ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის (94) ჩამტარებელმა ლევან კობიაშვილმა, შაბათს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ისტორიული გოლი გაიტანა. გერმანიის II ბუნდესლიგის ერთპიროვნულ ლიდერ ბერლინის “ჰერტაში” მოთამაშე ნახევარმცველმა, “ვარტენის” იმ დროს გაუტანა, მეტოქემ ხეირიანად გონს მოსვლაც ვერ მოასწრო.
“მსოფლიო სპორტი” ლევან კობიაშვილს ისრაელში, ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩზე მგზავრობისას ესაუბრა.
- ლევან, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ასე კარგ ხასიათზე მყოფი შემდეგ სანაკრებო თამაშზე წასულიყავით.
- რა თქმა უნდა ნაკრებში, ასეთი რამ პირველად ხდება. ვიტყოდი, რომ 26 მარტი ყველაზე ბედნიერი დღე იყო პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოსთვის. წარმოდგენილი მაქვს, თვეობით ადრე ემზადებოდა ხალხი ამ მატჩისთვის, ბუნებრივია, ჩვენც და ისეთი წინაპირობა იყო მომზადებული, ნაკრებს მხოლოდ იმის ჩვენება დარჩენოდა, რაც მას დღესდღეობით შეუძლია, ბედნიერი ხარ, როცა ასეთ დღეს მოედანზე გადიხარ და შენი ქვეყნისთვის რაღაც კარგის გაკეთება გამოგდის. ბევრი ადამიანია, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რომელსაც უნდა, რომ ასეთ დროს რამე გააკეთოს, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არაფერი გამოსვლია.
- უკვე რამდენი წელია ნაკრებში ხართ და ეროვნულ გუნდს ასეთი კარგი მოლოდინი მორიგი მატჩისა კარგა ხანია არ ჰქონია.
- თავისთავად, ასეთი წარმატების შემდეგ, ყველა შესაბამის შედეგს მოითხოვს და ჩვენ სულ სხვაგვარად ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. სიმართლე გითხრათ, ხორვატიასთან თამაშის წინ, სულ ის პერიოდები მახსენდებოდა, როცა ჩვენს მოგებას ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსის მიღება უნდა მოჰყოლოდა. ასევე, რუმინეთის წინაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი იყო და ყველაფერი სულ ცუდად მთავრდებოდა. მიხარია, რომ საბოლოოდ ეს ბარიერი ნაკრებმა დასძლია და ისრაელში სულ სხვა იმედებით მივემგზავრებით.
თავისთავად, როცა შესარჩევი ციკლის ხუთ თამაშში გუნდი დაუმარცხებელია, ჯამში წელიწადნახევარია არ წაუგია და ხორვატიასაც მოუგებ, მოლოდინი ძალიან დიდია.
- მოდი, კლუბში დაბრუნების მოლოდინზეც ვთქვათ.
- არა მარტო იმიტომ, რომ გუნდშიც მყავს ხორვატი და ამ ეროვნების სხვა ფეხბურთელებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ვთვლი, რომ განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა ნამდვილად იქნება. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისრაელთან თამაშია. რაც მოხდა, მოხდა – შედეგი უკვე ისტორიაში ჩაიწერა, ჩვენ მასში მორიგი ღირსეული ფურცლის ჩაწერაზე უნდა ვიზრუნოთ.
- ლევან, მოდი, ის გავიხსენოთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა თქვენს საფეხბურთო კარიერაში უმნიშვნელოვანესი სანაკრებო გოლი გაიტანეთ.
- ყველაფერი ძალიან ემოციური იყო. თამაშის შემდეგ ცრემლები კარგა ხანს არ მქონია. მარტო იმის შეგრძნება რად ღირს, რომ ამდენი გულშემატკივრის წინაშე გაგაქვს გადამწყვეტი გოლი. მე პირადად, უკვე ვეღარ ვიხსენებ, ამდენი მაყურებელი ბოლოს როდის იყო ტრიბუნებზე – მგონი გერმანიასთან რომ 0-2 წავაგეთ, მაშინ. როცა ამდენი გულშემატიკავრი მოდის, ეს ჩვენ ყველას გვეამაყება და სულ სხვაგვარი შემართებით გავდივართ მინდორზე.
თან ისეთ მომენტში გავიდა ის გოლი, როცა ყველა 0-0-ის სამზადისში იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გოლი მატჩის მე-5 წუთზეც დიდ სიხარულს მოიტანდა, მაგრამ ასეთ დროს და ასეთ მეტოქესთან, ეს სულ სხვაგვარი შეგრძნებაა. რომ იტყვიან, დათო სირაძის “წყალი გადამესხა”.
- ლევან, კიდევ ერთხელ – რა შეიცვალა ნაკრებში ასეთი, რომ საქართველო საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
- პირველი ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფეხბურთელების დაბრუნება, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზების გამო, წლების განმავლობაში არ თამაშობდნენ ნაკრებში. მეორეც, ყველას მხრიდან ჩვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება დიდი ხანი არ ყოფილა. თითქოს ერთი ოჯახი ვართ, ყველას – ახალგაზრდას თუ გამოცდილს, ყველანაირი საშუალება აქვს, რომ თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს. მიხარია და ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ იმით, რომ ამ გუნდის ჩვეულებრივი წევრი ვარ.
სწორედ ესაა მთავარი მწვრთნელის მიღწევა, რომელმაც მოახერხა და ნაკრები ისე შეეკრა, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გამოვიდეთ მინდორზე. სხვა საკითხია, მოწინააღმდეგე როგორ დაგიხვდება – გაჯობებს თუ შენ აჯობებ.
- ბოლოს, კლუბზეც ვთქვათ. მგონი, მესამედ გიწევთ ბუნდესლიგაში დაბრუნება.
- ესაა ჩვენი მიზანი და იმედია, ასეც მოხდება. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა და ვნახოთ.
-კარიერის დასრულების შემდეგ, კლუბში დარჩენას და მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?
- ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მწვრთნელი არ ვიქნები, დანარჩენი მერე ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ვფიქრობ და ხვალ რა იქნება, არ ვიცი. შეიძლება, ჩემს ასაკში რომ იყო, თემურიც ასე ფიქრობდა, მაგრამ ხომ ხედავთ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
ფრიდონ კერვალიშვილი თელ ავივიდან