ინტერვიუები

19:23 | 19.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა სალუქვაძე: “ბოლო პერიოდში, საქართველოს მთავრობიდან ფეხბურთისადმი ინტერესი იზრდება”

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” საიტზე, საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა გუნდის დაცვის ერთ-ერთ ლიდერ ლაშა სალუქვაძესთან. ოზურგეთში დაბადებულ-გაზრდილი, საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა და რუსეთისაც (ორჯერ), მშვენიერი მატჩები ჩაუტარებია ლეო მესი-ანდრეს ინიესტა-ხავის წინააღმდეგ, როცა “რუბინი” “ბარსელონას” ხვდებოდა...
29 წლის სალუქვაძე ამ ზამთარს გადავიდა “რუბინიდან” “ვოლგაში”, ახალ გუნდზე კარგი კუთხით ლაპარაკობს და ყაზანში გატარებულ პერიოდსაც ლამაზად იხსენებს.   
- რით გამოირჩევა ქართული ფეხბურთი სხვებისგან?
- საქართველოში, მეტწილად, ბურთით ვარჯიშებია, უბურთოდ სირბილი საფეხბურთო სკოლებში იშვიათობაა და ამდენად, უშუალოდ მატჩისასაც  ტექნიკური ფეხბურთი უყვართ ქართველებს. ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც თითქმის მთელ მსოფლიოში, ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. რა თქმა უნდა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უკეთესის სურვილს ტოვებს, საქართველოს ჩემპიონატი რუსეთისას ჩამორჩება... თუმცა, საქართველოს მთავრობიდან ფეხბურთისადმი ინტერესი ნელ-ნელა იზრდება და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი ნორმალურად იქნება.
- რატომ არ სურთ ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში თამაში და რატომ მიდიან უცხოეთში?
- იმიტომ მიდიან, რომ საქართველოში ჯერ არაა ისეთი პირობები, როგორიც ევროპაში. მაღალ დონეზე თამაში ყველას სურს. როგორც კი საქართველოში ფეხბურთელი ოსტატობის გარკვეულ დონეს მიაღწევს, კლუბი მას ჰყიდის. აი, პერსპექტიული მოთამაშეები კი, საქართველოს მუდამ ჰყავდა და ჰყავს.
- როდის წახვედით საქართველოს ჩემპიონატიდან? და რატომ?
- ჯერ თბილისის “ლოკომოტივში”, მერე კი “დინამოში” ვთამაშობდი. “დინამო” “ზენიტს” ხვდებოდა ამხანაგურ მატჩში და ამ თამაშს “რუბინის” მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა უყურა. შემდეგ, თბილისის “დინამოში” ყაზანიდან დარეკეს - ჩემი შეძენა სურდათ და შემიძინეს კიდეც. ვფიქრობ, “რუბინის” ჩემს მიმართ ინტერესი იმის “ბრალიცაა”, რომ ყაზანის გუნდში ქართველი მცველი ლევან სილაგაძე მშვენივრად თამაშობდა.
- ყაზანში რომ გადახვედით, რუსული ენა იცოდით?
- არა. იმ დროს ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. მეჩვენება, რომ რუსულად კარგად ახლაც ვერ ვლაპარაკობ.
- ახლა იმორცხვებთ... და რაც შეეხება პირველ სეზონს – როგორ გარისკეთ რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა, როცა ენაც კი არ იცოდით?
- ჯერ ერთი, ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ჩვენთვის უცხო ქვეყანაა. უბრალოდ, ენის მხრივ მქონდა პრობლემა. სამ-ოთხ თვეში უკვე ყველაფერი მესმოდა, ხოლო ერთ წელიწადში ვსაუბრობდი კიდეც. მეორეც, “რუბინში” იმ დროს გიორგი ქინქლაძე თამაშობდა, მომდევნო წელს კი გადმოვიდნენ ნუკრი რევიშვილი, ზურაბ არზიანი და მიხეილ აშვეთია. ასე რომ, ქართველები მოვგროვდით და ვარჯიშებზე ენის პრობლემა აღარ იყო.
