ფოლკლენდის, იგივე მალვინის კუნძულები, არგენტინასა და ინგლისს შორის მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი გახლავთ. უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ კუნძულებზე ბრიტანეთის სამხედრო ნაწილია განლაგებული და ამას, ვერა და ვერ ეგუება არგენტინის მთავრობა და ხალხი. სწორედ ამიტომაც, ეს კუნძულები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია არგენტინა-ინგლისის თავზე და რა გასაკვირია, რომ ფოლკლენდის კუნძულების თემას გვერდს ხშირად ვერც ცნობილი სპორტსმენები უვლიან ხოლმე.
ორი დღის წინ, არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას“ მეგავარსკვლავ ლეო მესის, ერთ-ერთი ინგლისური გამოცემის ჟურნალისტი მოცულობით ინტერვიუზე შეუთანხმდა. წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ნათქვამი იყო, რომ ლეო ოდენ ფეხბურთზე ილაპარაკებდა და ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო – ერთი საათი _ ფეხბურთზე საუბრისას პატიოსნად უნდა გახარჯულიყო. მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ბრიტანელმა მოკალმემ, ვეღარ მოითმინა და ლეოს მაინც დაუსვა კითხვა ფოლკლენდ-მალვინის კუნძულების თემაზე, რამაც ჩია არგენტინელი ძალიან გააბრაზა.
ლეო მესის გაბრაზება ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის ტონმა გამოიწვია. ინგლისელმა ფეხბურთელს კითხვა ასე დაუსვა: “როცა ყველა ხედავთ, რომ ინგლისი არგენტინას ფოლკლენდს არასოდეს დაუბრუნებს, მაინც რატომ არ გინდათ არგენტინელებს რეალობისათვის თვალის გასწორება?!“ რა გასაკვირია, რომ ჟურნალისტის ეს უცნაური გამოხდომა მესიმ ვერ აიტანა და ინტერვიუ მთელი 25 წუთით ადრე შეწყვიტა, რაც ჭეშმარიტი არგენტინელისგან ნამდვილად მოსალოდნელი იყო.