საქართველოს 18 და 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებისგან განსხვავებით, 16-წლამდელთა გუნდისგან მეტს ველოდით, თუმცა, ჯერჯერობით, ვერც გია კაზანჯიანის შეგირდები ყოჩაღობენ.
ჭაბუკმა ქართველებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში მე-2 მატჩი ჩაატარეს და ისევ მარცხი განიცადეს. შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელებმა პირველ ტურში სლოვენიასთან ბრძოლაში 73:81 წააგეს, დღეს კი ისრაელთან უშანსოდ დამარცხდნენ – 63:86.
ქართველებისთვის დამღუპველი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 9:27 დათმო და საერთოდაც, ნაკრებმა მეტად არასტაბილურად ითამაშა. მარტივი სტატისტიკა: ქართველმა კალათბურთელებმა საწყის სამ მეოთხედში მხოლოდ 33 ქულა ჩააგდეს, დასკვნით ათწუთეულში კი – 30.
ისრაელმა მოხსნებში საგრძნობლად გვაჯობა – 45:33, ჩვენზე ნაკლები დაკარგვები ჰქონდა – 16:24 და შედეგიან პასებშიც დიდი უპირატესობა აღმოაჩნდა – 19:10. ერთადერთი, რაშიც ორივე გუნდი მოიკოჭლებდა, საჯარიმო ტყორცნები იყო. ქართველმა კალათბურთელებმა 31-დან 19 საჯარიმო ჩააგდეს, მეტოქემ კი კიდევ უარესი მაჩვენებელი დააფიქსირა – 13 28-დან.
საქართველოს ნაკრებში გამორჩეული ფიგურა გახლდათ ნიკოლოზ ლეონიძე, რომელმაც 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 23 წუთში 27 ქულა მოაგროვა, რაც დიდებული შედეგია.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გადის და იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს სათამაშო მასპინძელ მაკედონიასთანაც დარჩათ, მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
ქართველი 16-წლამდელები მაკედონიელებს 24 აგვისტოს ეთამაშებიან, შემდეგი მატჩი კი 23-ში აუტსაიდერ ნორვეგიასთან ელით.