ინტერვიუები

13:09 | 2.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შინდაგორიძე: "ძალიან ვწუხვარ, რომ Players Agents-ს ვენდე, მათ 3 წელი დამაკარგვინეს"

დიდი დავაა ატეხილი სააგენტო Players Agents-სა და თბილისის "დინამოს" შორის. როგორც იცით, სააგენტომ "დინამოს" ბრალი წაუყენა - ჩვენს ფეხბურთელებთან ჩვენი გვერდისავლით ცდილობდა კონტრაქტის გაფორმებასო. "დინამო" კი თავის პოზიციას აფიქსირებს.

ლაშა შინდაგორიძე ამბობს, რომ Players Agents-მა მას 3 წელი დააკარგვინა და "დინამოს" მადლიერია:
- როგორც სააგენტო Players Agents–ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, შენ ვალდებული იყავი, "დინამოსთან" მოლაპარაკება მათ გარეშე არ გეწარმოებინა. საინტერესოა, რატომ გააფორმე კონტრაქტი აგენტების ნებართვის გარეშე?
- მე უბრალოდ მოგიყვებით ამ ხალხთან ჩემი სამწლიანი ურთიერთობის შესახებ და არიან თუ არა ისინი ჩემი აგენტები ეს მკითხველმა განსაჯოს. 
2009 წლის მაისში, როდესაც "სასკოში" ვთამაშობდი, მოვიდნენ და პრაღის "სლავიაში" სინჯებზე წასვლა შემომთავაზეს. პარალელურად მათ სააგენტოსთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმება მომთხოვეს. პრაღაში მე, სხირტლაძე და ლეგაშვილი სინჯებზე ჩაგვიყვანეს. ტესტირებამ ჩემთვის წარმატებით ჩაიარა. მოგვიანებით წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტის პირობები საგრძნობლად შეიცვალა, ისეთ თანხაზე იყო საუბარი, რომლითაც ჩეხეთში ვერ ვიცხოვრებდი. ამავე წლის ოქტომბერში დანიურ "ორჰუსში" მე, სხირტლაძე, ლეგაშვილი და გეგა დიასამიძე სინჯებზე წაგვიყვანეს, სადაც ერთი კვირა დავყავით. 2010 წლის იანვარში "ორჰუსთან" 1,5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, სადაც 19-წლამდელებში და სარეზერვო გუნდში მიწევდა თამაში. ჩემით კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ ისევ ახალგაზრდულ გუნდში მიწევდა თამაში. აგენტები უკეთესი კლუბის პირველ გუნდში თამაშს შემპირდნენ. დავუჯერე აგენტებს და დანიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი შევწყვიტე. დანიიდან პოლონეთში გამიშვეს, სადაც მითხრეს, რომ "ვიძევში" ყველაფერი გარკვეულია, მარტო ჩასვლა და ერთ–ორი ვარჯიში იყო საჭირო და პირველ გუნდთან კონტრაქტს გავაფორმებდი. ჩავედი ლოძში, მივედი ვიძევის ბაზაზე და პირველი გუნდის ნაცვლად, რასაც მპირდებოდნენ, ერთ–ერთ ასაკობრივ გუნდთან მომიწია ორმხრივი თამაშის ჩატარება, სადაც ჩემთან ერთად კიდევ 40 კაცი იმყოფებოდა შერჩევაზე. პოლონეთში გატარებული 5 დღიდან, ვარჯიშის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მომეცა, ვიძევის ერთ–ერთ ასაკობრივ გუნდთან. უცხო ქალაქში ყოველდღე მარტო ფეხით დავდიოდი ბაზაზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზს მეუბნებოდნენ და ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. Uბრალოდ, იქ მე არავინ მელოდა, არადა ჩემმა აგენტებმა გამგზავნეს. საბოლოოდ თბილისში დავბრუნდი. შემდეგ მითხრეს რამდენიმე გუნდის ვარიანტი გვაქვს და მოიცადეო. ამასობაში დრო გადიოდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, მითხრეს ყველაფერი ჩაიშალა და ერთადერთი ვარიანტი ჩეხეთშია – როგორც მითხრეს, "სალვიას" ყოფილი მწვრთნელი, "დუკლაში" გადავიდა სამუშაოდ და ჩემი "დუკლაში" წაყვანა სურდა. მაგრამ პრაღაში ჩემი ხარჯებით უნდა წავსულიყავი, აგენტებმა მითხრეს რომ ჩემი