საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა თანამდებობა დატოვა და მის შემცვლელს დომენტი სიჭინავა დაახლოებით ერთ კვირაში დაასახელებს.
ამის შესახებ, ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” როგორც ფედერაციის პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ, ასევე, თავად ფანიაშვილმა დაუდასტურეს.
ამიერიდან, ფანიაშვილი ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯობის განვითარების მენეჯერი იქნება. ეს თანამდებობა უეფას რეკომენდაციით შეიქმნა.
“მართალი გითხრათ, მთავარი რის გამოც ეს ნაბიჯი გადავდგი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამდენ რამეზე კონცენტრაცია მიჭირდა. ამას ადრეც ვაპირებდი. სეზონის მსვლელობისას რამდენად სწორი იყო ამის გაკეთება თუ არასწორი...ჩავთვალე რომ უნდა გამეკეთებინა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ველაპარაკე და წინააღმდეგობა არ შემხვედრია. ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გაფორმდა. ჩემი ფუნქცია იქნება, მსაჯთა სწავლების პროცესის კურირება, უცხოეთთან კონტაქტები, მსაჯების დაწინაურება ან დაქვეითება და ა. შ. ერთი სიტყვით მენეჯმენტი. ბევრ რამეს აქამდეც ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ჩემი მოვალეობები უფრო ნათლად განისაზღვრა. სამსაჯო განყოფილება ჩვეულებისამებრ დარჩება და მუშაობას გააგრძელებს” – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” ფანიაშვილმა.