გროზნოს “ტერეკის” ნახევარმცველმა ლევან გვაზავამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის ჩვენი დროის გმირი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვია.
- წარმოშობით საიდან ხართ? დიდი ოჯახი გაქვთ?
- წარმოშობით საქართველოდან ვარ. ხობში დავიბადე და გავიზარდე, რომელიც აფხაზეთიდან ახლოსაა. 15 წლის ასაკამდე იქ ვსწავლობდი სპორტსკოლაში. მეუღლე და ორი ბიჭი მყავს.
- საქართველოში ნათესავებს ხშირად ნახულობთ?
- ზამთრის შესვენებისას იქ ხშირად ჩავდივარ მშობლების, მეგობრებისა და ნაცნობების სანახავად.
- ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?
- ერთხელ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილზე ფეხბურთს ვთამაშობდით. მასწავლებელმა შემამჩნია, მშობლები დაიბარა და ურჩია, რომ საფებურთო სპორტსკოლაში მივეყვანე. სპორტსკოლაში ვარჯიში ჭიდაობაში დავიწყე, მაგრამ ფეხბურთი უფრო მომწონდა. ამიტომ, გადავწყვიტე არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გამეკეთებინა და მწვრთნელმაც მხარი დამიჭირა.
- პირველი მწვრთნელი გახსოვთ?
- რა თქმა უნდა. ისე ხდებოდა, რომ ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლის დროს მწვრთნელები იცვლებოდნენ. პირველი მწვრთნელი ლევან ლემონჯავა იყო. ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის პაატა თათარაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ გავხდებოდი ის ლევან გვაზავა, რომელსაც თქვენ იცნობთ. მისი ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, ლევან ნოდიასთანაც ვვარჯიშობდი.
- თავიდანვე ნახევარმცველი იყავით თუ სხვა ამპლუაში თამაშობდით?
- თამაშს ცენტრალურ ნახევარმცველად ვიწყებდი და მას მერე ამ პოზიციაზე ვთამაშობ.
- რომელი ფეხბურთელის სათამაშო მანერა მოგწონდათ და ვის გსურთ რომ ჰგავდეთ?
- ყოველთვის მსურდა, ზიდანის მსგავს მანერაში მეთამაშა. ვცდილობდი “რეალის” ყველა მატჩი მენახა, რომ მის თამაშს დავკვირვებოდი.
- პირველი კონტრაქტი რამდენი წლის ასაკში გააფორმეთ?
- 15 წლის ვიყავი, როდესაც კონტრაქტი ხობის “კოლხეთთან” გავაფორმე. იქ წელიწადნახევარი ვითამაშე და უკრაინაში წავედი, ზაპოროჟიეს “მეტალურგში”, საიდანაც კიშინიოვის “ზიმბრუში” გადავედი.
- მოლდოვურ კლუბში თამაში რით დაგამახსოვრდათ?
- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და “ზიმბრუში” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში ვითამაშე. გოლიც კი გავიტანე. ამ ასაკში ასეთ დონეზე თამაშით ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- შემდეგ კავკასიაში დაბრუნდით და ვლადიკავკაზის “ალანიასა” და ნალჩიკის “სპარტაკში” თამაშობდით. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობდა ნალჩიკური კლუბის ფენომენი, რომელიც მწირი ბიუჯეტის მიუხედავად კარგ ფეხბურთს აჩვენებდა?
- უპირველესად, ეს მთავარი მწვრთნელის იური კრასნოჟანის დამსახურებაა. მას შეეძლო, გუნდი ყველასთვის უცნობი ფეხბურთელებისგან ჩამოეყალიბებინა. კრასნოჟანს შეუძლია თითოეულ მოთამაშეს გააგებინოს, თუ რა სურს მისგან. ბევრი რამ “სპარტაკს” სწორედ კრასნოჟანის ოსტატობის ხარჯზე გამოდიოდა.
- თქვენს კარიერაში მომდევნო კლუბი ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგია” გახდა. ეს პერიოდი შორეული გადაფრენების გარდა კიდევ რით დაგამახსოვრდათ?
