კალათბურთი

11:52 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გამყრელიძე: “ნაკრებში აუცილებლად დავბრუნდები”

 თბილისის “დინამო” მიმდინარე საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ჩემპიონობასაც უმიზნებს. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე კი მიმდინარე პირველობაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც დაგროვილი ქულებითა და შედეგიანი პასებით ორმაგი დუბლის საშუალო მაჩვენებელი აქვს. სუპერლიგის მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ დინამოელთა “ძრავას”, ლაშა გამყრელიძეს შევხვდით და რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემაც ვთხოვეთ. 

- ბოლო 3 წელიწადია საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ. სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 4 ტურია ჩატარებული და გარკვეული დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. თქვენი აზრით, წინ როგორი პირველობა გველის?

- წინა ჩემპიონატების მსგავსად, დაძაბულობა არც ამჯერად დაგვაკლდება. სუპერლიგაში რამდენიმე თანაბარი დონის გუნდია და მათი დაპირისპირებისას საინტერესო, დაძაბული პაექრობებია მოსალოდნელი. შორს რომ არ წავიდეთ, ეს მეოთხე ტურში “ბათუმისა” და “ქუთაისის” შეხვედრამაც დაადასტურა. ტრადიციულად რთულია ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში თამაში. სავარაუდოდ, მეორე წრიდან გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და უფრო მეტად დამაინტრიგებელი ორთაბრძოლების მოწმენიც შევიქნებით.

- თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელები და მწვრთნელები დაუფარავად აცხადებენ, რომ მათი გუნდის მიზანი პირველობის მოპოვებაა. პირადად თქვენი მოტივაცია რაა მიმდინარე ჩემპიონატში?

- ჩემი ამბიცია გუნდისას ემთხვევა. “დინამოს” პირველობის დაუფლებაც ძალუძს და ეროვნული თასის მოგებაც. როგორ ავასრულებთ ამას, ჩვენზე, მოთამაშეებზეა დამოკიდებული. პირადად მე არაფერს დავიშურებ, რათა გუნდის წარმატებაში მივიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, გამთამაშებელი მოედანზე გუნდის მეორე მწვრთნელია და დამრიგებლის იდეების პარკეტზე გატარება დიდწილად სწორედ ამ ამპლუის კალათბურთელზეა დამოკიდებული. უშუალოდ “დინამოს” რაც შეეხება, შეკრული, შეკავშირებული გუნდი გვყავს, რაც “ბათუმთან” დაპირისპირების დროსაც გამოჩნდა. ბოლო წუთებზე ათქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხარით და საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც. ჩემ მიზანსა და ამბიციას თუ დავუბრუნდებით, ჩემპიონატის საუკეთესო გამთამაშებლად აღიარება კიდევ ერთხელ მსურს, ამასთან, კალათბურთი გუნდური თამაშია და პარტნიორებთან ერთად უპირველესად საერთო წარმატებაზე ვიზრუნებ.

- “რუსთავი”, “ოლიმპი”, “არმია”, “დინამო” – საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ამ გუნდებში გითამაშიათ. სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, ქულების დაგროვების მხრივ სტაბილური მაჩვენებელი გაქვთ, შედეგიანი გადაცემების რაოდენობით კი წლეულს კიდევ უფრო მოუმატეთ. “რუსთავში” საშუალოდ 6 პასი გქონდათ, “ოლიმპში” 6.8, “არმიაში” 7, “დინამოში” კი 3 მატჩის შემდეგ საშუალო მაჩვენებელი 10 შედეგიან გადაცემას უტოლდება...

- ვცდილობ, მწვრთნელის ჩანაფიქრი მოედანზე გადავიტანო და კონკრეტულ სიტუაციასა და ეპიზოდში გუნდის საჭიროების მიხედვით ვთამაშობ. პლეიმეიკერი ვარ და პირველ რიგში პასის გაკეთება მევალება. თუკი მე და პარტნიორი ერთნაირ პოზიციაზე ვიმყოფებით, ვცდილობ მას გადაცემა გავუკეთო და ქულების გაკეთებაში დავეხმარო. იმ ასაკში ვარ, ჩემი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენო. მესმის, რომ გუნდის გამოსვლა დიდწილად ჩემზე, გამთამაშებელზეა დამოკიდებული და ყოველმხრივ ვეცდები, “დინამოს” სარგებლობა მოვუტანო.

- თქვენი აზრით, რაა გასაკეთებელი, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს?

