ყაზანის “რუბინის” ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ “სპორტ-ექსპრესთან” საუბრისას განაცხადა, რომ სეზონის დაწყებამდე კლუბის შეცვლის მთავარი მიზეზი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ადგილის დაკარგვა იყო.
ლაშა სალუქვაძე: "ბოლო დროს “რუბინში” ისე იშვიათად ვთამაშობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავკარგე. თავად ვთხოვე ბერდიევს ისეთ კლუბში გავეშვი, სადაც სათამაშო პრაქტიკა სტაბილურად მექნებოდა. მსურს ბერდიევს და “რუბინის” ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადო, რადგან ჩემს მდგომარეობაში შევიდნენ და “ვოლგაში” გადასვლის ნება დამრთეს”.
- გული არ გწყდებათ, რომ ახლა უკვე აღარ მოგიწევთ “ბარსელონას” წინააღმდეგ და საერთოდ, ჩემპიონთა ლიგაში თამაში?
- თუმცა, უცილობლად ვერც “რუბინი” ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ მონაწილეობის შემდეგ გული მწყდება. სამაგიეროდ, ნაკრებში შემიძლია ვითამაშო ევროპის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ. საქართველო საინტერესო შესარჩევ ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მოწინააღმდეგეები ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა არიან. ჯერჯერობით, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ და ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ზედიზედ ცხრა თამაში არ წაგვიგია.
- პრესაში თქვენი კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტიც განიხილებოდა – უკრაინული ლვოვის “კარპატი”. ის რამდენად სერიოზული იყო?
- სრულებით სერიოზული. თუმცა, უკვე მეშვიდე წელია რუსეთში ვარ და არსებულ რეალობას მივეჩვია. რა თქმა უნდა, არჩევანის გაკეთებაში თავისი როლი “ვოლგაში” მეგობრების ყოფნამაც ითამაშა, რომლებთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში გამოვდივარ.
- ორიოდე წლის წინ აცხადებდით, რომ რუსეთის პრემიერლიგა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას შემდეგ, აზრი შეიცვალეთ?
- გასული წლის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, საკუთარ სიტყვებზე უარს არ ვამბობ. მართალია, ვერ გეტყვით ყველაფერი როგორ იქნება მომავალ ჩემპიონატში, რომელიც წელიწადნახევარი გაგრძელდება.
- ახალ სეზონში რა მიზნები გაქვთ?
- “ვოლგა” პრემიერლიგაში დებიუტანტია, მაგრამ უკვე კარგი გუნდია. ომარ თეთრაძე გუნდის ტაქტიკურ მონახაზზე ბევრს მუშაობს. “რუბინში” მაღალი ამოცანების გადაჭრას მივეჩვიე და ცხადია, ნიჟნი ნოვგოროდში პირველი წელი რთული იქნება. თუმცა “ვოლგაში” საფეხბურთო და საყოფაცხოვრებო პროცესი მაღალ დონეზე დგას. იმედია, შედეგსაც შესაბამისს ვაჩვენებთ. გარდა ამისა, ვიმედოვნებ, რომ ნაკრებში რეგულარულად ვითამაშებ.
- გასულ ოთხშაბათს ითამაშეთ საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში რუსეთის მეტოქე სომხეთი 2:1 დაამარცხა. ანგარიში თამაშიდან გამომდინარე იყო?
- პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით და ჩვენი გუნდი ძალიან მომეწონა, მაგრამ 2:0 რომ ვიგებდით, შეცვლები მოხდა, რის გამოც, მეორე ნახევარი უფრო ცუდად ჩავატარეთ. თუმცა, გოლი “მოგონილი” პენალტიდან გავუშვით – ვიდეოგამეორება ვნახე და დავრწმუნდი, რომ მსაჯი მართალი არ იყო.
- სომხეთის ნაკრების რომელი სათამაშო რგოლებია უძლიერესი?
- ძალიან კარგი შეტევა ჰყავს. სომხეთი სწრაფად, მოკლე პასებით თამაშობს და უეცარი მრავალსვლიანი კომბინაციები ხშირად გამოსდის. შეტევაში საუკეთესოა დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველი, მხითარიანი. ის ტექნიკურია და საუცხოოდ იხსნება. შეტევის დამამთავრებელ ფაზაში მანუჩარიანი მოქმედებდა, მაგრამ ის ნაკლებად დამამახსოვრდა. შუა ხაზში გუნდის ყველა მოთამაშე ბურთს კარგად ფლობს და შეტევაზეა ორიენტირებული. სომხებს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ და გაშვებულ გოლებში მეკარე კასპაროვის დადანაშაულება ძნელია. შესაძლოა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სომხეთის ნაკრები ახალგაზრდაა და ჯერ სტაბილურობა აკლია.
- რუსეთისა და ირანის ამხანაგური მატჩი (0:1) ნახეთ?
- ვნახე და პრესის რეაქციასაც გავეცანი განცდილ მარცხზე. თუმცა, ძალიან სერიოზული ფაქტორია გასათვალისწინებელი – რუსული კლუბების მოთამაშეები სეზონისთვის ემზადებიან და ნაკრებში სერიოზული დატვირთვების ქვეშ ითამაშეს. ზოგიერთი “მძიმედ” მოძრაობდა მოედანზე. ამიტომ, მათი განსჯა მკაცრად არ შეიძლება.
- არშავინმა, პავლიუჩენკომ და ბილიალეტდინოვმაც დატვირთვების ფონზე ითამაშეს?
- ვფიქრობ, ინგლისური კლუბების შემადგენლობაში მუდმივად ადგილის არქონის გამო, ფეხბურთელებს არა მხოლოდ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, არამედ, ისინი ნერვიულობენ კიდეც. ყველაფრის მიუხედავად, არშავინს რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ის თავის შესაძლებლობეს კიდევ გამოაჩენს. “რუბინის” შემადგენლობაში მის წინააღმდეგ მითამაშია და ყოველთვის ძალიან რთული იყო. ანდრეი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. მასთან ყოველთვის მჭიდრო მეურვეობაა საჭირო, რადგან თუ გაგექცა, ვეღარ დაეწევი. თუმცა, კერჟაკოვის წინააღმდეგ უფრო რთული იყო თამაში.
- სომხეთთან ჩასატარებელ ორ მატჩში რუსეთის ნაკრები რამდენ ქულას აიღებს?
- თუ სომხეთის დაცვა ისე ითამაშებს, როგორც ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთს ექვსი ქულა გარანტირებული აქვს. მოთამაშეების დონით და ტაქტიკურადაც რუსეთი უფრო მაღლა დგას, ხოლო ევრო-2008-ზე წარმატების შემდეგ, ალბათ, ფსიქოლოგიურადაც.
- რუსეთის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოხვდება?
- ვფიქრობ, რომ მოხვდება, მაგრამ რატომღაც მეჩვენება, ამას ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით შეძლებს. რატომ, ვერ აგიხსნით.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა