თბილისის "ლოკომოტივი" ისედაც ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო პირველ ლიგაში და ახლა კიდევ უფრო უმცროსებით წარსდგება ჩემპიონატში. როგორც იცით, ფაქტობრივად მთელი შემადგენლობა (17 ფეხბურთელი) ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა. "ლოკომოტივს" მკვეთრად აღებული გეზი აქვს - ახალგაზრდების გაზრდა.
"მსოფლიო სპორტი" კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას შეხვდა, რომელსაც როგორც "ლოკომოტივის" ამბებზე, ასევე ზოგადად ქართულ საკლუბო ფეხბურთში დატრიალებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ:
- სადაც მოგვახვედრებენ, იქ ვითამაშებთ. სახელმწიფო პროგრამაზე, ფინანსებზეა დამოკიდებული. თუ ფინანსები იქნება, ეგებ ღირდეს კიდეც უმაღლესში გუნდების რაოდენობის გაზრდა, თუ არადა, პირველ ლიგაში გამოსვლის ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.
- ანუ, 16-გუნდიანობის თემა რეალურად მიგაჩნიათ?
- არ ვიცი. ეს ითქვა, მაგრამ სერიოზული გაგრძელება არ მოჰყოლია.
- სანამ უშუალოდ "ლოკომოტივზე" ვიტყოდეთ, საინტერესოა თქვენი აზრი ზოგადად ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე - რაზეც ამდენი საუბარი მიდის.
- ჯერ უნდა დაითვალოს, რა თანხა იხარჯება ფეხბურთში. რამდენს იღებს თვითმართველობა, რამდენს სპორტის სამინისტრო და განსაკარგავად უნდა გადაეცეს ერთ-ერთ ორგანოს. შემდეგ ეს თანხა სამართლიანი პრინციპით უნდა გადანაწილდეს უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგის და ასევე, ჭაბუკთა ლიგის გუნდებზე. როცა ეს დაითვლება და სამართლიანად გადანაწილდება, მერე აღარ იქნება ლაპარაკი, "დილას" ამდენი რატომ მიეცით და ჩვენ ნაკლები რატომ შეგვხვდაო. არ უნდა იყოს უსამართლობის შეგრძნება, ახლა კი გარკვეულწილად მესმის იმ გუნდების აღშფოთება, რომლებიც ამბობენ, "დილას" თუ 2 მილიონი მიეცით, ჩვენ რატომ არ გვაძლევთო. უბრალოდ, ბოიკოტის დრო არაა ქართულ ფეხბურთში. ძლივს მოგვეცა შანსი, გზები გამოჩნდა და სწორი მიმართულება უნდა ავირჩიოთ.
- თანხის სამართლიანად გადანაწილებაში, ალბათ, დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილებას გულისხმობთ.
- ეს უკვე იოლი გასაკეთებელია. მთავარია, მივიდეთ ამ სამართლიან პრინციპებამდე. მე თუ გამგებელი ვარ და მაქვს სტადიონი, მოვძებნიდი ინვესტორს და კი არ ვეტყოდი, შენ ჩადე ფული-მეთქი, არამედ ფულს გადავცემდი, სტადიონს გადავცემდი მართვაში და ვეტყოდი, მოდი, შენ მართე კლუბი. დღეს არავინ ფიქრობს, რომ კლუბს სჭირდება თავისი სტადიონი და ბაზა. ყველას უნდა, რომ ქირით აიღოს.
- "ლოკომოტივზე" ვთქვათ: ახლა, როცა მთელი შემადგენლობა 'ტორპედოში" გადავიდა, რა სახით წარსდგება "ლოკომოტივი"? კიდევ უფრო ახალგაზრდებს დააწინაურებთ?
- რა თქმა უნდა. ჩვენ 2 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ 16 წლის ჭაბუკებით გვეთამაშა, გავიდა ეს ორი წელი და მგონი, ამ ბიჭებს არაფერი დაჰკლებიათ. ბოლო 6 თვის განმავლობაში გუნდს თამაში არ წაუგია. ძალიან სასიხარულოა, რომ შარშანდელ 17-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, 7 ჭაბუკი "ლოკომოტივიდან" იყო. იგივე პრინციპით გაგრძელდება ახლაც, ეს ბიჭები, ვინც ახლა გვყავს, გაიზრდებიან და თავის სიტყვას იტყვიან.
- "ტორპედოს" ქომაგებმა მტკივნეულად აღიქვეს ეს პროექტი.
- არ ვიცი, რატომ. "ტორპედომ" გაახალგაზრდავებისკენ აიღო გეზი. მათ ისედაც კარგი კონტიგენტი ჰყავდათ 19-20 წლის ნიჭიერ ფეხბურთელებით. ვფიქრობ, სწორი გეზია, როცა ახალგაზრდებს იწვევ და მათ ასპარეზს აძლევ. ეს ბიჭები უკვე იმსახურებენ უმაღლეს ლიგაში თამაშს.
- "ტორპედოდან" თუ გაიყიდებიან ეს ფეხბურთელები, თანხა "ლოკომოტივსაც" ხომ შეხვდება?
