დღეს, 9 ივლისს, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა კალათბურთის აკადემიაში ღია ვარჯიში ჩაატარა. ხვალ კი გამთენიისას ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში უცხოურ შეკრებაზე მიემგზავრება. არჩილ ჟღენტის გუნდი ლატვიაში, ფინეთსა და ბულგარეთში მთლიანობაში 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
18 წლამდელთა ნაკრები ლატვიაში ერთკვირიან შეკრებას (10-17 ივლისი) გაივლის. ქართველები ლატვიის 18 წლამდელთა ნაკრებს ერთხელ შეხვდებიან, ადგილობრივი პირველი ლიგის გუნდებთან კი 2 სპარინგ-მატჩს გამართავენ.
17-დან 20 ივლისის ჩათვლით საქართველოს ნაკრები ფინეთში გაივლის შეკრებას, რის ფარგლებშიც ადგილობრივ ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩში იასპარეზებს. ფინეთიდან ქართველები ბულგარეთში გადაინაცვლებენ და 21 ივლისს ამ ქვეყნის ნაკრებთან სპარინგ-მატჩს ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი) სწორედ ბულგარეთში, 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან ერთად. თუ საქართველო საუკეთესო 2 გუნდში მოხვდება, ჯგუფიდან გავა და ბრძოლას A დივიზიონში გადასასვლელად განაგრძობს.
ელიტარული დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
ლუკა ზაქრაძე (უკანახაზელი) – ჰიუნდაი
თორნიკე გაგუა (უკანახაზელი) – არმია
ნუგზარ ტაბაღუა (უკანახაზელი) – რუსთავი
გოგი გოგობერიშვილი (უკანახაზელი) – რუსთავი
დავით ლომიძე (ფორვარდი) – მართვე
გიორგი გუგეშაშვილი (ფორვარდი) – შსს-აკადემია
ლევან მასხულია (ფორვარდი) – გრან კანარია, ესპანეთი
სოსო მაჭავარიანი (ფორვარდი) – არმია
ლუკა გიორგაძე (ფორვარდი) – აკადემია
გიორგი ცირეკიძე (ფორვარდი) – რიმინი კრაბს, იტალია
ვასილ კუტალაძე (ცენტრი) – შსს-აკადემია
გიორგი ტურძელაძე (ცენტრი) – რუსთავი
ვილი ისიანი (ცენტრი) – გრან-კანარია, ესპანეთი
მაიზერ რევაზაშვილი (ცენტრი) – მაკაბი
სამწვრთნელო შტაბი
მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჟღენტი
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: გიორგი ნიკოლაძე
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: დიმიტრი ჟაკობოვი
ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი: გელა წულაძე
მენეჯერი: გიორგი ბუცხრიკიძე
ექიმი: ზურაბ იოსელიანი
კალენდარი. მითითებულია თბილისის დრო
24 ივლისი
საქართველო-ავსტრია 15:45
25 ივლისი
ესტონეთი-საქართველო 13:30
26 ივლისი
ისრაელი-საქართველო 20:15
27 ივლისი
საქართველო-ისლანდია 17:00
28 ივლისი
გერმანია-საქართველო 22:30
გთავაზობთ ინტერვიუს ნაკრების მთავარ მწვრთნელ არჩილ ჟღენტთან.
- როდის დაიწყეთ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება და თავიდან გუნდში რამდენი კალათბურთელი გამოიძახეთ?
- ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება 2 ივნისს დავიწყეთ. გაფართოებულ შემადგენლობაში 19 კალათბურთელი შევიყვანე, რომელიც 14-მდე დავიდა.
- როდის გახდება ცნობილი იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ?
- იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ლატვიური შეკრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ნაკრებში დარჩენილი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებენ, ხოლო ნაკრების მიღმა დარჩენილი ორი სპორტსმენი საქართველოში დაბრუნდება.
- თუ შეიძლება გვითხარით ამხანაგური შეხვედრების განრიგი.
- 12 ივლისს ჩვენი მეტოქე ლატვიის 18 წლამდელთა ნაკრები იქნება, ხოლო 14 და 16-ში ამ ქვეყნის საკლუბო გუნდებს შევხვდებით, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ლატვიის შემდეგ ფინეთში გადავინაცვლებთ, სადაც ამ ქვეყნის 18 წლამდელთა ნაკრებს 18-სა და 19 ივლისს დავუპირისპირდებით. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ბულგარეთის დედალაქალ სოფიაში 20-ში ჩავფრინდებით. 21-ში კი ამ ქვეყნის 18 წლამდელთა ნაკრებს გავეჯიბრებით.
- სანაკრებოდ შეგულებული კალათბურთელებიდან გუნდში ყველა გყავთ?
- დისკვალიფიკაციის გამო ვერ იქნება უკანახაზელი ლევან გოგალაძე (“შსს აკადემია), რომელიც მოედანზე ჩხუბის გამო ერთ სეზონს გამოტოვებს, ტრავმა აწუხებს ფორვარდ დავით ლომიძეს (“მართვე”), მაგრამ ექიმი მაიმედებს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.
- საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების მსგავსად, თქვენც ხომ არ გყავთ გუნდში შედარებით ახალგაზრდა კალათბურთელები?
- 5 კალათბურთელი (გოგობერიშვილი, ტურძელაძე, გიორგაძე, კუტალაძე, ლომიძე) 17 წლისაა, ხოლო ერთი – ცირეკიძე – სულაც 16 წლის არის.
- 18 წლამდელთა ნაკრებში შედარებით უმცროსი ასაკის სპორტსმენების გამოძახება რამ განაპირობა?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არაა განპირობებული. 18 წლამდელთა შორის იმდენად მცირეა კარგი კალათბურთელების რაოდენობა, რომ იძულებული გავხდი გუნდი უმცროსი ასაკის კალათბურთელებით შემევსო.
- ჩვენი ჯგუფის მონაწილე გუნდებს თუ იცნობთ?
- ყველაზე კარგი გუნდი გერმანიას ჰყავს, ისრაელი საკალათბურთო ქვეყანაა და ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. ხელწამოსაკრავი გუნდი არც ავსტრიას, ესტონეთსა და ისლანდიას ეყოლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.