უეფა-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში საჩხერეს “ჩიხურამ” მაკედონიაში “ტურნოვო” 1:0 დააამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული მდგომარეობა შეიქმნა. მეტოქე გუნდის კარში ერთადერთი გოლი მატჩის 31-ე წუთზე “ჩიხურას” ახალწვეულმა, მარტვილის ”მერანის” ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა.
კუჭუხიძეს “მსოფლიო სპორტი” მაკედონიაში დაუკავშირდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ესაუბრა.
- ლაშა გილოცავ გამარჯვებას და პირველ გოლს. სანამ უშუალოდ თამაშზე გკითხავდეთ, როგორ მიგიღეს მაკედონელებმა და რას წარმოადგენს თვითონ გუნდი “ტურნოვო”?
_ გმადლობთ. მინდა აღვნიშნო რომ, კარგად მიგვიღეს და არანაირი პრობლემა არ გვქონია, რაც შეეხება თვითონ გუნდს, “ტურნოვო” გრანდებს არ განეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი, სწრაფი გუნდია. აქიდან გამომდინარე დაძაბული თამაში შედგა.
- მატჩის 42-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ქართველი ფეხბურთელი გააძევა. სამართლიანი იყო უნგრელი მსაჯის გადაწყვეტილება?
- სამართლიანი არ იყო და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ “ჩიხურას” ღირსებას ვიცავ, უბრალოდ ჩიკვაიძეს ყვითელი ბარათი მანამდე არ მიუღია და პირდაპირ წითელი რომ მიეცა მსაჯს, საამისო მიზეზი არ ჰქონდა. ჩიკვაიძეს გაძევების შემდეგ მეორე ტაიმში ბევრი შრომა მოგვიწია, 10 კაცით გოლი არ გაგვეშვა და ეს შევძელით.
- შენს გოლზე რას იტყვი? ახალ კლუბში პირველი გოლია, თან ევროთასზე და უაღრესად მნიშვნელოვანი.
- ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. ევროტურნირებზე ეს ჩემი პირველი გოლია, მაგრამ ეს გოლი მთლიანად გუნდმა დაიმსახურა, რომ არა გუნდური თამაში და გაბედავას კარგი თამაში გამარჯვება რთული იქნებოდა.
- რას ეტყოდი საჩხერელ გულშემატკივარს?
- გატანილ გოლს გულშემატკივრებს ვუძღვნი, ასევე მინდა ვთხოვო მათ 10-ში მხარი დაგვიჭირონ, მართალია 1:0 სტუმრად მოგება კარგი შედეგია, მაგრამ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. მოდით სტადიონზე და მხარი დაგვიჭირეთ, თქვენი თანადგომით უფრო ადვილად შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას.
- წარმატებებს გისურვებთ.
ედემ ელერჯია