გიორგი რეხვიაშვილსა და ირაკლი მოდებაძეს მომავალ სეზონში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ. საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ კონტრაქტები დაუმთავრდათ და გუნდი დატოვეს. მანამდე თბილისელები ლეგიონერებს – დარკო გლიშიჩს (მაკედონია), იენს იანსეს (ჰოლანდია) და დორინ გოგას (რუმინეთი) დაემშვიდობა.
სეზონს დასრულების შემდეგ, “დინამომ” პირველად 2 ივნისს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ყოფილი მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას ასისტენტის რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ივარჯიშა. თბილისელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ლორია, ხიდეშელი, პაპავა, პაპუნაშვილი, ძარია, მარცვალაძე და კვირკველია აკლდნენ. “დინამოს” მოგვიანებით შეუერთდებიან ესპანელი ჩისკო და კოტდივუარელი პატრიკ ვუო.
გუნდის ახალი თავკაცი ჩეხი მიხალ ბილეკი საქმიანობას 6 ივნისიდან შეუდგება.