- კომპენსაცია აღზრდის სანაცვლოდ. მე არ მაქვს "ტორპედოში" სტატუსი, ეს ფეხბურთელები უკვე ქუთაისურ კლუბს ეკუთვნიან. საერთოდ, ჩვენ არ გვაქვს კაბალური კონტრაქტები ფეხბურთელებთან და არავის ვაბამთ ადგილზე. 18 წლის შემდეგ, მოთამაშესთან უნდა დაჯდე, ყველაფერი შეუთანხმო და ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმო. ხდება, როცა კლუბი ისეთ კონტრაქტს უფორმებს ფეხბურთელს, რომ ის მთელი კარიერის განმავლობაში დავალებულია.
- "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება?
- ჩვენ გვყავს A ლიცენზიის მქონე კარგი მწვრთნელები: ლაშა ჭაღიაშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი ჩიტაური. უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ.
- ვიცით, რომ ფეხბურთში საკმაო თანხას ხარჯავთ და საინტერესოა, რაიმე მოგებას ნახულობთ?
- ათასში ერთხელ ტრანსფერი თუ განხორციელდება და ისიც, თანხა ისევ კლუბს ხმარდება.
- საგურამოში თამაშობთ და ვარჯიშობთ. როგორ მდგომარეობაშია მინდვრები?
- საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ვუვლით და რა თქმა უნდა, ეს ფინანსებს უკავშირდება.
- ბავშვთა ელიტ-ლიგაში "ლოკომოტივი" რატომ არ თამაშობს?
- ჩვენ მხოლოდ სამ ასაკობრივ ჯგუფში გვყავს გუნდი. ჭაბუკთა ლიგაში ვმონაწილეობთ. უმცროს ასაკში კი ბევრი ბავშვი არ გვყავს.
- არ გიფიქრიათ, რომ ტაქტიკა შეგეცვალათ და "ლოკომოტივი" მხოლოდ ახალგაზრდების გაზრდაზე კი არ იყოს ორიენტირებული, ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს უმაღლეს ლიგაში?
- ძლიერ გუნდს დიდი თანხაც სჭირდება, ჩვენთან კი არაფერი მუშაობს: მორღვეულია სისტემა. რისგან უნდა მივიღოთ შემოსავალი? ბილეთები აქ არ იყიდება, სატელევიზიო პროექტებზე არაფერს ვამბობ. კლუბები წელიწადში მილიონ ევროს იხდიან, რათა ტელევიზიამ მათი მატჩები აჩვენოს.
- აქ, იქით კლუბმა უნდა გადაიხადოს ფული. პარადოქსია.
- ასეა და ამგვარ პირობებში ძლიერი გუნდის გაკეთება ძნელია.
- "ლოკომოტივის" წლიური ბიუჯეტი რამდენია?
- 700000-800000 ლარი.
- "ლოკომოტივის" ყოფილ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსაზე რომელიც ახლა "ტორპედოში" მუშაობს: რა კავშირებით ჩამოიყვანეთ საქართველოში?
- ჩვენ ბარსელონაში ჩავდივართ საკმაოდ მაღალი დონის ტურნირებზე. 3-ჯერ ვიყავით იქ. ადრე ლევან ყენიაც მივიყვანეთ "ბარსაში" გასინჯვაზე, შემდეგ დავით დარციმელია და გიორგი არაბიძეც გვყავდა. ამ კონტაქტების საფუძველზე გავიცანით ჟერარდ სარაგოსა. მისი კანდიდატურა გვირჩია გარსია კოლომერმა, რომელიც "ბარსელონაში" ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ჟერარდ სარაგოსათი კმაყოფილი ვიყავი, დიდი სამუშაო შეასრულა გუნდში და ვუსურვებ, "ტორპედოშიც" წარმატებები ჰქონდეს.
- ენდიკა ბორდასი?
- ჩვენი და თავად ჟერარდის სურვილიც იყო, რომ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გვერდში ჰყოლოდათ გამოცდილი მოთამაშე. ბორდასს პრიმერა დივიზიონში მრავალი წელი გაუტარებია. თუ საჭირო გახდება, კიდევ შეიძლება ჩამოვიყვანოთ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი.
- როგორც ვიცი, თქვენ კატეგორიული წინააღმდეგი ხართ ახალგაზრდების რუსეთსა და უკრაინაში გაშვებისა. K '
- მოდით, ასე ვთქვათ: ვინ გაამართლა? მე არ ვიცი ასეთი ქართველი ფეხბურთელი. კი, ბატონო, იქ დიდი ფულია, ჩემპიონატის დონეც მაღალია, მაგრამ რაღაც არაჯანსაღი სიტუაცია ჩანს. მე ვერავის დავაძალებ, რუსეთსა და უკრაინაში არ წახვიდეთ-მეთქი. ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ, არ ვურჩევდი ბიჭებს. გეზი ევროპისკენ უნდა გვქონდეს.
- "ლოკომოტივმა" რამდენიმე წლის წინ ლევან ყენია გაყიდა "შალკეში". სხვადასხვა სატრანსფერო ფასს ამბობენ და გვითხარით: რამდენად გაიყიდა ყენია?
- 3 მილიონ ევროდ.
- მას შემდეგ, საქართველოდან ასეთი ხმაურიანი ტრანსფერი აღარ ყოფილა. ასეთი კი არა, მიახლოებულიც კი... რატომ? ხომ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე თავიანთ ასაკში ბევრს არ ჩამოუვარდებიან.
- მიდგომა შეიცვალა. კრიზისმა იმოქმედა, თანხას აღარ იხდიან. ამას გარდა, 18 წლამდე არაევროკავშირელისთვის კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია.