როგორც იცით, უნგრეთში "დიორი" ჩემპიონი გახდა, ამ კლუბში კი, მიუხედავად არაოფიციალური პოსტისა, დიდ როლს ასრულებს ქართველი პიროვნება. მისი სახელ-გვარი ლაშა ოდილაძეა, რომელთანაც "მსოფლიო სპორტს" ადრეც ჰქონია ინტერვიუ. ოდილაძე "დიორის" პრეზიდენტის მრჩეველი გახლდათ, დღეს კი მეტწილად შვეიცარიაში ცხოვრობს და პოსტზე აღარაა, თუმცა საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს უნგრული მასშტაბით და მათ შორის, "დიორში".
ცნობისთვის, ლაშა ოდილაძეს მოგებული აქვს სასამართლო, რომლის მეშვეობითაც უნგრულ კლუბებში ქართველებს არაევროკავშირელების თამაშზე ლიმიტი არ ეხებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველები იქ უცხოელებად არ ითვლებიან.
"მსოფლიო სპორტი" ოდილაძეს დაუკავშირდა და ის ამბებიც ნათლად გაახსენებინა:
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ხელშეკრულება, რომ თუ კანონიერი სამუშაო ვიზა გაქვს, ევროკავშირის ქვეყნებში დისკრიმინაციას არ განიცდი. ჩვენ ბოლომდე მივყევით ამ ხელშეკრულებას და სასამართლოში მოვიგეთ პროცესი. მაგალითი წინ გვქონდა: მსგავსი ხელშეკრულება თურქეთსაც აქვს ევროკავშირთან და "სოსიედადის" ყოფილმა თავდამსხმელმა ნიჰათმა ეს გამოიყენა. ნიჰათის ადვოკატებმა მოიგეს პროცესი და ფეხბურთელი ესპანეთში უცხოელად აღარ ითვლებოდა. იგივე გავაკეთეთ ჩვენ უნგრეთში და გეხსომებათ, რამდენი ქართველი ფეხბურთელი იყო ჩამოსული ამ ქვეყანაში. ისინი მე ჩამოვიყვანე და უმეტესობა "დიორში" მოვაწყვე. წარმოიდგინეთ, სერბები თუ ბოსნიელები უნგრეთში უცხოელებად ითვლებიან, ქართველები კი - არა.
... ის პროცესი, რაც უნგრეთში მოვიგე, სხვა ქვეყნებშიც თავისუფლად არის მომგებიანი. უბრალოდ, ცოტა მიწოლა და მაგრად დადგომა სჭირდება. გააკეთონ სხვა ქვეყნებშიც. ხომ არიან ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც არაევროკავშირელის ლიმიტი ხელს უშლით?! არიან. უბრალოდ, საქართველოდან ამაზე არავინ მუშაობს. საერთოდ, არ მესმის ჩვენების ფეხბურთისადმი დამოკიდებულება. აზერბაიჯანელებს და ყაზახებს დავცინით, თუმცა ისინი თავიანთ რესურსს ბოლომდე იყენებენ, ნემსის ყუნწში ძვრებიან".
ოდილაძეს "დიორზე", ქართველების იქაურ მდგომარეობაზე და ზოგადად საფეხბურთო ამბებზე ვესაუბრეთ:
- ამჟამად რა როლი გაკისრიათ "დიორში"?
- პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი და არ გადავაჭარბებ, "დიორის" დღევანდელი შემადგენლობა 80 პროცენტით ჩემი დაკომპლექტებულია. მათ შორის, მწვრთნელიც. მიხარია, რომ კლუბი ჩემპიონი გახდა, თანაც 30-წლიანი შესვენების შემდეგ. ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც შვეიცარიაში ვცხოვრობ, თუმცა "დიორის" ხელმძღვანელობასთან კავშირი მაქვს. მეკითხებიან, რჩევებს ვაძლევ, ისე კი ოფიციალურად აღარ ვარ კლუბში.
- რატი ალექსიძესა და გიორგი ქვილითაიას არ ათამაშებენ. რატი, როგორც ვიცით, ამ ზაფხულს კარიერის დასრულებას აპირებს.
- წლებმა თავისი გაიტანა. ალექსიძე გულიანი ადამიანია და უნგრეთში დიდი სახელი აქვს. შესაძლოა, სეზონის ბოლოს "დიორმა" სამსახური შესთავაზოს. მაგალითად, "დიორის" მეკარე საშა სტევანოვიჩიც ასრულებს კარიერას. დიდი ხანია, სტევანოვიჩი გუნდშია და ძირითადი მეკარე გახლავთ, ახლა კი კლუბის სპორტულ დირექტორობას სთავაზობენ. მოკლედ, შესაძლოა, რატიც აღმოჩნდეს ხელმძღვანელობაში. ვმუშაობთ ამ საკითხზე. რატიმ გამიმართლა - ახლა უკვე ასაკშია, თორემ წინა წლებში გუნდში გამორჩეული გახლდათ და პიროვნულადაც ყველას მოსწონდა.
- კიდევ ბევრი ქართველი ფეხბურთელი გყავდათ ჩაყვანილი "დიორში".
- სამწუხაროდ, ვერ გაამართლეს. აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი. ერთია, აქ გასინჯვაზე არავინ ჩამომიყვანია და უკან არ გამიშვია. ვინც მოდიოდა, რჩებოდა. მხოლოდ ირაკლი კლიმიაშვილი იყო 3 თვის წინ, რომელზეც წინასწარ ვიცოდით, რომ პირდაპირ კონტრაქტზე არ მოდიოდა. ირაკლი მოუმზადებელი იყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მის ვარიანტს კიდევ შეიძლება დავუბრუნდეთ.
- "კეშკემეტიში" გივი იოსელიანი თამაშობს, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" გამოდიოდა. ისიც თქვენ ჩაიყვანეთ?
- დიახ. იოსელიანი ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ახალგაზრდაა და "დიორში" სათამაშო პრაქტიკა ჯერ ვერ ექნებოდა. ამიტომაც, "კეშკემეტიში" მივიყვანეთ. ეს გუნდი ახლა მეექვსე ადგილზეა.
- საქართველოში ჩამოდიხართ? აქაურ ჩემპიონატზე რამდენად კარგად ხართ ინფორმირებული?
- სხვაგვარად, აბა, როგორ?! ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ვარ, მაგრამ რად გინდა, ლამის ყოველდღე ისეთ ამბებს ვკითხულობ... ეს ბოლო დღეებია, სულ გუნდების შესაძლო დაშლაზე წერია.
- უნგრეთის ჩემპიონატის დონე რამდენად აღემატება საქართველოსას?
- უნგრეთის ჩემპიონატი უფრო მაღლა დგას. საქართველოს კი არა, სერბეთისასაც სჯობს. გადაავლეთ თვალი უნგრეთის ასაკობრივი ნაკრებების შედეგებს, 19-წლამდელებმა კინაღამ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კარგად ითამაშეს, 21-წლამდელები 8 გუნდს შორის იყვნენ, ეროვნული ნაკრებიც მნიშვნელოვნად წამოიწია და თურქებს უსწრებს ჯგუფში. მაგალითად, "დიორში" ყველანაირი პირობაა, რომ სწორ გზაზე დადგეს ფეხბურთელი. ასევეა სხვა კლუბებშიც. მეტ-ნაკლებობა, რა თქმა უნდა, აქაცაა, თუმცა გუნდების დაშლაზე არავინ ლაპარაკობს.