ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის მსგავსად, ლანჩხუთის “გურია” სიურპრიზების შეთავაზებას წელსაც განაგრძობს. გუნდმა, რომელიც ზამთარში ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა დატოვა და ფინანსური პრობლემების ფონზე ხეირიანი შეკრებაც არ გაუვლია, ანთალიამოვლილი “დილა” გორში დაამარცხა.
გამარჯვება შემთხვევითი ნამდვილად არ იყო, რადგან სტუმრებმა თამაში კონტრშეტევაზე ააგეს და მცირე შანსიც მაქსიმალურად გამოიყენეს. “დილას” ტრავმირებული გულვერდ თომაშვილი, ლუკა რაზმაძე, ნიკა სადაღაშვილი, კობა შალამბერიძე და ნიკა ჯიშკარიანი აკლდნენ, მაგრამ ეს ფაქტი ლანჩხუთელების წარმატებას არ აკნინებს.
აღსანიშნავია, რომ მთავარი მსაჯის ჯენერი ხორავას მიერ “დილას” კარში დანიშნული ორი პენალტიდან, გორელებს არც ერთი გაუპროტესტებიათ.
პირველი ტაიმის შუაწელამდე სახიფათო მომენტი არცერთ კართან შექმნილა. 27-ე წუთზე, გიორგი ბერიაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტი პასი გაუკეთა ლევან კორღალიძეს, რომლის ეფექტური “მაკრატელა” არაზუსტი აღმოჩნდა.
34-ე წუთზე, მარჯვნიდან კორღალიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა დავით რაჟამაშვილმა ახლო მანძილიდან თავით სუსტად დაარტყა და ანგარიშის გახსნის შანსი გაუშვა – მინდია ბობღიაშვილმა ივარგა. 36-ე წუთზე კორღალიძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი “გურიას” კარის ზედა ძელს გადაცდა.
მალევე, ცენტრალურმა მცველმა ჯაბა ბერიანიძე ტრავმა მიიღო და ნიკა კილაძემ შეცვალა.
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა შეუტიეს და მარჯვენა ფრთიდან ალექსანდრე შენგელიას პასის მერე, გორელთა საჯარიმოში მყოფმა გიგა კვერენჩხილაძემ უზუსტოდ დაარტყა.
მეორე ტაიმი მცირე ხნის განახლებული იყო, რომ “დილას” ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა. ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც მდგომმა ალექსანდრე კვახაძემ ვერ დაარტყა, ხოლო ახლო მანძილიდან ოთარ ხიზანეიშვილის დარტყმის მერე, ბობღიაშვილმა “გურია” გოლის გაშვებისგან იხსნა.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ “დილას” საჯარიმოში შეჭრილი პავლე ხორგუაშვილის წინააღმდეგ ალექსანდრე კოშკაძემ იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად დაზარალებულმა აქცია. აქვე გეტყვით, რომ ძმები ხორგუაშვილები გორელები არიან და კარიერას “დილაში” იწყებდნენ.
მასპინძლებს თამაში აშკარად არ გამოსდიოდათ და 75-ე წუთზე კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაურჩნენ. გორელებმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგეს და გიგა კვერენჩხილაძე თანაგუნდელის დასაზღვევად “გადმოსულ” ოთარ ხიზანეიშვილს გასცდა, მაგრამ შეყრილაძესთან პირისპირ გასულმა “დილას” მეკარეს ვერ აჯობა.
კვერენჩხილაძემ თავისი გოლი მაინც გაიტანა. 83-ე წუთზე, საჯარიმოს გარეთ გამოსულმა შეყრილაძემ მოგერიებისას ბურთს ფეხი ააცილა, რომელსაც “გურიას” ფორვარდი დაეუფლა და “დილას” ცარიელ კარამდე აუღელვებლად ირბინა – 0:2.
83-ე წუთზე, ახალგაზრდა ლევან შენგელიამ კარგი პასი მისცა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შესულ ვახტანგ კვარაცხელიას, რომლის ჩაწოდების შემდეგ, შორეულ კუთხესთან მყოფმა დავით რაჟამაშვილმა თავით გაიტანა. გორელებს თამაშის გადარჩენის იმედი ჩაესახათ, მაგრამ “გურიამ” სამი ქულისთვის ბოლომდე იბრძოლა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე, “დილას” საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩენილი კვერენჩხილაძე კარიდან გამოსულმა შეყრილაძემ წააქცია და მსაჯმა მეორე პენალტი დანიშნა. ამჯერად, თერთმეტმეტრიანი ზუსრად ზურაბ ძამსაშვილმა შეასრულა – 1:3.
დავით მახარაძე: “პირველ ექვსეულში შესასვლელად ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. კიდევ 3 ძნელი თამაში გველის გუნდებთან, რომლებიც თავის ამოცანებს წყვეტენ. ვერ ვიტყვი, რომ 3 ქულა წინასწარ დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ უქულოდ წასვლასაც არ ვაპირებდით. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, დავალებები შეასრულეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას სახარბიელო არ ეთქმის. ამას ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზიით არ ვამბობ, რადგან ისინი, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ”.
დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი) 1:3 (0:0)
26 თებერვალი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
დილა: შეყრილაძე, კვახაძე (კ), ოთარ ხიზანეიშვილი, ორბელაძე, გაფრინდაშვილი, გურამ გურეშიძე, კოშკაძე, კორღალიძე (მამუკა კობახიძე, 88), ახალკაცი (ვახტანგ კვარაცხელია, 46), რაჟამაშვილი, ბერიაშვილი (ლევან შენგელია, 74).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი.
გურია: ბობღიაშვილი (კ), ჩუენსუ, ბერიანიძე (კილაძე, 36), ქურდაძე, მეგრელიშვილი, ძამსაშვილი, ტეიდი, ალექსანდრე შენგელია (კუკულაძე, 77), ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი (გაჩეჩილაძე, 82), კვერენჩხილაძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე.
გოლები: 0:1 პავლე ხორგუაშვილი (53, პენ.), 0:2 კვერენჩხილაძე (83), რაჟამაშვილი (89), ძამსაშვილი (90+3, პენ.).
გაფრთხილება: პავლე ხორგუაშვილი (54), რაჟამაშვილი (58), კილაძე (67), შეყრილაძე (90+3).
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა.