რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ხიმკის” ქართველმა ნახევარმცველმა ლევან გვაზავამ ინტერნეტ-გამოცემა championat.com-თან ინტერვიუში, ისაუბრა, თუ რატომ ვერ შეეწყო “ტერეკის” მთავარ მწვრთნელს სტანისლავ ჩერჩესოვს და კარიერის განმავლობაში გატანილი გოლებიდან ყველაზე მეტად რომელი დაამახსოვრდა.
- სეზონის დაწყების შემდეგ, “ხიმკიმ” უკვე მესამე მწვრთნელი შეიცვალა. ვალერი პეტრაკოვის კონცეფციებს ადვილად შეეჩვიეთ?
- ყოველი ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, გუნდისთვის გადაწყობა რთულია. თითოეულ მწვრთნელს საკუთარი ნიუანსები აქვს. ზოგი შეტევას ითხოვს, ზოგს ტაქტიკას დაცვაში თამაშზე აგებს - ყველა მწვრთნელს თამაშის თავისი ხედვა აქვს. რა თქმა უნდა, პეტრაკოვმა სათამაშო სტილში რაღაც შეცვალა, მაგრამ არსი იგივე რჩება.
- კარიერის განმავლობაში 10 გუნდში გითამაშიათ. ერთ კლუბში დიდ ხანს რატომ ვერ ჩერდებოდით?
- რატომ? “ხიმკიში” გადასვლამდე გროზნოს “ტერეკში” ვთამაშობდი, სადაც სამწელიწადნახევარი გავატარე. ჩემს სამუშაოს ყოველთვის სათანადოდ ვასრულებდი, ხოლო კლუბების შეცვლა კარგი ცხოვრებით ნამდვილად არ იყო გამოწვეული.
- გუნდებში სადაც გითამაშიათ, მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდათ?
- ბოლო პერიოდში კრასნოჟანთან, ბაიდაჩნისთვის, გროზნისთან, გულიტთან ვიმუშავე. არცერთთან პრობლემა არ მქონია. ერთადერთი მწვრთნელი, რომელთან კარიერის განმავლობაში პრობლემა მქონდა სტანისლავ ჩერჩესოვი იყო.
- ის რატომ არ გენდობოდათ?
- მას უნდა ჰკითხოთ. გუნდში მისი მოსვლის პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ ამ ადამიანს არ ვჭირდებოდი და ყველაფერს აკეთებდა, რათა “ტერეკიდან” წავსულიყავი. სასტარტო შემადგენლობაში არდაყენებით რომელი ფეხბურთელი იქნება კმაყოფილი? ამას ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით.
- ყველაზე მეტად კომფორტულად თავს რომელ გუნდში გრძნობდით?
- ყველგან სადაც მითამაშია, კარგი მოგონებები დამრჩა – ნალჩიკშიც, ვლადივოსტოკშიც, “ტერეკშიც”. ასევე, სხვა გუნდებშიც, სადაც ახალგაზრდობაში გამოვდიოდი. კონფლიქტური ადამიანი არ ვარ და არ ყოფილა შემთხვევა სადმე არ მომწონებოდა.
- 2010 წელს საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოგიძახეს და საბოლოოდ, ნაკრებში რატომ ვერ მოხვდით?
- მიზეზი ის იყო, რომ მაშინ რუსული პასპორტი მქონდა და ქართულ პასპორტს თავიდან ვაკეთებდი, თუმცა საქმე “ტერეკთან” ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო გაიწელა. გუნდში ბევრი უცხოელი იყო და კლუბის ხელმძღვანელობამ მთხოვა მოქალაქეობა არ შემეცვალა, რათა მეც ლეგიონერად არ ჩავთვლილიყავი, რადგან მათზე ლიმიტი იყო.
- რუსეთის პრემიერლიგაში 140 მატჩი ჩაატარეთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ საკუთარი კარიერით კმაყოფილი ხართ?
- არც ერთი ფეხბურთელი არ იქნება კმაყოფილი თუ კარიერის განმავლობაში ჯილდო არ მოუგია. ალბათ, უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო თუ გავიხსენებთ იმ წლებს, როდესაც პრემიერლიგაში ვთამაშობდი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად მადლობელი ვარ ღმერთის, რომლის წყალობით ფეხბურთში პატარა ნაბიჯები მაინც გავაკეთე.
- თუმცა, ჯილდოები გქონდათ, როდესაც მოლდოვაში ჩემპიონობა და ქვეყნის თასი მოიგეთ?
- ამის მიუხედავად, რუსეთისა და მოლდოვის ჩემპიონატების შედარება არაკორექტულია. ეს ფეხბურთის აბსოლუტურად განსხვავებული პოლუსებია. რუსეთის ჩემპიონატის დონე ყოველ წელიწადს იზრდება.
- კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
- ბევრის გახსენება შემიძლია, მაგრა უპირველესად ეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გეტებორგში და კიშინიოვში ჩატარებული თამაშებია. ორი მატჩის ჯამში შვედურ “გეტებორგს” ვაჯობეთ. სახლში 3:1 მოვუგეთ, ხოლო სტუმრად 2:2 ვითამაშეთ. ორივე მატჩში გოლი გავიტანე. თუმცა, განსაკუთრებით ლამაზი შვედეთში გატანილი გოლი აღმოჩნდა, როდესაც ბურთი მცველს თავს ზემოთ გადავუგდე და ისე, რომ მიწაზე არ დამიშვია დავარტყი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ლამაზი გოლი იყო, რომელიც დამამახსოვრდა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა