კალათბურთი

14:59 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიას საქართველო ჯგუფში არ სურდა

ამხანაგური მატჩისთვის კი ჩვენს ფედერაციასთან დაკავშირებას აპირებს


2015 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის დასრულების შემდეგ, მომავალი ბატალიების შესახებ არაერთი კომენტარი გაკეთდა, უპირველესად კი გუნდების შანსები იქნა განხილული.

ამჯერად, თქვენს ყურადღებას F ჯგუფს მივაპყრობთ, სადაც ლატვია, შვედეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი მოხვდნენ, ჩვენი ინტერესი კი ბალტიისპირელთა ეროვნული ნაკრებების დირექტორის მარის იუჩმანისის კომენტარებმა მიიპყრო.

ამ უკანასკმელმა საქართველოს ეროვნული გუნდი პირველად მაშინ ახსენა, როდესაც მას წილისყრის შედეგების შეჯამება სთხოვეს. “უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ. ერთადერთი ის გახლავთ, რომ გუნდის მოგზაურობისთვის ფინანსური თვალსაზრისით, საკმაო თანხის გადახდა მოგვიწევს.

სპორტული კუთხით თუ შევხედავთ, უმთავრესი კონკურენტი შვედეთი უნდა იყოს, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე რუსეთს მოუგო, შემდეგ კი ოთხივე მატჩი დათმო. სკანდინავიელებს საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავთ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მე-2 კალათიდან შეიძლებოდა, რუსეთი, ისრაელი, საქართველო ან მაკედონია შეგვხვედროდა, კარგად გადავრჩით”.

იუჩმანისმა ლატვიელთა მზადების ციკლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონტროლო მატჩის ჩატარება საქართველოს ნაკრებთანაც სურთ.

“ჩვენი გუნდი შესარჩევი ციკლისთვის მზადებას ივნისის ბოლოს ანუ ოფიციალური თამაშების დაწყებამდე 6 კვირით ადრე დაიწყებს. წარსულის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს ოპტიმალური ვადაა. ვაპირებთ მოლაპარების დაწყებას ლიტვის, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის კალათბურთის ფედერაციებთან, რათა მათ ეროვნულ გუნდებთან საკონტროლო შეხვედრები გავმართოთ”.

შეგახსენებთ, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველო და ლატვია ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა აინარს ბაგატსკისის ბიჭებს ორივე მატჩი მოუგეს, თუმცა, წარმატების მიღწევა ორივე შემთხვევაში ძალიან გაუჭირდათ. ქართველებმა შინ 79:76 იმარჯვეს, სტუმრად კი – 73:70.

დასასრულ დავძენთ, რომ, უკრაინაში დაგეგმილი ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ ციკლში საქართველო E ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად მოხვდა. ქართველი კალათბურთელები პირველ მატჩს 10 აგვისტოს თბილისში ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.124302