დასრულდა თუ არა საფეხბურთო სეზონი, ცოლის მოსაყვანად გახაზირებულმა ევროპელმა უცოლო ფეხბურთელებმა მაშინვე გადადგეს ცხოვრებაში მკვეთრი ნაბიჯები და ივნისის თვეში უკვე არაერთი ცნობილი და პოპულარული მობურთალი დაქორწინდა. სხვებს არც ტურინის ”იუვენტუსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი ჩამორჩა და სამი დღის წინ ისიც ჩაეწერა ცოლიან ფეხბურთელთა უგრძეს რიგში.
ლეონარდო ბონუჩიმ ცოლად ყოფილი მსახიობი - მარტინა მაცარი მოიყვანა და სიენაში გამართულ დიდ ქორწილში, თანაგუნდელებთან ერთად, თითქმის მთელი იტალიის საფეხბურთო საზოგადოება დაპატიჟა. მარტინა მაცარიმ სამსახიობო კარიერა თავის დროზე საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობადაც ითვლებოდა იტალიაში, მაგრამ შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად, უარი თქვა მსახიობობაზე და დღემდე მცირე ბიზნესით არის დაკავებული. მარტინა და ლეონარდო ერთმანეთს რომში შარშან, ერთ-ერთ დიდ წვეულებაზე შეხვდენენ და მათი სასიყვარულო რომანიც იქიდან დაიწყო.
სხვათა შორის, ლეონარდო ბონუჩი დაქორწინებას ჯერ კიდევ თითქმის ორი თვის წინ, მაისის დასაწყისში აპირებდა, მაგრამ ტურინული კლუბის ხელმძღვანელებმა სთხოვეს, საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე მოეცადა, რადგან ქართველებისა არ იყოს, იტალიელებსაც ნამეტნავად უყვართ ქორწილი და ხმაურიანი ქეიფები. ასეთ გრანდიოზულ ქორწილსა და ”პურისჭამას” კი ”იუვენტუსის” აბა რომელი ფეხბურთელი დააკლდებოდა?!