გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ, 1993 წელს დაბადებულ ჭაბუკებს საქართველოში განსხვავებული იმედით უყურებენ. გეცოდინებათ, ამ გუნდმა 17-წლამდელთა ნაკრებში გამოსვლა დაასრულა და უპრაქტიკოდ რომ არ დარჩნენ, ამიტომაც ამ ნაკრების “საბურთალოს” სკოლის აღზრდილები რუსთავის “ოლიმპში” გადავლენ – დევდარიანის გუნდის უმეტესობას ხომ სწორედ “საბურთალოს” აღზრდილები შეადგენდნენ.
მათ შორისაა საყრდენი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილიც, რომელიც დევდარიანის თქმით, ელიტ-რაუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ლაშა ტექნიკური და საზრიანი ფეხბურთელია, პლუს, რაც მისი ამპლუის მოთამაშისთვის აუცილებელია, მებრძოლი და შეუპოვარია. პარუნაშვილი მაღალია, თუმცა, როგორც “მსოფლიო სპორტს” ინტერვიუში უთხრა, უპირველესად, ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს.
- გადაწყვეტილია, რომ “ოლიმპის” დუბლებში გადახვალ?
- ალბათ. ეს კარგი სკოლა იქნება, თამაშის პრაქტიკისთვის აუცილებელია. თანაც, ჩემზეა დამოკიდებული – “ოლიმპის” ძირითად გუნდში, ანუ უმაღლეს ლიგაში თამაშის შანსიც მექნება. პარალელურად, როგორც ვიცი, 18-წლამდელთა ნაკრებშიც ვიქნები. მართალია, 18-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება, მაგრამ შეკრებები და ამხანაგური მატჩები ხომ გვექნება.
- ალბათ, უცხოურ კლუბში გადასვლა გსურს...
- რა თქმა უნდა. თუმცა, ჩემს მიმართ დაინტერესებაზე პირადად არაფერი გამიგია. სხვებს ეცოდინებათ.
- ცოტა რამ შენს განვლილ საფეხბურთო გზაზე გვითხარი.
- 6 წლის ვიყავი, “ოლიმპის” სკოლაში რომ შევედი. თემურ ფოცხვერიამ გამზარდა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ ფეხბურთელი გავხდი. ის ჩემთვის მამასავითაა. იგივეს ვიტყვი გია ცეცაძეზეც, რომელიც გიორგი დევდარიანის თანაშემწე იყო 17-წლამდელთა ნაკრებში. თავის დროზე, “ბენდელას თასი” და ორჯერ “საბას თასი” მაქვს მოგებული. გარდა ამისა, 13 წლის რომ ვიყავი, დანიაში გავიმარჯვეთ ცნობილ ტურნირ “დანა კაპზე”. “საბურთალოს” სკოლაში კი 14 წლისა გადმოვედი. ბოლო წლებია, დევდარიანის ხელში ვარ და მართლაც ბედნიერებაა მასთან მუშაობა.
- დევდარიანზე ცალკე გკითხავ: მის განსაკუთრებულ სამწვრთნელო მიდგომებზე ბევრი გვსმენია.
- გარდა იმისა, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია, იშვიათი პიროვნებაა. მაგალითად, თამაშის წინ ვიდეოფირიც ჩაურთავს ჩვენთვის და საქართველო-რუსეთის ომის კადრები გვაყურებინა. თამაშის წინ ყოველთვის ვლოცულობთ და “მამაო ჩვენოს” ვამბობთ. დევდარიანი წინასწარ ერთ კონკრეტულ ტაქტიკას არასოდეს ირჩევს, ყოველთვის შეგვიძლია გადანაცვლებები და თან ისე, რომ არაფერი გაცუდდეს.
- კარგა ხანია, საქართველოს 17 და 19-წლამდე ასაკის ნაკრებებს თქვენნაირი შედეგი არ ჰქონიათ. კიდევ რა არის წარმატების მიზეზი?
- თუნდაც შეთამაშება. მე და ნაკრების კიდევ ბევრი ფეხბურთელი, წლებია, ერთად ვთამაშობთ.
- ელიტ-რაუნდში მხოლოდ ჰოლანდიასთან წააგეთ. არადა, ჩეხეთთან მოგებით დაიწყეთ. რეალურად შეგეძლოთ პირველ ადგილზე გასვლა?
- შეგვეძლო და ვფიქრობ, იღბალმაც გვიმტყუნა. ჩეხეთთან მოგებას დიდი ენერგია შევალიეთ, ჰოლანდიამ კი იმავე დღეს იოლად აჯობა უკრაინას და როცა ორ დღეში თამაშია, ეს გადამწყვეტი ფაქტორი ხდება. ჰოლანდია უფრო დასვენებული იყო, ვიდრე ჩვენ. მოკლედ, კალენდარიც ვერ იყო საჩვენო. მესამე მატჩში კი, უკრაინასთან 3:0 თუ გაგვიყვანდა ფინალურ ეტაპზე. 1:0 როცა გახდა, მერწმუნეთ, თავისუფლად შეგვეძლო შენარჩუნება და შედეგზე თამაში. 3:0-ის მოსაგებად დავირაზმეთ და ამიტომაც იყო, რომ დაცვას იმდენ ყურადღებას აღარ ვაქცევდით. რისკზე წავედით და ამიტომაც გავუშვით ორი გოლი, თუმცა, 2:2 მაინც დავასრულეთ.
- ისე, რეჟიმს თუ იცავ?
- ნამდვილად. ეგეც არ იყოს, სულ შეკრებებზე ვართ და როგორ არ დავიცავ...
- შენს ნაკლზე რას იტყვი? რა თქმა უნდა, საფეხბურთო კუთხით.
- ჯანი მაქვს მოსამატებელი. დევდარიანიც ამას მეუბნება.
- 19-წლამდელთა ნაკრებში პორტუგალიაში გამართულ ოთხთა ტურნირზე არ წაგიყვანეს და გულდაწყვეტილი იქნები.
- გული დამწყდა. ჩემი მიზანი ხომ სწორედ ესაა, რომ ეტაპობრივად გავიარო გზა და როცა იქნება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე.
ილია ნანობაშვილი