კალათბურთი

19:44 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლატვია მეზობლის იმედად

საკალათბურთო ევროპირველობაზე ბოლო ტურის რიგი მატჩები გაიმართა. უკრაინის ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე გამარჯვება იზეიმა და ჯგუფიდან უპრობლემოდ გავიდა. ლატვიის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე შეხვედრა მოიგო და ჯგუფიდან გასასვლელად ლიტვისა და ბოსნიის შეხვედრის ანგარიშზეა დამოკიდებული.

A ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი _ უკრაინა 68:87 (18:21, 13:27, 20:22, 17:17)

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში თავისი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მაიკ ფრატელოს შეგირდებმა დიდი ბრიტანეთი 19 ქულის სხვაობით გაანადგურეს. ჟოე პრუნტის შეგირდებს თეორიული შანსი დარჩათ ჯგუფიდან გასასვლელად. თუ ბელგიის ეროვნული გუნდი საფრანგეთთან 27 ქულის სხვაობით დამარცხდება, ამ შემთხვევაში ჯგუფიდან დიდი ბრიტანეთი გავა. ნაკლები სხვაობით წაგების შედეგად ბელგია მეორე ეტაპზე ითამაშებს. ასე რომ, ბრიტანელებმა საქმე გაირთულეს და საფრანგეთის იმედად დარჩნენ.

 

დიდი ბრიტანეთი: ვან ოოსტრუმი (25წ. 12ქ. 3მ. 4პ), აჩარა (21წ. 12ქ. 5მ. 1პ), ლოურენსი (28წ. 10ქ. 1მ. 3პ)

უკრაინა: ზაიცევი (18წ. 11ქ. 5მ), ნატიაჟკო (18წ. 11ქ. 2მ), გლადირი (25წ. 9ქ. 7მ. 4პ)

 

B ჯგუფი

ლატვია _ მაკედონია 76:66 (27:16, 22:20, 13:16, 14:14)

ლატვიამ ჯგუფში მესამე გამარჯვება მაკალები-ანტიჩის კამპანიასთან აღნიშნა. ბაგადსკისის შეგირდებმა პირველი მეოთხედი 11 ქულის სხვაობით მოიგეს და როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

ამ გამარჯვებით ლატვიამ მეორე ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ბალტიისპირელები მეზობლის იმედად რჩებიან - ლიტვის ნაკრებმა ბოსნიას უნდა მოუგოს. თუმცა არის მეორე ვარიანტიც: თუ ბოსნია 13 ან 16 ქულის სხვაობით მოიგებს, შემდეგ ეტაპზე მაინც ლატვია გავა _ აქედან გამომდინარე, ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა ჯერ უცნობია.

 

ლატვია: იანიცენოკსი (32წ. 15ქ. 5მ. 5პ), ბერზინსი (24წ. 15ქ. 9მ. 2პ), მეიერსი (19წ. 12ქ. 9მ)

მაკედონია: ანტიჩი (34წ. 16ქ. 5მ. 1პ), გეჩევსკი (18წ. 11ქ. 4მ. 1პ)

 

D ჯგუფი

საბერძნეთი _ ფინეთი 77:86 (23:22, 12:15, 12:21, 30:29)

D ჯგუფში საბერძნეთსა და ფინეთს შორის მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ფინელებმა 9-ქულიანი სხვაობით მოიგეს და როგორც აღმოჩნდა, მატჩიც ამავე სხვაობით დაამთავრეს. ორივე გუნდი ჯგუფიდან გასული იყო და ერთადერთი მნიშვნელობა ურთიერთშეხვედრის ანგარიშს ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან გასულ ნაკრებებს მეორე ეტაპზე ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულები გადაყვებათ.

 

საბერძნეთი: ზისისი (29წ. 19ქ. 1მ. 3პ), სპანულისი (33წ. 17ქ. 1მ. 3პ), მავროკეფალიდისი (18წ. 10ქ. 7მ).

ფინეთი: კოპონენი (33წ. 29ქ. 2მ. 3პ), კოტი (27წ. 14ქ. 6მ. 1პ), მუურინენი (18წ. 15ქ. 5მ).

 

გიორგი ბალახაძე

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.145763