ავთო ებრალიძემ პირველი გოლი გაიტანა პორტუგალიის ჩემპიონატში. "ჟილ ვისენტეს" 22 წლის ქართველმა გარემარბმა სტუმრად "პასუშ დე ფერეირასთან" 71-ე წუთზე გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 0:2. მან რუი კაეტანოს პასი გამოიყენა. ებრალიძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ავთოს პორტუგალიაში აქამდე თასზე ჰქონდა გოლი გატანილი.
კვიპროსზე "ანორთოსისმა" შინ 1:1 ითამაშა "ნეა სალამისთან" და მეექვსე ადგილზეა. შოთა გრიგალაშვილი სასტარტოში და 76-ე წუთამდე ითამაშა. ანგარიში სწორედ მან გახსნა, ლამაზი გოლი მიითვალა 67-ე წუთზე. ეს მისი მესამე გოლია სეზონში. შემდეგ კი,'"ანორთოსისმა" ბოლო წუთზე გაუშვა ბურთი.
რუსეთის პრემიერლიგაში სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა გია გრიგალავას ”ანჟიმ", რომელმაც შინ 1:0 მოუგო "რუბინს". "ანჟი" ბოლო ადგილზე რჩება. გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება "რუბინს", მათ რიგებში საბა კვირკველია მინდორზე არ გამოჩენილა – სათადარიგოთა სკამზე იყო.
განახლდა რუსეთის პირველი დივიზიონი და ნალჩიკის "სპარტაკმა" შინ 2:1 აჯობა ხაბაროვსკის "სკა ენერგიას". ამ შეხვედრაში ანგარიში დავით სირაძემ გახსნა 32-ე წუთზე. სირაძემ 85 წუთი ითამაშა, მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჯიქიამ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, ხოლო გუჯა რუხაია სათადარიგო იყო. "სკა-ენერგიადან" 90 წუთი გაატარა მინდორზე გიორგი ნავალოვსკიმ, გოგიტა გოგუა 50-ე წუთზე გორის "დილას" ყოფილმა ფორვარდმა ნათან ჟუნიორმა შეცვალა, ხოლო კახა ალადაშვილი სათადარიგო გახლდათ.
აქვე ვთქვათ, რომ ეს სირაძის მესამე გოლია მიმდინარე პირველ დივიზიონში. ნალჩიკელები მეცხრე საფეხურზე არიან, ხოლო "სკა-ენერგია" მერვეზე.
ლიდერმა "მორდოვიამ" შინ 2:2 ითამაშა "უფასთან". აკაკი ხუბუტია სათადარიგო გახლდათ. ხუბუტიას შარშან თამაშის პრობლემა უწყვეტად ჰქონდა, ამჯერად კი ზედიზედ მეორე მატჩია, რაც მწვრთნელი იური მაქსიმოვი არ ათამაშებს – ერთი კვირის წინ სათასო შეხვედრა გამოატოვებინა.
თურქეთში "ქაისერისფორმა" ამჯერად "გაზიანთეფსფორთან" წააგო (1:2) და კიდევ უაფრო მიუახლოვდა ქვედა ლიგას. ქაისერელები ბოლო ადგილზე არიან. ხიზანიშვილმა ეს მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.