- მხოლოდ გადაფრენები დამამახსოვრდა. ეს ხუმრობით, თორემ ვლადივოსტოკში ფეხბურთი ძალიან უყვართ და “ლუჩის” საკლუბო ინფრასტრუქტურა კარგ დონეზეა. ყველაზე დიდი მინუსი შორეული და მომქანცველი გადაფრენებია. ყველაზე დამქანცველი ფრენის ბოლო საათია.
- ფრენისას დრო როგორ გაგყავდათ?
- ზოგს ეძინა, ზოგი ბანქოს თამაშობდა, ზოგი ფილმს უყურებდა. ასეთ დროს ვერ იხმაურებ, რადგან ვიღაცას დასვენება და ძილი სურს.
- “ლუჩიდან” “ტერეკში” გადახვედით. გროზნოს კლუბში უპირველესად თვალში რა მოგხვდათ?
- უპირველესად, გუნდის მიმართ “ტერეკის” პრეზიდენტის რამზან კადიროვის დამოკიდებულება იყო შესამჩნევი. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია თავისი ხალხისთვის და გუნდისთვის. ჩანს, რომ სპორტი და ფეხბურთი უყვარს. მიკვირს, რომ უამრავი საქმის მიუხედავად, გუნდისთვის დროს პოულობს. რამზან კადიროვი ყველაფერს ასწრებს. უბრალოდ, გასაკვირია, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამდენ რამეს აკეთებს და წარმატებას აღწევს.
- 22-ნომრიანი მაისური რატომ აირჩიეთ?
- უბრალოდ, “ლუჩშიც” ამ ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი. ისე, ნომერს ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ცრუმორწმუნე ადამიანი არ ვარ.
- “ტერეკში” მესამე სეზონს ატარებთ და ყველაზე მეტად რომელი თამაში დაგამახსოვრდათ?
- “ზენიტთან” მატჩი, რომელიც 3:2 მოვიგეთ.
- მიმდინარე სეზონში “ტერეკი” ახალ სტადიონზე თამაშობს და “ახმად-არენაზე” რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- ჩემი აზრით, ჩვენი სტადიონი რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესოა. “ახმად-არენა” ბოლომდე რომ ივსებოდეს, იქ თამაში ორჯერ სასიამოვნო იქნებოდა. სამწუხაროდ, ალბათ, შევსებული სტადიონი არ დაგვიმსახურებია.
- რუსეთის პრემიერლიგაში ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. მათთან თუ მეგობრობთ?
- ყველას ვიცნობ. უფრო ახლო ურთიერთობა სირაძესთან, გოგუასთან და ამისულაშვილთან მაქვს. ჩვენ ერთად ნალჩიკის “სპარტაკში” ვთამაშობდით.
- კახა კალაძეს საკუთარი რესტორანი აქვს. ფეხბურთის გარდა, საკუთარი ძალების მოსინჯვა სხვა რამეში გსურთ?
- სიმართლე გითხრათ, ფეხბურთი ისე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, კარიერის დასრულების შემდეგ სხვა საქმეზე გადართვა გამიჭირდება. ცხოვრება გვაჩვენებს. ამაზე არც მიფიქრია.
- თქვენთვის ჩვენი დროის გმირი ვინაა?
- რამზან კადიროვი. ასეთ ახალგაზრდა ასაკში ალბათ ჩეჩნეთისთვის ამდენს ვერავინ გააკეთებდა.
- რომელი რუსი კომენტატორი მოგწონთ?
- აღვნიშნავ გიორგი თვალთვაძეს. იყო კიდევ ასეთი კომენტატორი კოტე მახარაძე. მისი მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. თამაშის ყურების დროს დამატებით ემოციას ვიღებდი.
- ალბათ, ზედმეტია იმის კითხვა ლეკურის ცეკვა იცით თუ არა. რა უნდა მოხდეს, რომ მოედანზე იცეკვოთ?
- წელს დასახული ამოცანა რომ შეგვესრულებინა და პირველ რვა გუნდს შორის მოვხვედრიულიყავით, ალბათ ვიცეკვებდი კიდეც. ახლა კი, ნამდვილად არ ვიცი.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა