცვლელად ითამაშა უჩვეულო პოზიციაზე – ცენტრალურ მცველად. კობიაშვილმა, ფაქტობრივად, მთლიანად გამოთიშა თამაშიდან პოლონელი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი.

“სტადიონზე სასწაული ატმოსფერო იყო. რაც შეეხება ცენტრალური მცველის პოზიციას, ეს იოს ლუჰუკაის (მწვრთნელი) გადაწყვეტილება გახლდათ”.

კობიაშვილს არაერთ ძლიერ უცხოელ სპეციალისტთან უმუშავია, თუმცა გერმანიაში ყველაზე დიდხანს ფოლკერ ფინკეს შეგირდი გახლდათ. “ფრაიბურგის” ყოფილი თავკაცი, გეცოდინებათ, ახლა კამერუნის ნაკრებს წვრთნის. ლევანი ამბობს, რომ ფინკესთან ხშირი კონტაქტი აქვს:

“მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. ასე იყო ფინკეც და ოცნება აუხდა, თუმცა ის არცთუ კმაყოფილია ჯგუფით: კამერუნთან მოხვდნენ ბრაზილია, მექსიკა და ხორვატია”.

თავად ლევანმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მწვრთნელობა არ იზიდავს - ეს ჩემს ხასიათში არ ჯდებაო. თუმცა, “კობიმ” აღნიშნა, რომ საფეხბურთო სფეროში დარჩება.

“საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას. ჩემს ქვეყანას ბევრი საფეხბურთო პრობლემა აქვს. მინდა, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო, გერმანიაში მიღებული გამოცდილება მოვახმარო”.

0.115722