ინტერვიუები

14:39 | 23.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი: “გოლებს აუცილებლად გავიტან – ეს მხოლოდ დროის საკითხია”

24 ივნისს ლეო მესის დაბადებიდან 23 წელი უსრულდება, სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კი ერთგვარი საჩუქარი მას არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ გაუკეთა, როდესაც ალბისელესტეს ლიდერს კაპიტნის სამკლავური ჩააბარა. ამით მესი არგენტინის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა – ბერძნებთან მატჩის დროს ლეო 22 წლისა და 363 დღის ასაკისა გახლდათ. დაბადების დღეზე საჩუქარი თავად ლეომაც გაიკეთა, რაც მის ჩვეულ კარგ თამაშსა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაში გამოიხატა. ჯერჯერობით, ალბისელესტეს წამყვანი მოთამაშე მუნდიალზე გოლის გატანას ვერ ახერხებს, თუმცა, როგორც თავად ირწმუნება, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბურთებს აუცილებლად შეყრის მოწინააღმდეგეთა კარში.  
- როგორი განწყობით ჩაიბარეთ არგენტინის ნაკრების კაპიტნის სამკლავური და ალბისელესტეს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში გაუძეხით?
- 2010 წლის 22 ივნისი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ დღედ დარჩება. როდესაც შევიტყვე დიეგო მარადონა ხავიერ მასკერანოს რომ ასვენებდა და კაპიტნობა მე მომანდო, ენით აუწერელი ემოცია დამეუფლა. ვერც კი წარმომედგინა, მუნდიალზე არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნობის პატივი ოდესმე თუ მხვდებოდა წილად. ამისთვის კი უღრმეს მადლობას უფალს და მარადონას ვწირავ.
- მოდით სამუნდიალე თემას ოდნავ გადავუხვიოთ. “ბარსელონას” კაპიტნობაზე თუ ფიქრობთ?
- ესეც ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა და მტკიცედ მწამს, ეს დღეც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგება. ჯერჯერობით კი, “ბარსაში” რამდენიმე ჩემზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებიც კარგა ხანია “კამპ ნოუზე” ასპარეზობენ და ცოტა ხნით მოცდა მომიწევს.
- ბერძნებთან მატჩში კარგა ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდით გოლის გატანას. ეს იმის ბრალიც ხომ არაა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ მერვედფინალის საგზური უკვე გარანტირებული რომ გქონდათ?
- ბერძნები “ჩაკეტილ” ფეხბურთს თამაშობდნენ, ამიტომაც მათი მასირებული დაცვის გარღვევა გაგვიჭირდა. ოტო რეჰაგელის გუნდში მრავლად არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც კარგად იციან, როგორ ჩაშალონ მოწინააღმდეგის შეტევა. საბოლოოდ ჩვენმა მონდომებამ და კლასმა თავისი სიტყვა მაინც თქვა – დემიკელისისა და პალერმოს ზუსტი დარტყმებით სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რამაც უზომოდ გაგვახარა. ისე კი, მთელი მატჩის მსვლელობისას გულის სიღრმეში მჯეროდა, ჩვენი ტექნიკური უპირატესობა ბოლოს და ბოლოს მატერიალურშიც რომ გადაიზრდებოდა. ბერძნები თავის დაცვითაც მოვქანცეთ და ასპარეზობის მიწურულს მათი დაცვის ხაზი მწყობრად სულაც არ გამოიყურებოდა. ეს მთლიანად ჩვენი დამსახურებაა.
- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს, თუმცა, მიმდინარე მუნდიალზე გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებთ...
- ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეტოქის კარში ბურთის გატანისა, მაგრამ მთავარი ხომ გუნდის წარმატებაა. ამ მხრივ გულდასაწყვეტი ნაღდად არაფერი მაქვს. გოლებს კი აუცილებლად გავიტან – ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
- ბევრი მიმდინარე მუნდიალზე არაკვალიფიციურ მსაჯობას უჩივის. თქვენ რას იტყოდით არბიტრების კვალიფიკაციაზე?
- მსაჯს ბერძნების მხარე ეჭირა და მათ “ბინძურად” თამაშის საშუალებას აძლევდა. ჩემი კოზირი სწრაფი თამაშია, ელადელები კი წვრილი ჯარიმის მეშვეობით, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. არბიტრი მოწინააღმდეგის უხეშობაზე თვალს ხუჭავდა. ყველაფრის მიუხედავად, მეც და ჩემმა პარტნიორებმაც ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შევძელით.
- რა განწყობით შეხვდებით საფლეიოფე ეტაპს?
- მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო სულისკვეთებით! მერვედფინალიდან ყველაფერი თავიდან იწყება და ყოველ მომდევნო მატჩს განსაკუთრებული მონდომებით ვითამაშებთ.

გოჩა კაჭარავა

 

0.118279