ინტერვიუები

10:24 | 8.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესი: “ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა”

ლიონელ მესის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი უდგას. მან “ბარსელონასთან” ერთად წელს ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თან ყველა ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. გასული სეზონის მსგავსად, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ამჯერადაც ლიდერობს, ხოლო ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად ერთი პატარა ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი. გარდა ამისა, კატალონიურ კლუბს შანსი აქვს ისტორიაში პირველად გახდეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი, მესიმ კი ფიფას ვერსიით პლანეტის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვოს.
ფიფას ოფიციალური საიტის წარმომადგენელთან საუბრისას მესი, როგორც ყოველთვის, მოკრძალებული იყო. არგენტინელმა ფეხბურთელმა ინტერვიუს დროს ისაუბრა “ბარსელონას” ტიტულებზე, მსოფლიოს საკლუბო და სანაკრებო ჩემპიონატებზე და ამ უკანასკნელზე არგენტინის შანსზე.
- მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები უკვე ცნობილია. შეუძლია არგენტინას ამ ტურნირის მოგება?
- ჩვენ გვმართებს ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული, მშვიდად ყოფნა და ყოველ მომდევნო მატჩზე კონცენტრირება. ჩემპიონობის მოგებაზე ფიქრს სჯობს კონკრეტულ მატჩში გამარჯვებაზე ვიფიქროთ.
- “ალბისელესტეს” პრობლემები ჰქონდა ფინალურ ეტაპზე მოხვედრასთან დაკავშირებით. როგორი მდგომარეობაა ამჟამად გუნდში?
- ეროვნული ნაკრებისთვის ახალი ეტაპი ახლახანს დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე თამაში გავაუმჯობესოთ და ვთვლი, რომ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მოვასწრებთ.
- ცოტა ხნის წინ ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის ლიდერს, ესპანეთის ნაკრებს ეთამაშეთ. რა შეგმატათ ამ მატჩმა?
- ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ შესვენების შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ და მოგებაც შეგვეძლო. ეს თამაში ორივე გუნდისთვის კარგი გამოცდა იყო. ესპანეთის ნაკრები “ბარსელონასთან” მიმსგავსებული სტილით თამაშობს. მათ არაერთი ფანტასტიკური ფეხბურთელი ჰყავთ.
- არის ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი?
- ჩემი აზრით ესპანეთი დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. ისინი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ და შესაბამისი შედეგებიც აქვთ. გუნდს უდიდესი ნდობა აქვს გამოცხადებული და ასეთი დონის ტურნირზე გამგზავრების წინ ეს ნებისმიერი ნაკრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
- გადავინაცვლოთ საკლუბო ფეხბურთში, სადაც კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი გელით, ამჯერად აბუ დაბიში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნირია. რამდენად გხიბლავთ მიმდინარე წელს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შესაძლებლობა?
- ესაა ტიტული, რომელიც არც “ბარსელონას” და არც მისი დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობას არასდროს მოუგია. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ასევე იქნება ისტორიული წლის ბოლო ტურნირი და გვსურს მასში წარმატების მიღწევა. რაც შემეხება პირადად მე, განვაგრძობ წინ ყურებას და განვითარებაზე ფიქრს. ჩემი სურვილია “ბარსელონასთან” ერთად ტიტულების მოგება და მომავალ ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში კარგად ასპარეზობა.
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე “ბარსამ” 2006 წელსაც ითამაშა, მაგრამ მაშინ თქვენ ტურნირზე ტრავმის გამო ვერ მიიღეთ მონაწილეობა. ფიქრობთ, რომ გუნდმა სამი წლის წინ დაშვებულ შეცდომებზე საკმარისად ისწავლა იმისათვის, რომ წელს წარმატებას მიაღწიოს?
- დიახ. სამწუხაროდ ტრავმა ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მივიღე და იძულებული ვიყავი მისთვის თვალი არგენტინიდან მედევნებინა. ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც გუნდმა მიიღო, არის ის, რომ საკუთარ თავში ზედმეტად არ უნდა იყო დარწმუნებული და მეტოქე საფუძვლიანად უნდა გყავდეს შესწავლილი.
- რა იცით თქვენს შესაძლო მეტოქეებზე?
- სიმართლე გითხრათ ჯერ არაფერი. მაგრამ როდესაც დრო მოვა, მწვრთნელი იზრუნებს ჩვენს ინფორმირებულობაზე. რა თქმა უნდა, როგორც არგენტინელმა, “ესტუდიანტესის” შესახებ შედარებით მეტი ვიცი. ეს არის გუნდი, რომელსაც ლამაზი ფეხბურთის თამაში უყვარს. არგენტინელთა შემადგენლობაში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი ასპარეზობს. მათგან კი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამორჩევის ღირსია ხუან სებასტიან ვერონი. სწორედ იგი წარმართავს გუნდის თამაშს.
- არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ეს ტურნირი პირველად იმართება. რა იცით ამ ქვეყნის შესახებ?
- ჯერ არაფერი, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა ახალი ქვეყნის გაცნობა. თუმცა, არ მგონია ქვეყნის დასათვალიერებლად ბევრი დრო გვქონდეს. ჩვენ ძირითადად ვმოძრაობთ სასტუმროდან სტადიონამდე და სტადიონიდან სასტუმრომდე. ემირატებში ჩვენ ქვეყნის დასათვალიერებლად კი არა, სათამაშოდ და მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად მივდივართ. მრავალი წლის შემდეგ ჩემპიონატი იაპონიაში აღარ ჩატარდება და კარგი იქნება, თუ ტურნირის ახალ ეტაპზე პირველ გამარჯვებას “ბარსელონა” იზეიმებს.
- “ბარსელონა” შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. არის დღევანდელი კოლექტივი ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელშიც ოდესმე გითამაშიათ?
- ასე ვერ ვიტყოდი. საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავდა 2006 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. იმ დროს ჩვენთან თამაშობდნენ რონალდინიო, დეკუ და შამუელ ეტო’ო. დიდი სიამოვნება იყო იმ გუნდის წევრობა. როგორც დღევანდელმა, ასევე მაშინდელმა გუნდმა ბევრს მიაღწია და არჩევანის გაკეთება ძნელია.
- ბოლო შეკითხვა. თქვენ უკვე მოიგეთ “ფრანს ფუტბოლის” მიერ დაწესებული “ოქროს ბურთი”. ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა მალე გახდება ცნობილი. შეძლებთ წელს ბოლოს და ბოლოს ამ ჯილდოს მოპოვებას?
- იმედი მაქვს. ამ ჯილდოს მოგების შანსი მესამედ მეძლევა და იმედი მაქვს ეს მცდელობა მაინც იქნება წარმატებული (იცინის).

მიშა ზაქარეიშვილი

0.108537