ფეხბურთი

20:47 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოზე მეტად, სან მარინოს უხაროდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს სან მარინოსთან მოგება არ გასჭირვებია და ამას არც არავინ შიშობდა, თუმცა ვინც თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, მეორე ტაიმში ჩვენი ფეხბურთელებისგან უკეთეს თამაშს ველოდით.

ნოდარ აკობიას გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და აქედან სამი გაიტანა: მე-9 წუთზე გიორგი ბერიძემ თავზე გადაუგდო  ბურთი მეკარეს და ანგარიში ასე გახსნა, რადაც მალევე მოჰყვა ვლადიმერ მამუჩაშვილის მშვენიერი შორეული დარტყმა  - ბურთი ცხრიანში შევარდა. ხოლო მესამე ბურთი ნიკა ლაშხიამ გაიტანა ტექნიკური დარტყმით, მეკარე კი ვერ შესწვდა – 3:0.

ქართველები უპირატესობას ფლობდნენ და გვეგონა, რომ მეორე ნახევარში ანგარიშის სხვაობა გაიზრდებოდა, თუმცა პირიქით მოხდა: სან მარინომ ეს ტაიმი მოიგო. ანდრეა ტამანინიმ მარცხნიდან ჩაწოდებული ბურთი ახლოდან კარში გადაგზავნა და გადაირივნენ სტუმართა ფეხბურთელები – ძალიან გაუხარდათ, მათმა მეკარემ 60-80 მეტრი გამოირბინა, რათა თანაგუნდელებთან ერთად ეზეიმა. არ გაგვკვირვებია: პატარა სან მარინოსთვის ერთი გოლის გატანაც ხომ დიდი საქმეა. ისე ჩანდა, თამაშის მერე სტუმრები უფრო კმაყოფილნი იყვნენ, ვიდრე ქართველები.

ქართველთაგან სხვებზე მეტად გამოვარჩევდით ნახევარმცველ ნიკა ლაშხიას. ის სხვებზე მწვავედ თამაშობდა, ორიგინალურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მთლიანობაში კი, შედარებით უკეთ თამაშს ველოდით ნოდარ აკობიას გუნდისგან. რაც აშკარად ჩანდა, ჩვენები საკმაოდ ხშირად ერთობოდნენ ინდივიდუალური თამაშით.

19 ოქტომბერს საქართველო ისევ "მიხეილ მესხზე", ამჯერად, ფარერებს შეხვდება, ხოლო 22-ში – ჰოლანდიას.          

მატჩის შემდეგ:

მირკო პაპინი (სან მარინოს მწვრთნელი): "საქართველოს ნაკრების თამაში ნანახი არ მქონდა და ძალიან მომეწონა. კარგი ინდივიდუალისტები ჰყავთ, გამოვარჩევდი 11 ნომერს (ლაშხიას). ჩემს გუნდს რაც შეეხება, ძალიან გამოუცდელები არიან, მათთვის პირველი საერთაშორისო მატჩი იყო და თავადაც ნახეთ, როგორ გაუხარდათ გოლის გატანა. პირველ ტაიმში ღელავდნენ ფეხბურთელები, შესვენებაზე კი რწმენა შევმატეთ და უკეთესი თამაში აჩვენეს. ჩვენთან ბავშვების მწირი რაოდენობაა, სულ 28 ფეხბურთელიდან ავარჩიეთ 18 საუკეთესო. აი, 1998 წელს დაბადებულებში კი მეტი არჩევანია და გუნდში ამ ასაკისანი საკმაოდ გვყავს".

ნოდარ აკობია: "რაზეც ნამუშევარი გვქონდა, ეს პირველ ტაიმში გამოჩნდა, მეორე ნახევარში კი ცუდად ვითამაშეთ. რატომ ცუდად? ამას ანალიზი სჭირდება, ახლა უცებ ვერ გეტყვით. გეთანხმებით, რომ ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად ატარებდნენ ბურთს. არავის გამორჩევა არ მსურს. ცვლილებებს რაც სეეხება, ფარერებთან იმ ფეხბურთელებსაც ვათამაშებთ, რომლებიც დღეს არ გვყავდნენ მოედანზე და ამით ნამდვილად არ წავაგებთ". 

17.10.2013. თბილისი. "მიხეილ მესხი". 1000 მაყურებელი

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. I საკვალიფიკაციო ეტაპი. მე-11 ჯგუფი. I ტური.

საქართველო-სან მარინო 3:1 (3:0)

საქართველო: გოშაძე, კევლიშვილი, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, კომახიძე, ქორიძე (კიკნაძე 53), მამუჩაშვილი, ბერიძე, ლაშხია (ართმელაძე 70), ჯობავა (ცინცქილაძე 63).

მწვრთნელი:  ნოდარ აკობია.

სან მარინო: ბენედიტი, დელა ვალე, გრანდონი, ბერტი (ბაგნასკო 80), ტამანინი, სოპრანცი (გორბელი 41), გასპერონი, ბერარდი, დიადარიო (ჯარდი 66), სევოლი, კარლინი.

მწვრთნელი: მირკო პაპინი.

გოლები: 1:0 ბერიძე (8), 2:0 მამუჩაშვილი (19), 3:0 ლაშხია (33), 3:1 ტამანინი (67).

გაფრთხილება: კაკიაშვილი (72), ართმელაძე (77).

მსაჯი: ანასტასიუ (კვიპროსი).

0.321535