- ქართველების გარდა, “რუბინში” კიდევ ბევრი ეროვნების ფეხბურთელი იყო. მათთან ურთიერთობა ხომ არ გიჭირდათ?
- არა, ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით. რუსი, უცხოელი... ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან “რუბინი” ძალიან მეგობრული გუნდი იყო. ვფიქრობ, შედეგშიც აისახა, რადგან “რუბინი” ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი.
- ახლა “ვოლგაშიც” ქართული დიასპორაა.
- ყოფილი თანაგუნდელები მეხუმრებიან – გვეგონა, ნიჟნი ნოვგოროდში მიდიოდი და თურმე საქართველოში წასულხარო. ეს ხუმრობაა. ისე, მე ის ახალგაზრდა ბიჭი აღარ ვარ, 6 წლის წინ ყაზანში რომ გადავიდა. ამჯერად, ადაპტაციის პრობლემა არ მქონია.
- “ვოლგაში” ქართველი ფეხბურთელები ცალკე ჯგუფად ხართ?
- არა, რატომ ცალკე?! რა თქმა უნდა, ქართველები ერთმანეთში უფრო ახლოს ვართ, ოჯახებით ვმეგობრობთ, მინდვრის გარეთაც ყოველდღიურად ვხვდებით, თუმცა ეს იმიტომ, რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს.
- “ვოლგაში” რომ გიწვევდნენ, ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს გთავაზობდნენ?
- რა თქმა უნდა, არა. ყოველ ვარჯიშზე თუ მატჩში უნდა დაამტკიცო, რომ სხვაზე ძლიერი ხარ. ძველ დამსახურებას არავინ უყურებს. სად და როგორ ბრწყინავდი, ეს უკვე ისტორიაა.
- ამ ზამთარს, “რუბინიდან” სხვა კლუბშიც შეგეძლოთ გადასვლა?
- მქონდა წინადადებები თურქეთიდან და უკრაინიდან, თუმცა რუსეთში მსურდა დარჩენა. “რუბინში” დარჩენა? შემეძლო, რადგან კონტრაქტი ჯერ კიდევ ძალაში იყო. უბრალოდ, გასულ წელს იშვიათად ვთამაშობდი ძირითად შემადგენლობაში და საამსეზონო პერსპექტივაც ასეთი ჩანდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაზე უარის თქმას არ ვაპირებდი, ნაკრებში კი, სათამაშო პრაქტიკის გარეშე ჩასვლა არ მსურდა. ამიტომაც შევიცვალე კლუბი. “რუბინში” ბევრი ვისწავლე როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამაც. და მადლობას ვუხდი ყურბან ბერდიევს, რომელმაც ჩემი არგუმენტები გაიგო და გამიშვა.
- ანუ, “რუბინის” ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ?
- რა თქმა უნდა. “რუბინს” ყოველთვის ვუქომაგებ.
- “ვოლგასთანაც’?
- არა, “ვოლგასთან” ნამდვილად არა!
- “რუბინის” რომელ ფეხბურთელებთან გაქვთ ხშირი ურთიერთობა?
- იქ ბევრი მეგობარი მყავს. უფრო ხშირად, ვკონტაქტობ ალან კასაევთან და პიოტრ ბისტროვთან.
- იცით, რომ ბისტროვი ნიჟნი ნოვგოროდელია?
- ვიცი. როცა “ვოლგაში” მოვდიოდი, ბევრი რამ მომიყვა ნიჟნი ნოვგოროდზე. დამარწმუნა, რომ ეს დიდი და თანამედროვე ქალაქია, სადაც მოსახლეობაც საკმაოა და რესტორნებიც ბევრია. “ვოლგას” სტადიონზე არაფერი უთქვამს, არც მე მიკითხავს.
- რამდენი ხნით აპირებთ “ვოლგაში” დარჩენას?
- მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება მომავალში. “ვოლგასთან” კონტრაქტი სამწლიანია. ვნახოთ. სხვათა შორის, “რუბინთანაც” თავიდან სამწლიანი ხელშეკრულება მქონდა და მერე კიდევ გავახანგრძლივეთ ოთხი წლით.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.103078