ინტერვიუები

15:13 | 9.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა პარუნაშვილი: “მცველების შეცდომით ვისარგებლე”

ალექსანდრე ჩივაძის დამოძღვრილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევროშესარჩევი ციკლი ესტონეთთან საშინაო გამარჯვებით დაასრულა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ამ შეხვედრის ბედი თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა გადაწყვიტა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან ათიოდ წუთში, შორი დისტანციიდან საგოლედ დაჰკრა და “ჯვაროსნებს” გამარჯვება მოუტანა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე, პარუნაშვილს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა:
- უპირველესად, გილოცავთ ესტონეთის დამარცხებას და გოლს. ამით, შესარჩევი ციკლი დასრულდა. როგორ შეაფასებდი საქართველოს ნაკრების გამოსვლას?
- დიდი მადლობა. გასულ შესარჩევ ციკლში მე-3 ადგილი დავიკავეთ, რაც არცთუ ცუდი შედეგია, მაგრამ უფრო მაღალი ადგილებისთვისაც შეგვეძლო ბრძოლა. ამის გამოსწორებას შემდეგ შესარჩევზე ვეცდებით. თანაც, კარგი შემადგენლობა გვყავს.
- ესტონელებს შორი დისტანციიდან, ქართველებისთვის ცოტა უჩვეულოდ გაუტანე. გოლის ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- როდესაც ბურთი მივიღე, ესტონელი ნახევარმცველები გაშლილები იყვნენ და მცველებმა ამოსვლა დაიგვიანეს. სწორედ ამ მომენტით ვისარგებლე. წესით, ამგვარ სიტუაციებში, მცველებმა უნდა ამოიწიონ და დარტყმაში ხელი შეგიშალონ.
- ალექსანდრე ჩივაძე არცთუ დიდი ხნის წინ დაინიშნა 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცად. დაატყო თუ არა ნაკრებს თავისი ხელი და რას აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას?
- რა თქმა უნდა, დაატყო, რაც შედეგშიც აისახა. 4 მატჩიდან 3 მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. მწვრთნელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დისციპლინას და ბურთის ფლობას. უყვარს, როდესაც ბურთს ვაგორავებთ და პირველ ნომრად ვთამაშობთ.
- 21-წლამდელთა ნაკრები განახლებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ემზადება ახალი ციკლისთვის. როგორ ფიქრობ, არის ამ გუნდით წარმატების მიღწევის რეალური შანსი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ეს კარგია. ვფიქრობ, 21-წლამდელთა ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავ: ბელარუსთან თამაში, ალბათ, ნახე. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ნაკრებზე?
- ნამდვილად კარგი თამაში იყო. ნაკრები გაახალგაზრდავებულია, რაც, ალბათ, კარგია. ბიჭებმა შედეგი აჩვენეს და ყველანი გაგვახარეს.
- ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლას როგორ შეაფასებდი?
- რა თქმა უნდა, გორის “დილას” გამოვარჩევ, სადაც ჩემი ყოფილი მწვრთნელები – თემურ შალამბერიძე და გია ცეცაძე მუშაობდნენ. გორელებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდათ, რაც ძალიან დასანანია. სამწუხაროდ, წინა წელს “დინამოსაც” იგივე დაემართა.
- “დინამო” ახსენე და ამაზეც გკითხავ: როგორი დამოკიდებულება გაქვთ მთავარ მწვრთნელ დუშან უჰრინთან, რას გეუბნებათ?
- ამბობს, ფიზიკურად უნდა გაძლიერდე, ჯანზე უნდა მოხვიდეო. მეტს, განსაკუთრებულს არაფერს.
- და ბოლოს... ცნობილია, რომ თქვენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაც გიორგი დევდარიანს. ინარჩუნებთ თუ არა მასთან ურთიერთობას და რაიმე სახის რჩევებს თუ გაძლევთ?
- რა თქმა უნდა, ვინარჩუნებ, და არა მხოლოდ მე. ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და ტელეფონითაც ვკონტაქტობთ. ყველაზე კარგად დევდარიანი მიცნობს და მასზე უკეთეს რჩევებს ვერავინ მომცემს.
 

 

ირაკლი ჯაფარიძე

 

0.132085