ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს შორეულ 2001 წელს აქვს მოგებული აშშ-ის ღია პირველობის ერთეულთა ტურნირი. ერთ დროს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნიუ იორკში ამჯერად მერვედფინალშია გასული და ამ სტადიაზე რუს იუჟნისთან სათამაშოდ ემზადება.
- დონსკოისთან მძიმე ბრძოლაში მოიგეთ. თქვენთვის მატჩს უარყოფითი დაღი დელ პოტროსთან დამღლელმა შეხვედრამ მოახდინა?
- გეთანხმებით, თავდაპირველად კორტზე დუნედ გამოვიყურებოდი, მაგრამ შემდეგ თანდათან საკუთარ სათამაშო რიტმს მივაგენი. ეს კარგი ნიშანია და სამომავლოდაც წარმატების იმედს მიტოვებს.
- თქვენი სამერვედფინალო მეტოქე მიხაილ იუჟნია. რას გვეტყოდით მომდევნო ოპონენტზე?
- ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე ბრძოლის გადატანა მომიწევს. ჩვენ ერთი ასაკის ვართ. იუჟნი მაღალი კლასის ჩოგბურთელია, მარცხნიდან ცალი ხელით თამაშობს და მეტად საიმედოდ გამოიყურება უკანა ხაზიდან ასპარეზობისას.
- ამერიკის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების მერვედფინალში უჩვეულოდ ბევრმა ასაკოვანმა მოთამაშემ გააღწია. რით ახსნით ამ ფაქტს?
- ვერაფერს მოგახსენებთ. ეტყობა, ჩოგბურთის თამაში ისე მოგვწონს, საყვარელ საქმეს ვერა და ვერ ველევით. კარგია, მერვედფინალში ჩემი თაობის მოთამაშესთან რომ მომიწევს პაექრობა. წლევანდელი ტურნირის მონაწილეთა ნახევარს, მათი ასაკიდან გამომდინარე, არცკი ვიცნობ.
- როგორ გგონიათ, რომელ ეტაპამდე გააღწევთ?
- ყოველთვის მომდევნო მატჩზე ვარ ორიენტირებული და უფრო წინ არ ვიხედები. ასე იყო მაშინაც, როდესაც რეიტინგში პირველ ადგილზე ვიყავი. სადიდსლემო ტურნირებზე მთავარია პირველ საასპარეზო კვირაში კარგად გამოვიდე, მეორეში კი კონცენტრაციის იმედი მაქვს.
- აშშ-ის ღია პირველობას ერთადერთი ავსტრალიელი შემორჩით. ეს დამატებით მოტივაციას არ გმატებთ?
- არა. ამის გამო ნაკლებად ვნერვიულობ. ისე კი, კარგი იქნებოდა, ტომიჩიც გასულიყო მერვედფინალში. ახლა მარტო მომიწევს ავსტრალიის ღირსების დაცვა.