- კარგი იქნებოდა, პირველობა 4 წრედ რომ ტარდებოდეს. ამ შემთხვევაში კალათბურთელები მუდმივად ტონუსში ვიქნებით და ახალგაზრდების დაოსტატებაც შედარებით უფრო დიდი ტემპით წავა. ახლა კი ზოგ გუნდს ტურში დასვენება უწევს და ორკვირიანი უთამაშებელი პერიოდი უწევს. უმთავრესი ფაქტორი დაფინანსების საკითხია. თუკი კლუბები მატერიალურად წელგამართულნი იქნებიან, საქართველოში ისეთი სიძლიერის ლიგის შექმნაა შესაძლებელი, როგორიც გერმანიაშია. აუცილებელია ევროთასებზე რეგულარული მონაწილეობა. გეხსომებათ, ორიოდე წლის წინათ “არმიამ” გერმანულ “გიოტინგენს” ევროჩელენჯზე ორივე შეხვედრა მოუგო, ტურნირის მომავალ გამარჯვებულ “ბეშიქთაშს” კი ტოლსწორად ეთამაშა. მართალია, მაშინდელი “არმია” ძალიან ძლიერი ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ მარცხის შიშით უარი არ უნდა ვთქვათ საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლაზე. ევროთასებზე რეგულარული ასპარეზობა ჩვენ კლუბებს და კალათბურთელებს დიდ სამსახურს გაუწევს. სასურველია, თუკი VTB-ის ლიგაშიც მივიღებთ მონაწილეობას.

- ბოლო 3 სეზონში მესამე გუნდში გამოდიხართ. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან მოგიწიათ ურთიერთობა. რომელ მათგანს გამოარჩევთ?

- მწვრთნელებს რაც შეეხება, ყველა მათგანს თავისებური ხედვა და საქმისადმი მიდგომა აქვს. გია კაზანჯიანმა “ოლიმპის” წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. სუპერლიგის პლეი ოფის გადამწყვეტ სერიაში უძლიერესი ლეგიონერით გაძლიერებულ “არმიას” დიდი ბრძოლა გავუმართეთ, ერთი მატჩი მოვუგეთ და სხვებშიც დაძაბული პაექრობები იყო. როდესაც “არმიაში” გადავედი, გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს, თუმცა, კოტე ტუღუშმა კარგი კოლექტივის შეკვრა მაინც მოახერხა და მესამე ადგილი ავიღეთ. ირაკლი ხოშტარიას რაც შეეხება, მასთან მუშაობა მსიამოვნებს. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, “დინამო” კარგ შედეგს მიაღწევს. გუნდში ყველად თავისი ადგილი აქვს, კარგადაა დაკომპლექტებული, რაც კარგი მენეჯმენტის შედეგია. თუკი ტრავმები თავიდან ავიცილეთ, მწვრთნელის დავალებაც ზუსტად შევასრულეთ, დასახულ მიზნებს აუცილებლად ავასრულებთ.

- ბოლოს სანაკრებო თემაზეც ვთქვათ. ეროვნულ გუნდში დაბრუნებას თუ ფიქრობთ?

- ნაკრებში აუცილებლად დავბრუნდები. ეროვნული გუნდის გაფართოებულ სიაში რომ შემიყვანონ, მწვრთნელებს დავუმტკიცებ, ნაკრების ღირსი რომ ვარ. ეროვნული გუნდის “მეექვსე” მოთამაშე ვიყავი, ხუთეულშიც მათამაშებდნენ და 8 წლის განმავლობაში ნაკრების წევრი გახლდით, ამიტომაც ხომ უნდა დაესაბუთებინათ, რატომ გამომიყვანეს გუნდიდან. ამის გარკვევა იგორ კოკოშკოვთან ვცადე, მან კი მიპასუხა, ასე გადავწყვიტეო, თანაც დასძინა, გაფართოებულ სიაში რომც შეგიყვანო, 12 კაციან განაცხადში მაინც ვერ მოხვდებიო. მისგან არგუმენტირებულ პასუხს ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მივიღე. მაჯობონ ჩემ პოზიციაზე და არაფერს ვიტყვი. ყოველთვის პროფესიულად ვუდგებოდი საქმეს, დამრიგებლის მითითებებს სათანადოდ ვასრულებდი და არც იმ ასაკში ვარ, ნაკრების მწვრთნელებმა ჩემზე უარი რომ თქვან. კოკოშკოვი პროფესიონალი მწვრთნელია, მაგრამ ვიტყვი, ლიტვის კონტინენტის ჩემპიონატზე მეტის მიღწევაც შეიძლებოდა, ისევე როგორც წლეულს სლოვენიაში ჩატარებულ ევროპირველობაზე. ერთსაც ვიტყვი – ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში უნდა ჩამოდიოდეს და მუშაობდეს. კოკოშკოვი ბოლო 2 წელია, თებერვლიდან თავისუფალი იყო, თუმცა, თბილისში მაინც არ ჩამოსულა. თუკი უკრაინელთა ავტორიტეტული დამრიგებელი მაიკ ფრატელო კიევში მუშაობს, რატომ არ უნდა მოვთხოვოთ იგივე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც?  

0.11634