ჩეხეთში გამგზავრების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნდა. ეს მაშინ, როცა კომპანიასთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა, მე ჩემი ხარჯებით ჩეხეთში წასვლა ვერ შევძელი და შესაბამისად "დუკლას" ვარიანტიც ჩავარდა. ამას შემდეგ დაემატა ჩემი ტრავმაც, რომელიც სრულიად შემთხვევით მივიღე და სამი თვე გამიცდა. ამ პერიოდში ჩემს სატელეფონო ზარებზე სააგენტოს წარმომადგენლები არ პასუხობდნენ და მათი ჩემდამი ინტერესი ნელ–ნელა ქრებოდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ფორმის აღსადგენად ვარჯიში "სასკოში" დავიწყე. მოვიდა ზაფხულიც, გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა და მათი მხრიდან "დუკლას" გარდა სხვა ვარიანტები საერთოდ არ ჩანდა. როგორც მეუბნებოდნენ, ჩემით "დუკლას" მწვრთნელი იყო დაინტერესებული. ივლისში კვლავ დამიკავშირდნენ Players Agents–ის წარმომადგენლები და ორი კვირით ჩეხეთში წამიყვანეს. ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი, იმ პირობით, რომ მალე უკან დავბრუნდებოდი და გუნდთან კონტრაქტს გავაფორმებდი. თბილისში ყოფნისას აგენტებმა "დუკლაში" მეორედაც სინჯების გავლა მთხოვეს. პრაღაში ერთი კვირა ვივარჯიშე და მწვრთნელმა კვლავ ისურვა ჩემი ჩეხეთში დარჩენა. "დუკლას" მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, თბილისში წამოვედი, იმ პირობით, რომ უკან დავბრუნდებოდი და ამჯერად მაინც გავაფორმებდი კონტრაქტს. თბილისში აგენტებმა საბოლოო პასუხი არ მითხრეს, დრო გადიოდა, კლუბს ვუნდოდი, მაგრამ ფორმალური მხარე, ჩემმა აგენტებმა ვერ მოაგვარეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მათი პასუხი იყო, რომ დუკლას ვარიანტიც ჩაიშალა. მოგვიანებით თავად ვცადე სიტუაციაში გარკვევა, "დუკლას" მწვრთნელს დავუკავშირდი. როგორც გაირკვა კლუბის მენეჯმენტი და სააგენტო, რომელთანაც კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. 
ამის შემდეგ მითხრეს კონტრაქტის გარეშე დროებით "ზესტაფონში" მევარჯიშა. "ზესტაფონში" ყოფნისას ვარჯიშების ძირითად ნაწილს დუბლებთან ერთად ვატარებდი. "ზესტაფონიდან" წამოსვლა რომ დავაპირე, კვლავ ვცადე ჩემს აგენტებთან დაკავშირება, რათა ისინი საქმის კურსში ჩამეყენებინა, რადგან ზესტაფონში მათ მიმიყვანეს. მაგრამ სამწუხაროდ ჩემს სატელეფონო ზარებზე ისინი კვლავ არ პასუხობდნენ. ამის შემდეგ ერთი თვე გავიდა, არცერთ აგენტთან არ მილაპარაკია, ამასობაში ჩემით "დყნამო" დაინტერესდა და "დინამოსთან" ხელშეკრულების გაფორმება აგენტების გარეშე გადავწყვიტე, ვინაიდან მათთან კონტრაქტი აღარ მაკავშირებდა. მას შემდეგ რაც "დინამოში" დავიწყე ვარჯიში, კლუბში Players Agents–ისგან მოვიდა წერილი, რომელიც ჩემი და სააგენტოს ურთიერთობის შესახებ იუწყებოდა. დოკუმენტი ინგლისურ-ენოვანი იყო, მე მათ ვენდობოდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელიც პიროვნულ ღირსებებზე მელაპარაკებოდა, მოგვიანებით მოტყუებით გამაფორმებინებდა ახალ კონტრაქტს. ასეთი იყო ჩემი და სააგენტო Players Agents–ის სამწლიანი ურთიერთობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხალხს ვენდე და სამი წელი დავკარგე. ამ ხნის მანძილზე ისეთი პერიოდებიც იყო, როცა საერთოდ უიმედოდ ვიყავი. ახლა "დინამომ" მომცა შანსი სპორტული ფორმა აღვიდგინო და ყველაფერი გავაკეთო ფეხბურთის სათამაშოდ.
 
www.fcdinamo.ge-ს ფოტო
0.119196