ფეხბურთი

17:06 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კაკუბავა: “ვფიქრობ, “ზესტაფონის” გარდა, ყველა ქართულ გუნდთან შეიძლება თანაბრად თამაში და მოგება”

ლევან კაკუბავა ერთ დროს თბილისის “დინამოს” შეუცვლელი მცველი გახლდათ, შემდეგ ტრავმა მიიღო და კარგა ხანს მკურნალობდა, ეს სეზონი კი რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო და ზამთარში გადავიდა ცხინვალის “სპარტაკში”. 23 წლის კაკუბავა მოხარულია, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და დაუფასდა კიდეც: თემურ ქეცბაიამ ლიხტენშტაინთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში.

“მსოფლიო სპორტი” კაკუბავას ესაუბრა:

-       გუშინდელ ტურში, “ვიტ ჯორჯიასთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში არ გითამაშიათ. თამაშიდან გამომდინარე, შეეძლო “სპარტაკს” უკეთესი შედეგის ჩვენება?

-       დასანანი მარცხი იყო. ვფიქრობ, ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით. მოგება როგორ ვთქვა, როცა 2 ბურთი გავუშვით და წავაგეთ. მომენტები გვქონდა და მინიმუმ, ფრის თამაში იყო. მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამიცდა.  

-       ცუდად არ დაგიწყიათ მეორე ეტაპი, ორი მატჩიც მოიგეთ. როგორ ფიქრობთ, ახლა რომ იწყებოდეს სეზონი, ექვსეულისთვის იბრძოლებდით?

-       აუცილებლად. მგონია, მოვხვდებოდით კიდეც ექვსეულში ამ მწვრთნელითა და შემადგენლობით. ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც გამოირჩევა და სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას ხარისხით, “ზესტაფონია”. ყველა დანარჩენ გუნდთან თანაბრად შეიძლება თამაში და მოგებაც.

-       “დინამოსთანაც”?

-       “ვიტ ჯორჯია”, “სიონი” და “მეტალურგი” თუ უგებენ “დინამოს”, ესე იგი, სხვებსაც შეუძლიათ მათი დამარცხება.

-       საინტერესოა, “მეტალურგიდან” “სპარტაკში” რატომ გადახვედით?

-       გაუგებარი ფინანსური სიტუაცია იყო “მეტალურგში”, ვერც ვერაფერს გვპირდებოდნენ. “სპარტაკში” უფრო დავინახე პერსპექტივა და წავედი. მარტო ფინანსური თვალსაზრისით არ წავსულვარ – უბრალოდ, სამომავლოდ ვერაფერს მეუბნებოდნენ “მეტალურგში”. ამასთან, რუსთავში პრემიალურები მაქვს ასაღები და არ ვიცი, როგორ იქნება საქმე.

-       ტრავმის გამო, საკმაო პერიოდი გაგიცდათ და ახლა რამდენად კმაყოფილი ხართ ფორმით?

-       კარგი იყო, არ გამცდენოდა. ტრავმები რომ არა, ვინ იცის, ახლა შესაძლოა, გაცილებით ძლიერ კლუბში ვყოფილიყავი, თუმცა ესაა ფეხბურთი. საერთოდ ცხოვრებაც ასეთია – წინაღობებით სავსე და ამას უნდა გაუძლო.

-       ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს. ალბათ, მოულოდნელი იქნებოდა.

-       რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. ნაკრებში ნათამაშევი მქონდა, მაგრამ 3 წლის წინ. თანაც, როცა “სპარტაკიდან” გიძახებენ, ცოტას არ ნიშნავს.

-       ნათამაშევი გაქვთ სლოვენიასთან და სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში. ანუ, ბედნიერი ფეხი გაქვთ...

-       ასე გამოდის. ორივე ის თამაში 2:1 მოვიგეთ. ახლაც, გამომიძახეს და ლიხტენშტაინთან გავიმარჯვეთ. სერიოზულად კი, ძალიან მინდა, მოვიდეს დრო და მუდმივად ვითამაშო ნაკრებში, წარმატებები გვქონდეს და მეც ჩემი წვლილი შევიტანო. 

0.116351