საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატს 2 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. ლევან ბერიანიძე (120 კგ) რეპეშაჟის ფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის დაუპირისპირდება. ოქრო-ვერცხლის შანსი ქართველმა მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში, უმთავრეს ფავორიტთან – რუს ბილიალ მახოვთან წაგებით დაკარგა. იქამდე კი, 3 მეტოქე ჩამოიცილა – პოლონელი ვლადისლავ ბარტნიკი, ყაზახი მარიდ მუტალიმოვი და ირანელი ფარიდ მასუმი ვალადი.
ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში – 66 და 74 კილოგრამებში თამაშდება, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებს სამეულის გზა საწყის ეტაპზევე ჩაეკეტათ, რადგან ფინალამდე მისვლა ვერც მათმა მძლეველებმა შეძლეს. ამერიკელი ბრენტ ჰაროლდ მეტკალფის ძლევის შემდეგ, ოთარ თუშიშვილისთვის (66 კგ) დაუძლეველი ბარიერი მონღოლი ბატზორიგ ბუიანიავი აღმოჩნდა, ხოლო გელა საღირაშვილმა (74 კგ) კანადელ მეთიუ ჯუდა ჯენტრის ვერ აჯობა.
ოთარ მაღლაკელიძე