ფეხბურთი

19:23 | 5.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ცხადაძემ გაიტანა, ჭანტურიას ცოტა დააკლდა, ხიზანიშვილმა ტრაპიზონელებთან მოიგო

რუსეთის ჩემპიონატში ქართველები დამარცხდნენ. გიორგი ჭანტურიამ შეუცვლელად ითამაშა "ზენიტი"-"ალანიას" შეხვედრაში (4:0) და გოლის ვერგატანის მიუხედავად, ურიგო მატჩი არ ჩაუტარებია. ჭანტურიამ რამდენჯერმე გაამწვავა შეტევები და გოლის გატანამდეც ცოტა დააკლდა. მისი ჩახვეული დარტყმის შემდეგ, "ზენიტის" მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა, ბურთს შესწვდა და შემდეგ ხარიხაც დაეხმარა.

"ალანიაში" მამუკა კობახიძეს არ უთამაშია - განაცხადშიც არ გახლდათ. ვალერი გაზაევის გუნდი ბოლო ადგილზეა და სასწაულიღა თუ უშველის.

კვლავ 90 წუთი გაატარა მინდორზე "რუბინის" ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ. ყაზანელები 82-ე წუთზე დაწინაურდნენ სტუმრად "ანჟისთან", თუმცა დარჩენილ დროში 2 გოლი გაუშვეს და წააგეს. კვირკველიამ მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"რუბინს" რომ მოეგო, მესამე ადგილზე გადავიდოდა, ახლა კი მეხუთეზეა. რუსეთში სულ 3 ტური დარჩა.

იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" გასვლაზე 5:1 სძლია "ვიჩენცას" და მეოთხე ადგილზეა. ლევან მჭედლიძე 77-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ექვსივე გოლი გასული იყო. ირაკლი შეყილაძე კი განაცხადში არ გახლდათ. "ემპოლი" პლეი ოფში ითამაშებს, სადაც 4 გუნდი იბრძოლებს ერთი საგზურისთვის.

აზერბაიჯანში ბაქოს "ინტერმა" "ბაკის" 2:1 სძლია. "ინტერიდან" სასტარტოში იყვნენ გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე და ბაჩანა ცხადაძე, რომელმაც 33-ე წუთზე კარგად დაასრულა კონტრშეტევა და ანგარიში გახსნა. ეს ცხადაძის მე-8 გოლი იყო სეზონში. ლომაიამ და კანდელაკმა გაფრთხილებები მიიღეს.
"ბაკიში" შეუცვლელად ითამაშა გიორგი ფოფხაძემ. "ბაკი" მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო "ინტერი" - მესამეზე. კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი 1 ქულით ჩამორჩება "ყარაბაღს" და 7 ქულით - ლიდერ "ნეფთჩის". აზერბაიჯანში 3 ტური დარჩა სათამაშო.

თურქეთში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" შინ 2:1 სძლია "ტრაბზონსფორს" და მეექვსე ადგილზეა. ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და კარგადაც გამოიყურებოდა. ქართველი მცველი თურქეთში წლეულს რიგიან სეზონს ატარებს და შემთხვევითი არაა, რომ ბრიტანულ კლუბებს კვლავ სურთ მისი გადაყვანა. 

 

0.138907