სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, უკანახაზელი ლაშა ფარღალავა კარიერას ირანის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე, “ესტეღლალ გეშმიში” გაარგძელებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ფარღალავამ განუცხადა.
“ირანში 22 ოქტომბერს მივემგზავრები, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე დავრჩები. ამის შემდეგ თამაშს იმ გუნდში გავარგძელებ, რომელიც ჩემთვის მისაღებ პირობებს შემომთავაზებს. “ესტეღლალს” სერბი მწვრთნელი ავარჯიშებს და თანაშემწეც თანამემამულე ჰყავს. ფლეი ოფში გასვლის შემთხვევაში “ესტეღლალი” მეორე ლეგიონერის დამატებას აპირებს,” – გვითხრა ფარღალავამ.
შეგახსენებთ, რომ ფარღალავამ 2012-13 წლების სეზონი ბრინჯაოს მედლის მფლობელ “არმიაში” გაატარა, ხოლო 2013-14 წლების სეზონის დაწყება “ოლიმპში” ჰქონდა გადაწყვეტილი.
რაც შეეხება “ესტეღლალ გეშმიშს”, მის რიგებში ქართველ კალათბურთელს, კონკრეტულად კი ცენტრალურ თავდამსხმელ სერგო ათუაშვილს უკვე აქვს ნათამაშები, რომელიც აღნიშნულ გუნდში 2012-13 წლების სეზონში გამოდიოდა.
ირანში სეზონი ნოემბრის დასაწყისში იწყება და აპრილში მთავრდება. რეგულარული ჩემპიონატის მონაწილე გუნდს ერთი ლეგიონერის აყვანის უფლება აქვს. ფლეი ოფში გასულებს შეუძლიათ კიდევ ერთი დაიმატონ.