ფეხბურთი

13:04 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სკონტომ" დვალი “რედინგში" გაყიდა

რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, 18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ინგლისის ჩემპიონლიგის კლუბ “რედინგს” მიყიდა.

ამის შესახებ ლატვიურ ინტერნეტგამოცემა Sportacentrs.com-ს “სკონტოს”  დირექტორმა ასკოლდს ულდრიკისმა განუცხადა. ეს ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ “სკონტოს” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

დვალი რიგის კლუბში ამა წლის ზამთარში გადავიდა, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, “სკონტოში” ოფიციალურად ივლისში ჩაირიცხა. ლატვიის ვირსლიგაში მან სამი მატჩი ჩაატარა, ხოლო ორჯერ უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

აგვისტოში დვალმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო და “სკონტოს” რიგებში აღარ გამოჩენილა. როგორც ახლა გაირკვა, რიგელებმა ახალგაზრდა ქართველი “რედინგში” გაყიდეს.

ულდრიკისის თქმით, დვალის სანაცვლოდ “სკონტოს” დიდი თანხა არ მიუღია.

“ეს თანხა მილიონი არაა” – იუწყება რიგელთა დირექტორის სიტყვებს Sportacentrs.com-ი.

ამჟამად, “რედინგს” 15 ქულა აქვს და ინგლისის 24-გუნდიან ჩემპიონლიგაში მე-7 ადგილი უკავია.

დვალის გაყიდვის შემდეგ, “სკონტოში, რომელიც ლატვიის ჩემპიონატს ლიდერობს, სამი ქართველი ლეგიონერი დარჩა: ირაკლი კლიმიაშვილი, ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი.

0.127587