მართალია, ლაშა სალუქვაძე რუსულ “ვოლგაში” კარიერას ნამდვილად აღარ გააგრძელებს, მაგრამ გათავისუფლების ფურცელს ჯერ ვერ იღებს. საქმე ასეა: კლუბს ფეხბურთელის მიმართ დავალიანება აქვს და 23 იანვარს სასამართლოა დანიშნული. “ვოლგას” სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვისაც აქვს სოლიდური თანხა გადასახდელი.
დაიწერა, შესაძლოა, სალუქვაძე და გოჩა ხოჯავა გორის “დილაში” გადავიდნენო. ლაშამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ეს ინფორმაცია უარყო. უფრო დაწვრილებით ამ მოკლე ინტერვიუდან შეიტყობთ:
- “დილაზე” ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის არავის დაურეკია ამის შესახებ. არც შეხვედრა მქონია.
- “ვოლგასთან” კიდევ გაკავშირებთ კონტრაქტი?
- გათავისუფლების ფურცელს ვერ ვიღებ. 23 იანვარს სასამართლო უნდა შედგეს და კლუბს დაავალებენ ჩვენთვის თანხის გადახდას. ეს რუსეთის საფეხბურთო კავშირმა, ან უეფამ უნდა დაავალოს. სავარაუდოდ, გათავისუფლების ფურცელსაც წამოვიღებ. ამის გარეშე სხვა კლუბთან კონტრაქტს ვერ მოვაწერ ხელს.
- რამდენი თვის ხელფასი გაქვთ ასაღები?
- უკვე 7 თვის. არა მარტო მე, გოგუას და ხოჯავასაც.
- კი, მაგრამ, თანხას რომ არ გიხდიან, თქვენი ბრალი ხომ არაა – ამ შემთხვევაში არ შეგიძლიათ სხვა კლუბთან შეათანხმოთ ტრანსფერი?
- როგორც ჩანს, დრო გაჰყავთ, მაგრამ არაა გამორიცხული, 23 იანვრამდე წამოვიღო ფურცელი. წინასწარ არ მინდა კონტრაქტის გაფორმება, კიდევ რაიმე შარი რომ არ მომდონ.
- გოგუაც ამიტომ ვერ აწერს ხელს თბილისის “დინამოსთან”?
- დიახ. გათავისუფლების ფურცელია პრობლემა.
- “დინამოსთან” კიდევ გაქვთ მოლაპარაკებები?
- ინტერესი იყო და ვნახოთ. რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაცაა, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტულად ვერ ვამბობ.
ილია ნანობაშვილი