საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან ცქიტიშვილმა საფეხბურთო აგენტობაზე გამოცდები ჩააბარა და მალე დიპლომსაც აიღებს. 34 წლის “ცქიტომ” შარშან დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და აი, ისევ საყვარელ სფეროში აპირებს საქმიანობას.
“მსოფლიო სპორტი” ლევანს დაუკავშირდა:
- როდისთვის ელოდებით ლიცენზიის აღებას?
- გამოცდები ჩავაბარე და უკვე ველოდები. თუმცა, ამბობენ, აგენტობა უქმდებაო.
- როგორ თუ უქმდება?
- ფიფას შემოაქვს წესი, რომლის თანახმადაც საფეხბურთო აგენტების ნაცვლად, კლუბებთან ნდობით აღჭურვილი პირები, იურისტები იმუშავებენ. თუმცა ეს გადაწყვეტილი არაა, 2011 წელს გაირკვევაო (ანუ, ფიფა-ს სურს, რომ თითოეული ტრანსფერი იყოს გამჭვირვალე და კონგრესზე გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა ახალი სისტემა. და თუ მიიღეს, ეს სისტემა ასეთი იქნება: ტრანსფერებში მონაწილეობას მიიღებენ კლუბთან ნდობით აღჭურვილი პირები ან იურისტები. თითოეული ტრანსფერი აღიბეჭდება ინტერნეტით, ანუ იმ სისტემით, რასაც ფიფა დანერგავს. და ყველა კლუბი ამით იხელმძღვანელებს – რედ.).
- პარტნიორები უკვე გყავთ აგენტის სფეროში?
- ჯერჯერობით, მარტო ვარ, თუმცა ეს არ გამიჭირდება. მეგობრების მეტი რა მყავს.
- რაც თამაშს თავი დაანებეთ, რას საქმიანობდით?
- სპორტულ ცხოვრებას არ ჩამოვშორებივარ. გასართობად ვთამაშობ ხოლმე ფეხბურთს.
- ხომ არ თვლით, რომ კარიერა ნაადრევად დაასრულეთ?
- შესაძლოა, ნაადრევიც იყო, მაგრამ უკვე ჩავლილი ამბავია და ამაზე ბევრი ფიქრი აღარ მინდა.
ილია ნანობაშვილი