34 წლის ნახევარცველმა ლევან გვაზავამ “ანჟის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ თავის დროზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მისულ ოფიციალურ მიწვევაზე უარი იმ კლუბის ხელმძღვანელობის ზეგავლენით თქვა, სადაც ასპარეზობდა.
- თქვენ უკვე გამოცდილი ფეხბურთელი ხართ და ალბათ, გადაწყვეტილების მისაღებად ვინმეს კონსულტაცია არ გჭირდებათ. თუმცა, შესაძლოა “ანჟიში” გადასვლის დროს ვინმესთან კონსულტაცია მაინც გქონდათ?
- მართლაც, პირველი დღე არაა რაც ფეხბურთში ვარ. ამჟამინდელ “ანჟიში”, გუნდის ნახევარზე მეტს ვიცნობ. ფეხბურთში მოღვაწე ხალხისგან ინფორმაცია გუნდის მთავარ მწვრთნელ სერგეი ტაშუევზეც მაქვს. მისი მოთხოვნები და სამწვრთნელო მეთოდიკა ვიცი.
- “ანჟიში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადახვედით. მახაჩყალელებმა როდის მოგმართეს? კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები თუ გქონდათ?
- წინადადებები რუსეთის პირველი დივიზიონის სხვა კლუბებიდანაც მქონდა. თუმცა, “ანჟის” ვარიანტი ყველაზე მისაღები იყო და მის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. კლუბს სერიოზული ამოცანა აქვს – პრემიერლიგაში დაბრუნება. ასაკი ასაკად, მაგრამ ასაკოვან ფეხბურთელად თავს არ მივიჩნევ. მთავარი სურვილია, რაც საკმარისი მაქვს, ისევე როგორც ძალა.
- “ანჟიში” გადასვლამდე ცოტა ხანი უზბეკურ კლუბ ფერღანის “ნეფთჩიში” თამაშობდით. უზბეკურ ფეხბურთზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- უზბეკეთში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პირველყოვლისა სტადიონების, აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, პირობები ჯერ კიდევ რუსეთზე უარესია. ქვეყნის წამყვან კლუბებს “ფახთაქორს”, “ბუნედკორს”, ტაშკენტის “ლოკომოტივს” კარგი პირობები აქვთ. საერთო შთაბეჭდილება ისაა, რომ უზბეკეთში ფეხბურთი “ცოცხლდება”. ორი-სამი წლის შემდეგ, უზბეკეთის ჩემპიონატი ნორმალური დონის იქნება. თუმცა, ერთი უსიამოვნო ფაქტორიცაა – სიცხე. იქ ჩრდილში 45 გრადუსი ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ პირობებში სუნთქვაც კი ძნელია, არათუ, სირბილი და ფეხბურთის თამაში.
- კარიერის განმავლობაში ბევრ გუნდში გითამაშიათ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ოთხი ქვეყნის ჩემპიონატებში გამოდიოდით. თუ არის კლუბი, რომელიც განვლი პერიოდში თქვენთვის მშობლიური გახდა?
- პრაქტიკულად ყველა კლუბს ვადევნებ თვალს, რომლებშიც მითამაშია. თუმცა, თუ ვისაუბრებ კლუბზე, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლობელი გახდა, მაინც “ტერეკია”. მის რიგებში ყველაზე დიდი ხანი ვთამაშობდი – სამწელიწადნახევარი.
- გაგვარკვიეთ, რატომ მიიჩნევით რუსეთში ლეგიონერად, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ჩაგიტარებიათ და მხოლოდ ახალგაზრდულში გითამაშიათ?
- თავის დროზე, საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს. კლუბში ოფიციალური მოთხოვნა მოვიდა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა უნდა დამებრუნებინა, რომელზეც უარი ვთქვი, რადგან რუსეთის მოქალაქე გავხდი. თუმცა, კლუბმა რომელშიც ვთამაშობდი, ჩემი ლეგიონერობა არ ისურვა. სამწუხაროდ, ამ სიტუაციაზე გავლენას ვერ მოვახდენდი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფეხბურთელს თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში სურს, მაგრამ გამოსავალი არ მქონდა და მიწვევაზე უარი ვთქვი. მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მითამაშია რამდენიმეჯერ. ამის მიუხედავად, ლეგიონერად მივიჩნევი, არადა, მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ვარ. ჩემი შვილები რუსეთში დაიბადნენ და სახლიც მაქვს. ამის თაობაზე შესაბამის ინსტანციას ოფიციალურად მივმართე. საკითხი წყდება.
- კავკასიელი ხართ. მშობლიურად რომელ ადგილს მიიჩნევთ?
- მშობლიური მხარე ქალაქი ხობია, რომელიც საქართველოშია. იქ დავიბადე, გავიზარდე და ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადავდგი. უფრო მეტად მშობლიური ადგილი არ არსებობს. ჩემი ნათესავები დღემდე იქ ცხოვრობენ. ხობში ბოლოს ერთი წლის წინ ვიყავი.